შფოთვა

შფოთვითი აშლილობა

ზომიერად გამოხატული შფოთვა და შიში ადამიანის ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს: გვიცავს ამა თუ იმ საფრთხისგან და, განვითარებაშიც გვეხმარება. არსებობს ცნება – ბავშვის ნორმალური შიშები; მაგ., ჩვილს 6-8 თვის ასაკიდან უჩნდება უცხო ადამიანის შიში და ეს შიში მას ეხმარება  საკუთარი თავი, ნაცნობი და უცნობი გარემო ერთმანეთისგან განასხვავოს, და ფაქტობრივად – თავისი თავი გამოყოს გარემოსგან, რაც მნიშნელოვანია მისი განვითარებისთვის. მაგრამ, თუ შფოთვა და შიში მაღალი ინტენსივობისაა, განმეორებადია („პერსისტირებს“), და ინტენსივობით არ შეესაბამება/დისპროპორციულია იმ საფრთხისა, რაც გარემოში არსებობს – მაშინ საქმე შფოთვით აშლილობებთან გვაქვს. 

შფოთვითი აშლილობები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე გავრცელებულ კლასს წარმოადგენს. უკანასკნელი კვლევის მონაცემებით, ეს აშლილობები მსოფლიოში, სულ ცოტა, 284 მილიონ ადამიანს აწუხებს, და მსგავსად დეპრესიისა, ქალებში მეტადაა გავრცელებული, ვიდრე კაცებში (GBD, 2017). აშლილობათა ამ კლასისთვის დამახასიათებელია სიმპტომების სხვადასხვა კლასტერი, მაგ., კოგნიტური (ცუდის მოლოდინი, ნეგატიური აზრები, კონცენტრაციის სირთულეები, და სხვ.), მოტორული (დაძაბულობა, კანკალი, კიდურების გაყინვა, თავის ტკივილები და სხვ.), ვეგეტატიური (აჩქარებული გულისცემა, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავში, პირის სიმშრალე და სხვ.).

შფოთვითი აშლილობები აერთიანებს აშლილობის სხვადასხვა ფორმას, მაგალითად: 

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა. ეს კონდიცია გულისხმობს მეტ-ნაკლებად სისტემატურ, ინტენსიურ შფოთვას, სულ მცირე, უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე. აქ წამყვანი სიმპტომებია მოუსვენრობა, დაძაბულობა, ადვილად გაღიზიანებადობა, ადვილად დაღლა/განლევადობა, კონცენტრაციის სირთულეები, ძილის პრობლემები, წუხილი (გამომდინარე ცუდის მოლოდინიდან), მთელი რიგი ფიზიკური სიმტპომები – როგორიცაა, მაგ., კუნთური დაძაბულობა და ტკივილი, და ა.შ. ამ აშლილობისთვის დამახასიათებელია ე.წ. „კატასრტოფიზაცია“ – როდესაც ადამიანი ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ მოვლენებს ან მცირე პრობლემებს აღიქვამს, როგორც გადაჭარბებულად სახიფათოს, საშიშს, კატასტროფული შედეგის მომტანს. გენერალიზებული შფოთვა ხშირად გვხვდება კომორბიდობაში დეპრესიასთან.

პანიკური აშლილობა. ეს კონდიცია გულისხმობს მაღალი ინტენსივობის შფოთვის განმეორებად შეტევებს, რომელიც უფრო ხშირად მოულოდნელად (თვალსაჩინო მიზეზის გარეშე) ხდება. ამგვარი შეტევების დროს ადამიანს შესაძლოა უჩნდებოდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ოფლიანობა, კანკალი, სუნთქვის შეკვრა/შეხუთვა, დახრჩობის განცდა, სიკვდილის შიში, გაგიჟების შიში, საკუთარი თავისგან გაუცხოება (ე.წ. დეპერსონალიზაცია), რეალობის აღქმა არარეალურად (დერეალიზაცია) და ა.შ. პანიკურ შეტევას მოჰყვება შემდგომი შეტევის და მისი შედეგების შიში, რომელიც შესაძლოა კვირების მანძილზე გრძელდებოდეს და წინ უძღოდეს შემდეგ შეტევას. ამის შედეგად, ადამიანი იზღუდავს ქცევით რეპერტუარს. 

