
რჩევები კრიზისის გაშუქებასთან დაკავშირებით (დევნილთა კრიზისის გაშუქების მაგალითზე)
ალექს ჰანნაფორდი, ჯეს ჰარდი, ჯეისონ პარკინსონი, ქეით რობჯანტი, რანია სალუმი, ჯინი გერინგი
ჟურნალისტები ალექს ჰანნაფორდი, ჯეს ჰარდი, ჯეისონ პარკინსონი და რანია სალუმიესაუბრნენ დარტ ცენტრს (Dart Center) მიგრაციისა და ლტოლვილების შესახებ სიუჟეტების გაშუქების პრობლემებსა და გამოწვევებზე, ხოლო კლინიკურმა ფსიქოლოგმა ქეით რობჯანტმა გაგვიზიარა ტრავმის მსხვერპლთან ინტერვიუს ჩატარების ტექნიკები, ასევე, თვითდახმარების რჩევები მათთვის, ვინც მიმდინარე კრიზისს აშუქებს.
მსოფლიოში 59.5 მილიონი იძულებით ადგილნაცვალი პირია – ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ისტორიის მანძილზე. მსოფლიო ლტოლვილთა ნახევარს ბავშვები წარმოადგენენ. მხოლოდ სირიის ომმა ხალხის ყველაზე დიდი მასობრივი გადაადგილება გამოიწვია II მსოფლიო ომის შემდეგ. ამ მასშტაბის რიცხვები შეიძლება ძნელად აღსაქმელი იყოს და კიდევ უფრო ართულებდეს ლტოლვილებთან დაკავშირებული საერთაშორისო კრიზისის გაშუქებას.
ჯინი გერინგი დარტ ცენტრიდან ესაუბრა ვიზუალური ჟურნალისტიკის წარმომადგენლებს ჯეს ჰარდის და ჯეისონ პარკინსონს, ასევე რანია სალუმს „შპიგელ ონლაინიდან“, დამოუკიდებელ ჟურნალისტს ალექს ჰანნაფორდს და კლინიკურ ფსიქოლოგს ქეით რობჯანტს მიგრაციისა და ლტოლვილების შესახებ ისტორიების გაშუქებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, მათ შორისნდობის დამყარებაზე, სტატისტიკის ჰუმანიზაციაზე და ჟურნალისტად ყოფნის როლთან გამკლავებაზე კრიზისის მძვინვარების პერიოდში. ქვემოთ წარმოგიდგენთ საუბრების მსუბუქად რედაქტირებულ ვერსიას.
ჯინი გერინგი: როგორ ემზადებით ამ დავალებებისათვის?
რანია სალუმი: ყოველთვის ვცდილობ წარმოვიდგინო, რა შეიძლება აღმოჩნდეს განსაკუთრებით რთული ისტორიაში. ამ ზაფხულს, „ლტოლვილთა გზის“ პირველი დავალების წინ, ვივარაუდე, რომ სასოწარკვეთილ ხალხს შევხვდებოდი, ვისაც დახმარება სჭირდებათ, მე კი ბევრი ვერაფრის გაკეთებას შევძლებდი. ამ მოცემულობით, ვშიშობდი, რომ სიტუაციას შეიძლება აგრესიული სახე მისცემოდა. მაგრამ მოვლენები საკმაოდ განსხვავებულად განვითარდა.
ხალხს ამ გზაზე მიზანი აქვს და, ყველა სირთულის მიუხედავად, აქვთ იმედიც. ზოგჯერ სიძნელეები ადამიანებში საუკეთესო თვისებებს ავლენს, და მათი უმრავლესობა ხალისით ესაუბრებოდა ჟურნალისტებს. მათთვის ეს იყო მომენტი, როდესაც ჩვეულებრივ ადამიანად და არა უბრალოდ „ლტოლვილად“ აღიქვამდნენ.
