ობსესიურ-კომპულსური აშლილობა

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანს ახასიათებს ე.წ. ობსესიები – აკვიატებული აზრები, სურვილები, იმპულსები, ან/და ე.წ. კომპულსიები – აკვიატებული ქცევები. ობსესიები შესაძლოა ეხებოდეს რამე ცუდის მოლოდინს („დავინფიცირდები“), ან რამე ცუდის გაკეთების შიშს („შევაგინებ საჯაროდ უცნობ პირს“) და სხვა. კომპულსიური ქცევა, როგორც წესი, აკვიატებული აზრიდან წამოსული შფოთვის დამშვიდებისთვის ხორციელდება. ეს შესაძლოა იყოს ხელის აკვიატებული ბანა დაინფიცირების შიშის გამო, ან „ყველაფერი რომ კარგად იყოს“ – ქვაფენილის მხოლოდ გარკვეულ ქვებზე დაბიჯებით სიარული. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კარგად ჩანს რომ კომპულსური ქცევა შესაძლოა საერთოდ არ იყოს დაკავშირებული იმ რისკის დაქვეითებასთან, რომელიც ადამიანს აშფოთებს ობსესიური აზრის გამო.    

აკვიატებული აზრები და ქცევა ადამიანის დროის დიდ ნაწილს იკავებს (მაგალითად, ხელის ხანგრძლივი ბანა, ან სახლიდან გასვლამდე დაუსრულებლივ შემოწმება იმისა, არის თუ არა ყველაფერი წესრიგში, და ა.შ.). ამ აშლილობისას ადამიანი ზოგადად გადაღლილია მუდმივი დაძაბულობის, ცუდის მოლოდინისა და რიტუალების შესრულებისგან; მას უჭირს გადაწყვტილებების მიღება, უჩნდება პრობლემები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – სოციალურ ურთერთობებში, სამსახურში და ა.შ. 

ობსესიურ-კომპულსური აშლილობების „ქოლგის“ ქვეშ გამოყოფენ, აგრეთვე, აშლილობის შემდეგ ფორმებს:  

სხეულის დისმორფული აშლილობა. საკუთარი სხეულით უკმაყოფილება თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია, განსაკუთრებით – გარდამავალ ასაკებში (მოზარდობისას და შუა ხნის ასაკში). ეს არ არის დამოკიდებული გარეგნობის ფაქტობრივ პარამეტრებზე, სილამაზესა თუ შეუხედავობაზე, რამდენადაც აღქმა სუბიექტურია. გარდამავალი ასაკის გასვლასთან ერთად, ადამიანი მეტწილად ეგუება და იღებს თავის გარეგნობას. საქმე სხვანაირადაა სხეულის დისმორფული აშლილობის შემთხვევაში. აქ საკუთარი სხეულით ან ამა თუ იმ ნაკვთებით უკმაყოფილება მუდმივ და არაპროპორციულად ინტენსიურ ხასიათს ატარებს. ეს მდგომარეობა გულისხმობს სხეულის განცდის დარღვევას: ადამიანი ადექვატურად ვეღარ აღიქვამს თავის სხეულს და მოცულია წუხილით მის ამა თუ იმ პარამეტრზე. იგი შესაძლოა ამახვილებდეს ყურადღებას სახის ნაკვთებზე, წონაზე (ამ შემთხვევაში შესაძლოა კვებითი აშლილობის თანმხლები იყოს), სხეულის ფორმებზე და ა.შ. ამ აშლილობის ერთი პიკი მოზარდობის ასაკში გვხვდება – როდესაც გარეგნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ხოლო მეორე კი – შუა ხნის ასაკის კრიზისის პერიოდში. ამ უკანასკნელის დროს ადამიანმა შესაძლოა პლასტიკურ ოპერაციებსა და სახისა თუ სხეულის დაუსრულებელი კორექციის მცდელობებს მიმართოს და მნიშვნელოვანწილად დაიზიანოს გარეგნობა და ჯანმრთელობა.

ტრიქოტილომანია. ამ მდგომარეობაში ადამიანს აქვს თმის ამოგლეჯვის დაუოკებელი სურვილი. იგი აკვიატებულად იწიწკნის თმას სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან, განსაკუთრებით, სკალპიდან, წარბებიდან, წამწამებიდან. ეს ამ ადგილებში თმის ცვენას და გამელოტებას იწვევს, რაც დიდ ემოციურ სტრესს უქმნის ადამიანს და ხელს უშლის მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამავე დროს, ის გამუდმებით (უშედეგოდ) ცდილობს ამ ქცევას თავი დაანებოს. 

ექსკორიაციული აშლილობა. აქ ადამიანი სისტემატურად იწვალებს და იზიანებს კანს  და ამავე დროს გამუდმებით (უშედეგოდ) ცდილობს ამ ქცევას თავი დაანებოს. ის ისრისავს გამონაყარს (ან, წარმოდგენით „ხინჯებს“) და მიჰყავს სისხლამდე, რასაც შესაძლოა სერიოზული დერმატოლოგიური პრობლემები მოჰყვეს. 

დამგროვებლობა. აქ ადამიანს უჭირს მისთვის არასაჭირო ნივთების გადაყრა, მათთან განშორება. შედეგად, ეს ნივთები (ცარიელი ქილები, ბოთლები, ძველი ჟურნალ-გაზეთები,  და ა.შ.) დიდი ოდენობით გროვდება მის საცხოვრებელ გარემოში და ბინა, შესაძლოა, იმდენად გადაივსოს, რომ რთული გახდეს გადაადგილება. ეს პრობლემა ხშირად გვხვდება მათთან, ვისაც ასაკთან დაკავშირებული ნეირო-კოგნიტური დარღვევები აქვთ. მაგრამ, შესაძლოა, ეს კონდიცია სხვა მხრივ სრულიად შენახულ ადამიანსაც დაემართოს.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მკურნალობა ეფექტურია. თუმცა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მქონე ადამიანების დიდი ნაწილი დროულად არ ეძებს დახმარებას, და უფრო ხშირად, დაავადების შედარებით გვიანდელ ეტაპზე აკითხავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს. ამდენად, ადრეულ გამოვლენასა და ჩარევას აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მოზარდობის ასაკში პირველი რიგის ჩვენებაა ფსიქოლოგიური თერაპია. ზრდასრულ ასაკში გამოიყენება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფარმაკოთერაპია, ან ორივეს კომბინაცია.

ავტორი: ჯანა ჯავახიშვილი

წიგნიდან: „მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები

ფსიქიკური ჯამრთელობის შესახებ

ფსიქიკური
ჯამრთელობა

სტრესი

ემოციები და
მათი მართვა

პოზიტიური
მშობლობა

ფსიქოაქტიური
ნივთიერებები

პრობლემური
გემბლინგი

სარელაქციო
ვარჯიშები

კოვიდ-19