პოსტტრავმული სტრესული აშლილობა

ადამიანის ცხოვრება სავსეა ტრავმული გამოცდილებით. უფრო მეტიც: ფსიქოანალიტიკოს ოტო რანკის მიხედვით, ყველაზე პირველი ტრავმა, რომელსაც ადამიანი განიცდის თავის ცხოვრებაში – დაბადებაა. და ეს მისი სიცოცხლის დასაწყისი, ადამიანური და პიროვნული ქმნადობის აუცილებელი პირობაა. 

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) სტრესთან დაკავშირებული აშლილობების კლასს განეკუთვნება. იგი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაექვემდებარა მატრავმირებელ სტრესორს, რომელიც აღქმულია, როგორც სიცოცხლის მუქარა მის მიმართ ან მის გვერდით მყოფი ადამიანის მიმართ. მატრავმირებლად ითვლება, ასევე, ახლობელი ადამიანის სიკვდილის ან დაშავების შესახებ ტელეფონიდან შეტყობილი ინფორმაცია. ასევე, მატრავმირებელია ადამიანისთვის პროფესიული მოღვაწეობა, თუ ის დაკავშირებულია სხვა ადამიანების გარდაცვალების/დაშავების რეგულარულ შეხებასთან – როგორც ხდება, მაგ., საგანგებო სიტუაციების სამსახურის, სასწრაფოს, სახანძროს, პოლიციის, ჟურნალისტური საქმიანობის შემთხვევაში.

ამერიკის მოსახლეობაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მატრავმირებელი სტრესორების, სულ მცირე, ერთჯერად ზემოქმედებას მოსახლეობის 64% ექვემდებარება (Karam, 2014), მაშინ, როდესაც პოსტტრავმული სტრესული აშლილობების ცხოვრების მანძილზე გავრცელების მაჩვენებელი მერყეობს დაახლოებით 9%-დან 14%-მდე (გარკვეული, ძალადობასთან დაკავშირებული ტრავმების შემთხვევაში ეს მაჩენებელი უფრო მაღალია). ეს იმით აიხსნება, რომ ადამიანებს, ოჯახს, თემს, საზოგადოებას გააჩნიათ სტრესთან გამკლავების პოტენციალი.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობისთვის დამახასიათებელია სიმპტომების რამდენიმე კლასტერი, ესენია:

შემოჭრის სიმპტომები. ადამიანს უნებლიედ აგონდება, ან ესიზმრება, ან ეფიქრება განცდილ მატრავმირებელ გამოცდილებაზე. იგი ვერ აკონტროლებს ამ მოგონებებს, ფიქრებს, მათთან დაკავშირებულ გრძნობებს. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ე.წ. „ფლეშბექს“ – როდესაც ადამიანს უჩნდება განცდა, თითქოს იგი მატრავმირებელ სიტუაციაში იმყოფება, იქ და იმჟამად. ამ დროს ადამიანი რეალობის განცდას კარგავს. ბავშვის შემთხვევაში შემოჭრები ხშირად განმეორებითი ტრავმული თამაშის სახეს ატარებს. ტრავმული თამაში, განსხვავებით ჩვეულებრივი ლაღი ბავშვური თამაშისგან, „საშინელებათა“ ჟანრის ემოციურ ფონს შეიცავს და მოკლებულია ყოველგვარ სილაღეს. ტრავმასთან დაკავშირებული განმეორებითი ქცევა შესაძლოა ზრდასრულსაც განუვითარდეს. ტრავმული შემოჭრები განსაკუთრებით აქტუალიზდება, თუ ადამიანი ტრავმული სიტუაციის მსგავს სიტუაციაში იმყოფება, ან რამე (სუნი, ატმოსფერო, თუ სხვა) მოაგონებს მას ამ სიტუაციას. ამგვარ მოვლენებს ე.წ. „ტრიგერებს“ ანუ „ჩამრთველებს“ ვუწოდებთ.