ალექს ჰანნაფორდი: ემოციური ან ფსიქიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულად არ ვემზადები ხოლმე. მომზადების მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება, რომელიც ჩემს ადრინდელ სამუშაოსთან არის დაკავშირებული – მიგრანტების ისტორიის შესახებ რეპორტაჟის მომზადება მექსიკაში. თარჯიმნის პოვნა და რესპონდენტებთან წვდომის ორგანიზება საკვანძო ელემენტებია უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ჯეისონ პარკინსონი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, იცოდე საკუთარი ქვეყნის კანონი იმიგრაციის შესახებ, იმ ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკა, სადაც გიხდება მუშაობა და, რაც ყველაზე მთავარია, საიმიგრაციო კანონმდებლობა იმ ქვეყნებში, სადაც თქვენი მასალები გამოქვეყნდება. უწყინარი ინტერვიუ ან ფოტო შეიძლება ვინმესთვის თავშესაფარზე უარის თქმის მიზეზი გახდეს, ან უარესი –ადამიანი შეიძლება ძალადობას ემსხვერპლოს ან მოკლან კიდეც. ყოველთვის დარწმუნდით, რომ რესპონდენტმა იცის, სად გაშუქდება თქვენი მასალა და რომ მას ესმის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას.
ასევე, ღირს გაეცნოთ ინფორმაციას ნებისმიერი დაავადების ეპიდაფეთქების შესახებ. ეს საშუალებას მოგცემთ წინასწარი ზომების მისაღებად – ინფიცირების და შემდგომ დაავადების სხვებისთვის გადაცემის შანსების მინიმუმამდე დასაყვანად. კანის ინფექციები, გრიპი და დიარეა ყველაზე გავრცელებული შემთხვევებია.
ყოველთვის გქონდეთ წინასწარ შედგენილი გრაფიკი, მაშინაც კი, როდესაც გეგმას წინა ღამით ან უშუალოდ სამუშაო დღის დილას ადგენთ. ეს გეხმარებათ საკუთარი თავისთვის, ჭამისა და წყლის მიღებისთვის დროის გამოყოფაში; თან ატარეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, რეჰიდრაციისათვის განკუთვნილი აბები მარილების დანაკარგის შესავსებად, და მაღალენერგეტიკული საკვები.
სამუშაოს სათანადოდ შესრულებაში ალკოჰოლისგან თავშეკავება მეხმარება. იმის გათვალისწინებით, რომ ტრავმა ნამდვილად ახდენს თქვენზე გავლენას და თქვენი არსების რამხელა ნაწილს დებთ ისტორიაში, ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღებამაც კი შეიძლება დაქანცულობა და დეპრესია გააძლიეროს.
ჯეს ჰარდი: ჩვენ ვიცით, რომ პროცესი მძიმე იქნება. ჩვენ მივმართავთ მედიტაციას, ვცდილობთ კარგად ვიკვებოთ და ვიძინოთ; ვიყოთ ფხიზლად, შევინარჩუნოთ წონასწორობა და დადებითი განწყობა.
ჯ.გ.: ქეით, არსებობს თუ არა გზა, რომელიც ჟურნალისტებს დაეხმარება ლტოლვილთა შესახებ ისტორიის გაშუქებისთვის მომზადებაში?
ქეით რობჯანტი: ტექნიკების უმრავლესობა უბრალოდ საღი აზრიდან გამომდინარეობს. თუ თქვენ ჯანმრთელი ხართ და ზრუნავთ საკუთარ თავზე, უკეთ შეძლებთ სიტუაციასთან გამკლავებას. შეიძლება ისიც დაგეხმაროთ, თუ დაახლოებით მაინც გეცოდინებათ, რა სახის ისტორიებთან მოგიწევთ შეხება. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება თქვენთვის რთულად გადასატანი აღმოჩნდეს სწორედ პირადი მნიშვნელობის მქონე პატარა დეტალი და არა მომხდარი ამბის საერთო მასშტაბი ან მისი ყველაზე მძიმე ნაწილი.
გირჩევთ, ამ დროს ისეთ ვინმეს დაურეკოთ, ვისთანაც დალაპარაკებას შეძლებთ, ან მიმართოთ კოლეგას მხარდაჭერისთვის.
ჯ.გ.: და რა სახით ჯობს იმ კოლეგის მხარდაჭერა, ვინც რთული პერიოდი გამოიარა დავალების შესრულებისას?
კ.რ.: მხარდაჭერა გულისხმობს ადამიანების მოსმენას, გულწრფელობას და ემპათიურობას. თქვენ არ იღებთ პასუხისმგებლობას ამ ადამიანებზე, არამედ, უსმენთ გულისყურით. უმეტეს შემთხვევებში სულ ესაა, რაც მათ სჭირდებათ.
