შიზოფრენია მიეკუთვნება ე.წ. ფსიქოზური აშლილობების რიგს. ფსიქოზისთვის დამახასიათებელია უკიდურესი სუბიექტურობა – შესაბამისად, სინამდვილის სპეციფიკური, არარეალისტური, განსხვავებული აღქმა და შესაბამისი ცვლილებები აზროვნებაში, ემოციებსა და ქცევაში. ერთი მხრივ, ამან შეიძლება ადამიანი უაღრესად საინტერესო შემოქმედებამდე მიიყვანოს, თუკი მას აქვს ხელოვნების ამა თუ იმ ფორმით თავისი მდგომარეობის გამოხატვის უნარი. ამგვარი შემოქმედები იმდენად განსხვავებულ და ორიგინალურ ნამუშევრებს ქმნიან, რომ არაერთი მათგანი თავის ეპოქაში გარღვევას აკეთებს და კვალს ტოვებს ხელოვნების ისტორიაში. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც ვინსენტ ვან გოგი, ხოლო თანამედროვე ცოცხალი მხატვრებიდან – განუმეორებელი იაიოი კუსამა, იაპონელი მხატვარი ქალი. კუსამა ღიად საუბრობს თავისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, არ მალავს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით ცხოვრობს იაპონიის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში (Seiwa Mental Hospital) და თავის საოცარ შემოქმედებას საკუთარი ფსიქიკის მდგომარეობის გამოხატვის გზად მიიჩნევს.

საქართველოშიც გვყავს შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე მხატვრები, რომელთაც შემოქმედება ეხმარება მდგომარეობის მართვაში და რომელნიც არ ზოგავენ ენერგიას, რომ ჩვენს საზოგადოებაში ფსიქიკური პრობელმების მიმართ გაბატონებულ სტიგმას დაუპირისპირდნენ ღია საუბრით ამ დაავადებასა და მასთან გამკლავების საკუთარ გამოცდილებაზე . ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამ ხალხით – თავისი მოღვაწეობით ისინი ჩვენს საზოგადოებას უფრო ჯანსაღს ხდიან.
წინა ქვეთავში დახასიათებულ ფსიქიკურ აშლილობებთან შედარებით, შიზოფრენია ნაკლებად გავრცელებულია. უკანასკნელი კვლევის თანახმად, იგი მსოფლიოში დაახლოებით 20 მილიონ ადამიანს აწუხებს (GBD, 2017). უფრო ხშირად, იგი გვიანდელ მოზარდობასა ან ადრეულ ზრდასრულობაში იწყებს გამოვლენას. დაავადების სურათში, ამ აშლილობისთვის დამახასიათებელი უკიდურესი სუბიექტურობა, შესაძლოა, თავს იჩენდეს ბოდვისა და ჰალუცინაციების სახით. ჰალუცინაციები არარსებულის გაგონებას, დანახვას, შეგრძნებას გულისხმობს, ხოლო ბოდვა – მცდარ, სუბიექტურ აზრებს საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებზე, სამყაროზე.
მწვავე ეპიზოდების დროს ადამიანი შრომისუუნაროა და ვერც სოციალურ ურთიერთობებსა და ყოველდღიურ რუტინას ართმევს თავს. ნათელი პერიოდების დროს ადამიანს შეუძლია სრულფასოვნად ცხოვრება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, თუ მას არ გარიყავენ ფესვგადგმული სტიგმის გამო და შეუქმნიან შესაბამის შესაძლებლობებს. სწორი მკურნალობის პირობებში, ნათელი პერიოდები ხანგრძლივობით შეუდარებლად სჭარბობს გამწვავების ეპიზოდებს.
შიზოფრენიის მკურნალობა ეფექტურია, აქ წამყვანი როლი ფარმაკოლოგიურ მკურნალობას აქვს, მაგრამ ფსიქოსოციალური მხარდაჭერა არანაკლებ მნიშნელოვანია; ასევე, ეფექტურია თანდართული ფსიქოლოგიური თერაპია. ფსიქოსოციალური მხარდაჭერა გულისხმობს დახმარებას დამოუკიდებლად ცხოვრებაში – საცხოვრისით უზრუნველყოფისა თუ დასაქმების გზით. ამ შემთხვევაში, შიზოფრენიის მქონე ადამიანებს ექმნებათ პირობები, რომ ღირსეულად იცხოვრონ.
ავტორი: @ჯანა ჯავახიშვილი
წიგნიდან: „მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები”