აგორაფობია. აქ ადამიანს უჩნდება ინტენსიური შიში ან შფოთვა სახლის გარეთ სხვადასხვა სიტუაციაში ყოფნისას: ღია სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ბევრ ხალხში და ა.შ. მას აქვს ისეთი სიტუაციების შიში, რომელთაც, იმ შემთხვევაში, თუ განუვითარდა პანიკური შეტევა,  ჰგონია, რომ თავს ვერ დააღწევს, ან მას დახმარებას ვერ აღმოუჩენენ. იგი გაურბის ამგვარ სიტუაციებს და შედეგად, იზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას.

სოციალური შფოთვის აშლილობა. ეს მდგომარეობა გულისხმობს ადამიანის შიშს ერთი ან მეტი სოციალური სიტუაციის მიმართ – მაგ., საჯარო გამოსვლა, საუბარი, სხვისი თანდასწრებით რაღაცის კეთება (მაგ., ჭამა). ამას თან ახლავს ისეთი სხეულებრივი რეაქციები, როგორიცაა გაწითლება, ე.წ. „დაფოთვლა“, ოფლიანობა, ხელების გაყინვა, ხელებისა და/ან სხეულის კანკალი და ა.შ. ეს აშლილობა, უფრო ხშირად, მოზარდობაში იწყება, აღიქმება ნორმალურ მორცხვობად და ამის გამო, ხშირად უმკურნალებელი რჩება. აქ ადამიანს აქვს განცდა, რომ ის დამზერის, დაკვირვების, შეფასების (თანაც, უარყოფითი შეფასების) ობიექტია. მას ასევე ჰგონია, რომ თუ ირგვლივმყოფები შეამჩნევენ ნერვიულობას, უარყოფითად შეაფასებენ ამის გამო. შედეგად, იგი ინტენსიურ ნეგატიურ ემოციებს განიცდის სოციალურ სიტუაციაში მოხვედრისას და გაურბის მათ. შესაძლოა, ეს იქამდე მივიდეს, რომ არ ესალმებოდეს მეზობლებს, თანამშრომლებს, გაურბოდეს მათთან კონტაქტს, გარშემო მყოფთაგან აღიქმებოდეს, როგორც არაკეთილგანწყობილი და ა.შ. ამის გამო მას  შესაძლოა შეექმნას პრობლემები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (სწავლა, მუშაობა, პირადი ცხოვრება და ა.შ.).

სპეციფიკური ფობიები. შფოთვითი აშლილობის ამ ფორმის დროს ადამიანს კონკრეტული მოვლენის ეშინია. შიშის ობიექტი შეიძლება იყოს მრავალფეროვანი – დაწყებული კალიებიდან, დამთავრებული სისხლის დანახვითა თუ ლიფტში მგზავრობით, ხოლო თავად შიში კი, თავისი ინტენსივობით, არის დისპროპორციული იმ რისკებისა თუ საფრთხეებისა, რაც შიშის ობიექტის მხრიდან შეიძლება იყოს მოსალოდნელი. შედეგად, ადამიანი გაურბის შიშის ობიექტს, რაც მას უქმნის პრობლემებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

შფოთვითი აშლილობების ადრეული გამოვლენა და ადრეული ჩარევა პრევენციულ როლს ასრულებს და მნიშნელოვანია. მკურნალობისთვის გამოიყენება როგორც ფარმაკოთერაპია, ასევე ფსიქოლოგიური თერაპიები, და მათი კომბინაცია. მსუბუქ შემთხვევებში შესაძლებელია მართული თვითდახმარებაც (როდესაც ადამიანი თავად მუშაობს თავის თავზე, ფსიქოლოგიური სავარჯიშოების საშუალებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ხელშეწყობით).

ავტორი: ჯანა ჯავახიშვილი

წიგნიდან: “მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები

ფსიქიკური ჯამრთელობის შესახებ

ფსიქიკური
ჯამრთელობა

სტრესი

ემოციები და
მათი მართვა

პოზიტიური
მშობლობა

ფსიქოაქტიური
ნივთიერებები

პრობლემური
გემბლინგი

სარელაქციო
ვარჯიშები

კოვიდ-19