შესაძლოა, თქვენმა კოლეგამ რესპონდენტის მსგავსი სიმპტომების გამომჟღავნება დაიწყოს და ე.წ. „ვიკარიული ტრავმატიზაციის“ მსხვერპლი გახდეს. მან შეიძლება დაიწყოს ადამიანებისთვის, ან ტრავმასთან დაკავშირებული სიტუაციებისთვის, ან საუბრებისთვის თავის არიდება. ასე რომ, მოიკითხეთ ხოლმე კოლეგები, ვინც იცით, რომ ძალიან მძიმე მასალაზე მუშაობს.
ჯ.გ.: არსებობს თუ არა განსხვავება ლტოლვილთა შესახებ სიუჟეტების გადმოცემასა და სხვა ამბების გაშუქებას შორის?
რ.ს.: სხვა სიუჟეტებთან შედარებით, თქვენ უფრო მეტად ხდებით ტრავმული ამბის ნაწილი. ვერ მოიტყუებთ თავს, რომ არ არსებობთ – განსაკუთრებით, თუ საკმარისად ფლობთ საჭირო ენას ადამიანებთან უშუალო საუბრისთვის. წინასწარ დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: რა არის თქვენი როლი? როგორია თქვენი შესაძლებლობის ფარგლები? როდესაც ამის დრო მოვა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ აუხსნათ ხალხს – რის გაკეთება შეგიძლიათ მათთვის და რის – არა.
რასაკვირველია, შეუძლებელია ყველა სიტუაციის წინასწარ განჭვრეტა. მთელ ამ სიტუაციას ვცდილობ ღია გონებით მივუდგე ხოლმე და, როდესაც რამეში ეჭვი შემეპარება, ვკითხო ჩემს თავს: რა იქნება ამ სიტუაციაში ჰუმანური საქციელი? არ მინდა ვიყო ადამიანი, რომელმაც გადაქანცულ ოჯახს რამდენიმე ბოთლი წყალი არ უყიდა, რადგან საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა ჩემს საქმიანობასთან.
ა.ჰ.: ლტოლვილთა ისტორიების გადმოცემა ნამდვილად მოითხოვს ტრავმის რაობის უფრო მაღალ დონეზე გაგებას. გადატანილი ტრავმის გამო, ლტოლვილთა დიდი რაოდენობა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გარკვეული ხარისხის სიმპტომებით იტანჯება, ამიტომ, ცოტა მეტის ცოდნა ტრავმატიზაციის ეფექტებსა და ნიშნებზე ძალიან დამხმარებია ამბის თხრობაში.
ჯ.პ.: ლტოლვილთა ისტორიებს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ნებისმიერი მოწყვლადი პირის ამბავს. მე აღმოვაჩინე, რომ სრული პატივისცემის შენარჩუნებამ, სიკეთის გამოჩენამ და რამდენიმე მარტივი სიტყვისა და ადათ-წესის ცოდნამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.
ჯ.ჰ.: ლტოლვილთა ისტორიების გაშუქებისას ადამიანურ ტრაგედიას ვერ გაექცევით. ეს განსაკუთრებით ჩანს მასობრივ მიგრაციებში, რომელიც ჩვენ მთელ ევროპაში ვნახეთ; ეს ისტორიები ბიბლიურ სცენებს ჰგავდა.
შთამაგონებელია ჰუმანურობა, რომელსაც ადამიანები მსგავსი გასაჭირის პირობებში ინარჩუნებენ, თანაგრძნობა, ხელგაშლილობა და იუმორი. როდესაც ჩვენ სერბეთ-ხორვატიის საზღვარზე ვიყავით, გადაღლილი ხალხისგან საოცარი მეგობრულობა და ოპტიმიზმი იგრძნობოდა. ამ კონტექსტში რთულია ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ზოგი ჩვენი კოლეგის დამოკიდებულების ყურება მედიაში.
ჯ.გ.: ქეით, თქვენი, როგორც კლინიკური ფსიქოლოგის გადმოსახედიდან, არსებობს განსხვავება ლტოლვილთა ისტორიებსა და კონფლიქტთან დაკავშირებულ სხვა ამბებს შორის?