თავის არიდების სიმპტომები. ამ სიმპტომების აქტუალიზების შემთხვევაში ადამიანი თავს არიდებს იმ სიტუაციებს, ადამიანებს, მოვლენებს, საქმეს, ემოციებს, რაც დაკავშირებული იყო მატრავმირებელ გამოცდილებასთან. ამის გამო, ის შესაძლოა ჩაიკეტოს თავის თავში და თვითიზოლაციაში აღმოჩნდეს, რაც მას შემდგომ ფსიქოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს შეუქმნის. მაგ., მან შესაძლოა შეწყვიტოს სიარული სამსახურში, რომელთანაც დაკავშირებული იყო მატრავმირებელი სიტუაცია; შესაძლოა, ჩამოშორდეს ახლო მეგობართა წრეს, და ა.შ. თავის არიდების სიმპტომები თავს იჩენს, აგრეთვე, გრძნობებისა და ემოციების დონეზე – შესაძლოა, ადამიანს აწუხებდეს ე.წ. ემოციური გაშეშება. მაგალითად, იცის, რომ უყვარს თავისი ოჯახის წევრები, მაგრამ ვერ გრძნობს ამას. 

უარყოფითი ცვლილებები აზრებსა და გუნება-განწყობაში. ადამიანს შესაძლოა შეეცვალოს გრძნობათა სპექტრი და აწუხებდეს გამუდმებული უარყოფითი ემოციური ფონი (მაგ., დაწეული გუნება-განწყობა, შიში, ბრაზი, სირცხვილის განცდა, ბრალეულობის გრძნობა და ა.შ.). მას შესაძლოა დაუქვეითდეს ინტერესები იმის მიმართ, რასაც წინათ აკეთებდა და მოსწონდა; შესაძლოა ვეღარ განიცდიდეს დადებით ემოციებს – სიხარულს, ხალისს, კმაყოფილებას და ა.შ. 

ცვლილებები რეაქციებსა და აგზნებადობაში. ადამიანს, შესაძლოა, მოემატოს შფოთვა, ადვილად კრთებოდეს, ჰქონდეს ბრაზის შეტევები, დაერღვეს ძილი, განუვითარდეს ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები, განახორციელოს თვითდესტრუქციული ქცევა.

თუ აღწერილი უსიამოვნო სიმპტომები უშუალოდ სტრესორის ზემოქმედების შემდგომ იმდენად მწვავეა, რომ ადამიანი ვერ ახერხებს თავის მოვლას და სხვა ყოველდღიური რუტინული საქმიანობის შესრულებას, მაშინ ეჭვი შესაძლოა მწვავე სტრესულ აშლილობაზე მივიტანოთ. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს გადაუდებელი პროფესიული დახმარება ესაჭიროება. 

თუ ზემოთ აღწერილი სიმპტომები ზომიერად არის გამოხატული და არ უშლის ადმიანს ხელს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში, მაშინ, სტრესორის ზემოქმედებიდან ერთი თვის მანძილზე, ეს ჩაითვლება ნორმალურ რეაქციებად იმ არანორმალურ გარემოებებზე, რომელიც ადამიანმა გამოიარა. ამ შემთხვევაში, ადამიანი და მისი ახლობლები უნდა დააკვირდნენ სიმპტომების სიხშირესა და ინტენსივობას. თუ სიმპტომების სიხშირე და ინტენსივობა მცირდება – ეს იმის ნიშანია, რომ მისი ორგანიზმი და ფსიქიკა მტკივნეული გამოცდილების „გადახარშვაზე“ მუშაობენ და სავარაუდოდ, ერთი თვის თავზე სიმპტომები გაქრება. თუ სიმპტომების სიხშირე და ინტენსივობა იმატებს და არ ილევა ერთი თვის თავზეც, ეს შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ  ვითარდება პტსა და მაშინ, ადამიანს პროფესიული დახმარება ესაჭიროება. 

სტრესთან დაკავშირებული აშლილობების პრევენცია და მკურნალობა ეფექტურია, აქ პირველი რიგის ჩვენება – როგორც პრევენციისთვის, ასევე მკურნალობისთვის, არის ფსიქოლოგიური თერაპია, ასევე შესაძლებელია ფარმაკოთერაპია, და ასევე – ორივეს კომბინაცია. მკურნალობის სტრატეგია დამოკიდებულია ტრავმის ხასიათსა და ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და თავისებურებებზე.

ავტორი: ჯანა ჯავახიშვილი

წიგნიდან: „მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები

ფსიქიკური ჯამრთელობის შესახებ

ფსიქიკური
ჯამრთელობა

სტრესი

ემოციები და
მათი მართვა

პოზიტიური
მშობლობა

ფსიქოაქტიური
ნივთიერებები

პრობლემური
გემბლინგი

სარელაქციო
ვარჯიშები

კოვიდ-19