კ.რ.: ადამიანები, რომელთაც თქვენ ესაუბრებით, როგორც ლტოლვილებს, შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ისინი, ვისგანაც თქვენ ინტერვიუს იღებდით კონფლიქტის ზონაში რამდენიმე კვირის ან თვის წინ. ასე რომ, ბევრი თვალსაზრისით, ეს იგივე ადამიანია, უბრალოდ, მოგზაურობის სხვა ეტაპზე. ლტოლვილები, ხშირად, მედეგობის უფრო მაღალ დონეს ამჟღავნებენ, ვიდრე ისინი, ვინც კონფლიქტური ზონიდან წამოსვლა ვერ მოახერხა. ბევრი ფარულად გამოჰყავთ საომარი სიტუაციიდან, ბევრიც ტრეფიკინგის ან ლტოლვილობის მძიმე გზაზე სიკვდილთან მიახლოებული გამოცდილების მსხვერპლი ხდება, და, მე ვფიქრობ, სწორედ აქაა განსხვავება ლტოლვილთა ისტორიებს შორის; სავარაუდოდ, მათი მოგზაურობაც მოიცავდა ტრავმის გარკვეულ ფორმას. ჩვენს ბევრ კლიენტს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა სწორედ მოგზაურობის დროს გადატანილი ამბების გამო, ბევრმა დაკარგა ძვირფასი ადამიანები, რაც არსებითად ზრდის დისტრესის დონეს.
კიდევ ერთი განსხვავება იმაშია, რომ როდესაც ლტოლვილები აქ, გაერთიანებულ სამეფოში, ან ევროპის სხვა ქვეყანაში ჩამოდიან, მათ უსაფრთხოდ ყოფნის მოლოდინი აქვთ; მაგრამ, ყოველთვის ასე არ ხდება ხოლმე. მაგალითად, თუკი ლტოლვილებს ათავსებენ საიმიგრაციო დაკავების ცენტრებში, თავისუფლების შეზღუდვის პირობებში იქაც შეიძლება ტრავმული გამოცდილების გავლა მოუწიოთ.
იმიგრაციის კონტროლის სამთავრობო პროცესებმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს უზარმაზარი ემოციური სტრესი. თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცესები – მაგალითად, „ჰოუმ ოფისის“ (Home Office) წარმომადგენლებთან გასაუბრება, სასამართლოში ჩვენების მიცემა, თავშესაფარზე უარის წერილების კითხვა, უნდობლობა და საცხოვრებლად შეუსაბამო პირობებში დასახლება მცირე ფინანსური რესურსებით – ეს ყველაფერი საფუძვლად ედება გაურკვევლობას, დართავენ თუ არა ადამიანს ქვეყანაში დარჩენის უფლებას, და როდის გადაწყდება მათი ბედი.
ჯ.გ.: რა რჩევა გაქვთ ჟურნალისტებისთვის, ვინც მოგზაურობის დროს ტრავმირებული ადამიანისგან ინტერვიუს იღებს?
კ.რ.: ჟურნალისტმა ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რომ ადამიანს, რომელსაც ესაუბრება, რაიმე სახის კონტროლი მაინც მისცეს – რესპონდენტს უნდა ესმოდეს, რომ ისინი არ არიან მოვალენი უპასუხონ კითხვებს, რომელზედაც პასუხის გაცემა არ სურთ, და რომ ინტერვიუს დასრულება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. მნიშვნელოვანია ამის გამეორება, რადგან ტრავმირებული ადამიანებისთვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს სხვების ნდობა.
ვისაც აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ან მსგავსი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, შეიძლება არ ეხალისებოდეს ტრავმული მოვლენების შესახებ საუბარი. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჟურნალისტები ვერ მიიღებენ სრულად ინფორმაციას, რომლის მოპოვების იმედიც ჰქონდათ.
ტრავმირებული ადამიანები მეტი ალბათობით ისაუბრებენ საკუთარი გამოცდილების შესახებ, თუკი ჟურნალისტის მიმართ ნდობის ჩამოსაყალიბებლად დროს მივცემთ. თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, ყოველთვის ჯობს ინტერვიუ რამდენიმე შეხვედრის მანძილზე გაგრძელდეს, ან რესპონდენტს მოგვიანებით დაკავშირების საშუალება მისცეთ.
ინტერვიუს დროს თქვენ შეიძლება შეეხოთ ისეთ დეტალებს, რომლებიც წარსულის უნებლიე მოგონებებს (ფლეშბექებს) ან სხვა ინტრუზიულ მოგონებებს გამოიწვევს. რესპონდენტები შესაძლოა დაითრგუნონ, დისოცირდნენ ან აღარ გიპასუხონ კითხვებზე. ნუ მოსთხოვთ თქვენს თავს იმის ცოდნას, როდის შეიძლება ეს მოხდეს – ამის წინასწარ განჭვრეტა შეიძლება კლინიცისტისთვისაც რთული იყოს.
ასე რომ, თუ თქვენ რესპონდენტს მძაფრი რეაქცია ექნება, მიეცით დრო ძალების აღსადგენად. ამასობაში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ეცადეთ, თქვენი ქმედებები პროგნოზირებადი იყოს. მაგალითად, ნუ წამოხტებით ფანჯრის გასაღებად, წყლის მოსატანად, ნუ ეცდებით უმალ დახმარებას. ამის ნაცვლად, დაარწმუნეთ თანამოსაუბრე, რომ ის უსაფრთხოდაა, შეახსენეთ, სად იმყოფებით და ვინ ხართ თქვენ; შეეკითხეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ დასახმარებლად. ყოველთვის სჯობს ვთხოვოთ ნებართვა ან შევატყობინოთ ადამიანს, რის გაკეთებას ვაპირებთ.
ჯ.გ.: შეგიძლიათ მაგალითი მოიყვანოთ, რას ნიშნავს რესპონდენტისთვის კონტროლის შეგრძნების უზრუნველყოფა?
კ.რ: მიმდინარე მოვლენების შესახებ ღია კითხვების დასმის ნაცვლად აუხსენით თქვენს თანამოსაუბრეს, რომ მასთან კონკრეტულ საკითხებზე საუბრის იმედი გაქვთ. შემდეგ სთხოვეთ, შეძლებისდაგვარად ბევრი მოგიყვეთ ხსენებული მოვლენის ან თემის შესახებ. მას შემდეგ, რაც რესპონდენტი გაგიზიარებთ ინფორმაციას მისთვის კომფორტულ დონეზე, მონათხრობიდან მნიშვნელოვანი ნაწილების ამოღება უკვე თქვენი მოვალეობა ხდება. ეს ერთ-ერთი გზაა, რომელიც დაგეხმარებათ თავი აარიდოთ რესპონდენტის იძულებას, გაიხსენოს და გაგიზიაროთ მისთვის არასასურველი დეტალები.
ინტერვიუსთვის შეარჩიეთ გარემო, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრავმული მოვლენის სიტუაციისგან, ნუ შეწყვეტთ ამ განსხვავებებზე მათი ყურადღების გამახვილებას, მაგალითად: „ეს მაშინ მოხდა, როდესაც სირიაში იყავით, ახლა ჩვენ ერთად ვართ აქ, საბერძნეთში“. თუ თქვენ მათთან ერთად ხართ ოთახში, ამის გაკეთება მარტივად შეიძლება კარგი განათების და საკმარისი სასმელი წყლის უზრუნველყოფით. ძლიერ სუნსაც კი, მაგალითად, ახლად მოდუღებული ყავის არომატს, შეუძლია დააბრუნონ ისინი აქ და ახლა. ეს გვეხმარება ემოციებთან გამკლავებაში და ინტერვიუს წარმართვაში.
ჯ.გ.: არსებობს თუ არა ტრავმატიზაციის ნიშნები, რომელსაც ჟურნალისტები ინტერვიუს დროს შეიძლება დააკვირდნენ?
კ.რ.: ემოციური დისტრესის ნიშნები შეიძლება საკმაოდ გამოკვეთილი იყოს. თუ რესპონდენტი იწყებს ტირილს, სუნთქვა ხშირდება, ან თუ თქვენ ამჩნევთ, რომ ის კარისკენ ან ოთახში აქეთ-იქით იყურება, ეს შეიძლება ნიშანი იყოს: ადამიანი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს; ან, შესაძლოა, მოგონებები ძლიერ ტრავმულ რეაქციებს იწვევს. ამ დროს, საჭიროა უკან დაიხიოთ და ჰკითხოთ, შეუძლია თუ არა ინტერვიუს გაგრძელება, ან თუ შეგიძლიათ რაიმე გააკეთოთ, რომ მან თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.
თუ თქვენი რესპონდენტი უმიზეზოდ ჩივის, რომ ძალიან დაცხა, ან ითიშება და წყვეტს თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას, ეს შეიძლება დისოცირების ნიშანი იყოს. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია სწრაფად ეცადოთ მათ რეორიენტაციას. დაუსვით აქ და ახლა ყოფნასთან დაკავშირებული კითხვები, როგორიცაა „შეგიძლიათ მითხრათ, სად ხართ? შეგიძლიათ აღწეროთ, როგორ გამოიყურება ოთახი?“ ამგვარი კითხვები უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე ზოგადი კითხვები, როგორიცაა, „კარგად ხართ?“
ჯ.გ.: რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული გამოცდილება, რომელიც ლტოლვილებთან დაკავშირებული ისტორიის მომზადებისას ეხება?
რ.ს.: როდესაც ადამიანის უფლებების შემზარავი დარღვევების მოწმე ვიყავი და სიტუაციის დოკუმენტირების გარდა სხვა არაფრის გაკეთება შემეძლო. მაკედონიის პოლიცია ურტყამდა ლტოლვილებს, მათ შორის ფეხმძიმე ქალებს. ერთ-ერთი ქალი გაცეცხლებული მომიახლოვდა და მე დამადანაშაულა იმის გამო, რომ ძალადობის შეჩერება არ შემეძლო; მადანაშაულებდა იმაში, როგორ ექცეოდნენ ლტოლვილებს. მას ემოციების გამოხატვა სჭირდებოდა და ერთადერთი არა-ლტოლვილი გარშემო მე აღმოვჩნდი. სხვები ჩაერივნენ, ეუბნებოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი – არც მთავრობის და არც გაეროს წარმომადგენელი და ამდენად ბევრი არაფრის გაკეთება შემეძლო. საბედნიეროდ, მისი ოჯახის წევრები მოვიდნენ, დაამშვიდეს და სიტუაციაც განიმუხტა.
ა.ჰ.: რობიელ ჰაბტომის ისტორიაზე მუშაობა − რობიელი ახალგაზრდა ერიტრეელი კაცი იყო, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა. ის ლა-მანშის სრუტის წყლებში დაიხრჩო, როდესაც კალეში ბორნამდე მიცურვას ცდილობდა. მან რთული გზა განვლო; უდაბნოს გადაკვეთისას ლიბიაში დააკავეს, იპოვა სიყვარული, მაგრამ დაიღუპა მოგზაურობის ბოლო საფეხურზე. მე მინდოდა კვალდაკვალ მივყოლოდი მის ნაბიჯებს მეგობრებთან, ნათესავებთან, შეყვარებულთან გასაუბრებით – ყველანი დამეხმარნენ ისტორიის ჰუმანიზებაში, რომელიც, სხვა შემთხვევაში, უბრალოდ სტატისტიკურ მონაცემად გადაიქცეოდა.
ჯ.პ.: ყველაზე რთული და შრომატევადი ხალხის ნდობის მოპოვება და კამერის წინ საუბარში დარწმუნებაა. ეს არ ჰგავს სხვა სამუშაოს, სადაც თქვენ უბრალოდ რთავთ კამერას, აწვებით ღილაკს და იღებთ ჩანაწერს და ხმოვან ფრაგმენტებს. ლტოლვილებთან დაკავშირებულ ნებისმიერ მასალაზე მუშაობისას, ჩემი დროის 80% ადამიანებთან საუბარში და მათთვის საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის გაზიარებაში იხარჯება; ასე ვაგებინებ ჩემს რესპონდენტებს, რომ ისინი ჩემთვის უბრალოდ ხმოვანი მასალის ფრაგმენტებზე მეტს წარმოადგენენ.
მინდა ადამიანებმა იცოდნენ − ამ ისტორიის გაშუქებაზე იმიტომ ვმუშაობ, რომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია. აღწერილი მეთოდი პიროვნულად ბევრს გართმევს შენსა და მოსაუბრეს შორის ბარიერის დარღვევის გამო. ეს ფსიქიკურად საშინლად დამღლელია და, თავის მხრივ, ფიზიკურ გამოფიტვამდე მივყავართ. ამ საკითხებს ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ჯ.ჰ.: გასაშუქებლად ტრაგიკული ისტორია იყო – თითქოს უამრავ ტრავმულ ისტორიას ვისრუტავდი.
მედია საშუალებების მიმართ სრულიად გასაგები უნდობლობა არსებობს, ამიტომ, ნდობის, პატივისცემის და წვდომის მოსაპოვებლად დიდი შრომის გაწევა გიხდება. მრავალი წლის განმავლობაში სიტუაცია ისე გამოიყურებოდა, რომ გაერთიანებული სამეფოდან და საფრანგეთიდან რამდენიმე ერთგული აქტივისტის გარდა საკითხი თითქოს არავის აღელვებდა. მე და ჩემი პარტნიორი ჯეისონ პარკინსონი გასულ ზაფხულს კალეში ვიყავით. სწორედ ამ დროს გაერთიანებულ სამეფოში შემომსვლელი „მიგრანტების ხროვის“ შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების პიკი იყო – იმ პერიოდში გამოყენებული ტერმინები ლტოლვილების დეჰუმანიზაციაზე იყო მიმართული. ჩემთვის ეს ძალზე დამთრგუნველი იყო. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვეცადეთ დადებითი მოქმედებებისა და ცვლილებების დასაწყებად ბრიტანელი საზოგადოებისთვის ადამიანის უფლებების საკითხი წამოგვეწია წინ, ჟურნალისტებმა ისტორიის დღის სულ სხვა წესრიგით გადმოცემა დაიწყეს.
ლტოლვილები დახმარებას გვეხვეწებოდნენ. „მესროლე ან ჩამსვი შენს საბარგულში“ – მითხრა ერთმა სირიელმა ექიმმა. მე დადებით ისტორიებს ვეძებდი ამ „ჯუნგლებში“. გაგვიმართლა და ჩასაჭიდებლად მოვძებნეთ კოლექტიური ქმედებები, რომლებმაც „გაერთიანებულ სამეფოდ“ წოდებული ციხე-სიმაგრე შეარყია. მაგრამ, სახლში დაბრუნების შემდეგ, მაინც სასოწარკვეთის ცარიელი განცდა გაქვს.
მედია ნარატივი საბოლოოდ შეიცვალა აილან ქურდის, საბერძნეთის სანაპიროზე გამორიყული ბავშვის ტრაგიკული ფოტოს გამოქვეყნების და კალეს ლტოლვილთა მიმართ საყოველთაო სოლიდარობის გამოცხადების შემდეგ.
ჯ.გ.: ქეით, როგორ შეიძლება ჟურნალისტებმა დააბალანსონ იმ ადამიანების მოლოდინები, ვისაც ხვდებიან, და თან განაგრძონ ისტორიის გადმოცემაზე მუშაობა?
მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განვსაზღვროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი არა. დაგეხმარებათ საკუთარი თავისთვის საზღვრების მანამდე დაწესება, სანამ სხვების მწუხარება იმდენად ჩაგითრევთ, რომ საქმის გაკეთებას ვეღარ შეძლებთ.
ფსიქოლოგების წრეში აღწერილი სიტუაცია ცნობილი ფენომენია – ჩვენთვის სამუშაოს გავლენაზე მსჯელობა კლინიკური სუპერვიზიის საკითხია. ჟურნალისტიკაში კი ეს თემა სხვანაირად განიხილება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორთა ჯგუფი. ან, უბრალოდ, უნდა გეგულებოდეთ იმავე სფეროში მომუშავე კოლეგა, ვისთანაც თქვენს გამოცდილებებზე საუბარს შეძლებთ.
ჯ.გ.: რა რჩევას მისცემდით სხვა ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ მიგრაციისა და ლტოლვილების შესახებ ამბებს?
რ.ს.: დაინახეთ ადამიანები და არა „ლტოლვილები“. გახსოვდეთ, რომ თქვენი სამუშაოს არსი არ იცვლება. იმუშავეთ თანაგრძნობის და პატივისცემის განცდებით, და არა სიბრალულით და შემწყნარებლური დამოკიდებულებით. კარგად დაფიქრდით საკუთარ მიკერძოებულ განწყობებზე. ნუ ივარაუდებთ, იკითხეთ. და ნუ მოერიდებით რთულ კითხვებს.
მხოლოდ აუცილებელი ნივთები ჩაალაგეთ თან წასაღებად, რადგან ბევრი მოძრაობა მოგიწევთ.
ა.ჰ: ესაუბრეთ სხვა ჟურნალისტებს, რომლებიც ფართოდ აშუქებდნენ ლტოლვილთა კრიზისს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ლტოლვილებთან ინტერვიუს ჩატარების გამოცდილება აქვს. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოიჩინეთ ემპათია.
ჯ.პ.: მოექეცით ლტოლვილებს ისე, როგორც ისურვებდით, რომ ისინი თქვენს ოჯახს მოჰქცეოდნენ; გამოიჩინეთ თავაზიანობა და თანაგრძნობა. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გაზეთებში ამოიკითხავთ. ყოველთვის ღია გონებით მიუდექით საქმეს და თავად გაერკვიეთ ვითარებაში −სწორედ ესაა ჟურნალისტიკა, საკუთარი მიგნებების შესახებ თხრობა, იმის მიუხედავად, რისი მოსმენა სურს საზოგადოებას ან მთავრობას. სხვა ყველაფერი მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხრიკები და პროპაგანდაა.
ჯ.ჰ.: გაეცანით რესურსებს ეთიკური თხრობისა და ტრავმასთან გამკლავების შესახებ. ადამიანების მიმართ თანაგრძნობა გამოიჩინეთ. შეხვდით თანამოაზრე კოლეგებს გამოცდილების გასაზიარებლად.
ჯ.გ.: ქეით, როგორ გგონიათ, კიდევ რას უნდა მიაქციონ ყურადღება ჟურნალისტებმა ლტოლვილთა და მიგრაციის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას?
კ.რ: ადამიანებს, ვისზეც სიუჟეტს ამზადებთ, შეიძლება აშფოთებდეთ ტერმინების „ლტოლვილი“, „თავშესაფრის მაძიებელი“, „მიგრანტი“ ერთმანეთში არევა ან გაერთიანება. ეს სიტუაციები ძალიან განსხვავებულია – უნდა იცოდეთ, რომ იარლიყები საზიანო და შეურაცხმყოფელი შეიძლება აღმოჩნდეს.
ამას გარდა, ისეთი სათაურები, როგორიცაა „მსხვერპლები ათასჯერ გააუპატიურეს“, რა თქმა უნდა, შოკისმომგვრელია, მაგრამ არაფერ სასარგებლოს არ გვეუბნება არც თვით მოვლენაზე, და არც მასში მონაწილე ადამიანებზე. ასეთი რამ ხშირად ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებზე ისტორიის თხრობისას. ფოკუსში სქესობრივი ექსპლუატაცია ექცევა, პიროვნების მრავალწახნაგოვნების, მისი გამოცდილებისა და უფრო ფართო კონტექსტის ნაცვლად.
ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა ამბავი მათ აღდგენა-გაჯანსაღებაზე – როგორ ეცდებიან ისინი მომხდარში საზრისის ჩადებას – ისტორია მათი მომავლის იმედების შესახებ. ჟურნალისტებმა ძალისხმევა უნდა ჩადონ იმ ასპექტებზე დაკვირვებაში, რაც პიროვნებას უნიკალურად აქცევს, და არ წარმოაჩენს მას ერთეულად ტანჯულ მილიონში; მსგავსი ამბები უფრო ღირებულია აუდიტორიისთვის, არ აღვივებს სტერეოტიპებს და მეტ პატივისცემას იჩენს ადამიანის ან ხალხის მიმართ, ვის ამბავსაც ჰყვებით.
პროექტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა მედიის წარმომადგენლებისთვის“ სახელით, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტის სახელობის ცენტრს (Dart Center for Journalism and Trauma) მოცემული მასალის თარგმნის ნებართვისთვის.წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. ამ მასალის შინაარსი ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.







