აზარტულ თამაშზე დამოკიდებულება ანუ გემბლინგის აშლილობა

აზარტული თამაში – ეს არის თამაში ფულზე, სადაც მოგება (თუ წაგება) შემთხვევითობის პრინციპს ექვემდებარება. შესაძლებელია, ადამიანი თამაშობდეს აზარტულ თამაშებს და არ იყოს მათზე დამოკიდებული, თუმცა, დამოკიდებულების განვითარების რისკი მაღალია.

გადაიზრდება თუ არა პერიოდულად თამაში თამაშზე დამოკიდებულებად, დამოკიდებულია მთელ რიგ ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე, და ამ ფაქტორების ურთიერთქმედებაზე. ამიტომ, ადამიანმა უფრო ხშირად არ იცის წინასწარ, თუ რამდენად მოწყვლადია ის აზარტული თამაშის მიმართ. აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი გამოსავალია თამაშისგან თავის შეკავება და დროის გატარების სხვა, ბევრად უფრო კონსტრუქციული საშუალებების გამოყენება.

თამაში იწყება ექსპერიმენტირებითა თუ სოციალური მოტივებით, შესაძლოა, ძლიერი შთაბეჭდილებების მიღების სურვილითაც – მოტივაცია სხვადასხვაგვარია. მაგრამ, თუ ადამიანი კარგავს კონტროლს ამ ქცევაზე და განაგრძობს თამაშს შექმნილი პრობლემების მიუხედავად, აქ უკვე ე.წ. „პრობლემურ თამაშთან (გემბლინგთან)“ გვაქვს საქმე. 

თუ ადამიანი პრობლემურ გემბლინგს იმდენად ხშირად მიმართავს, რომ ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან 4 ნიშანი მაინც სახეზეა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, მაშინ ეჭვი უნდა ავიღოთ ე.წ. „თამაშთან დაკავშირებულ (გემბლინგის) აშლილობაზე“:

  • სასურველი ემოციური ეფექტის მისაღწევად სულ უფრო მეტი რაოდენობის თანხაზე თამაში 
  • მოუსვენრობა ან გაღიზიანებადობა, როდესაც ცდილობს შეამციროს ან თავი დაანებოს თამაშს 
  • განმეორებადი წარუმატებელი მცდელობები შეამციროს ან შეწყვიტოს თამაში 
  • ხშირი ფიქრები თამაშის შესახებ (წარსული თამაშის გახსენება ან, მომავალი თამაშის დაგეგმვა, ან ფულის შოვნაზე ფიქრი) 
  • როცა სტრესშია – ხშირი თამაში 
  • წაგების შემთხვევაში მობრუნება კვლავ სათამაშოდ – თამაშით „ფულის დასაბრუნებლად“ 
  • ტყუილების თქმა თამაშში ჩაბმის დასაფარად 
  • თამაშის გამო, მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება ან გაწყვეტა, სამსხურისა თუ სწავლის შესაძლებლობის დაკარგვა 
  • თამაშით გამოწვეული ფულადი პრობლემების გამო პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა.

აზარტულ თამაშზე დამოკიდებულება პირველად 1979 წელს იქნა შეტანილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში (ICD). მაშინ ის გააზრებულ იქნა, როგორც იმპულსების კონტროლის უუნარობის პრობლემა, შემდგომ კი – როგორც ადიქციის (წამალდამოკიდებულების) პრობლემებიდან ერთ-ერთი. 

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დაავადებათა კლასიფიკაციში 2013 წლამდე შესაბამისი დიაგნოზის სახელწოდება იყო „პათოლოგიური გემბლინგი“. მაგრამ, რადგან სიტყვა „პათოლოგიური“ მასტიგმატიზებელია, 2013 წელს გამოცემულ ახალ კლასიფიკაციაში (DSM-5) იგი შეიცვალა სახელწოდებით „გემბლინგის აშლილობა“. 

კიდევ მეტად მასტიგმატიზებელია ტერმინი „ლუდომანია“, რომელიც დღეს საქართველოში გვესმის როგორც საზოგადოების, ასევე პროფესიული თემის მხრიდან. ნებისმიერი სიტყვა, რომელშიც „მანია“ შედის, საზოგადოებას ნეგატიურ განწყობას უჩენს და იმ ადამიანების დისკრიმნაციის საბაბი ხდება, რომელთაც ამ სტიგმას ადებენ. 

ამიტომ, პრობლემები რომ არ დავუმატოთ ადამიანებს, ვისაც ეს აშლილობა აწუხებთ, სასურველია ვილაპარაკოთ „აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ აშლილობებზე“. და თუ მაინცდამაინც ერთი სიტყვით გვსურს სათქმელის გამოხატვა, სასურველია, ნეიტრალური „გემბლინგი“ ვიხმაროთ, ხოლო მასტიგმატიზებელი „ლუდომანია“ და „ლუდომანები“ – ხმარებიდან ამოვიღოთ.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობა ეფექტურია. არსებობს მტკიცებულებითი მეთოდები – კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, მოტივაციური ინტერვიუირება, მაინდფულნესი, ონლაინ მოკლე ჩარევები, და ასევე, ფარმაკოთერაპია. საქართველოში, სამწუხაროდ, ეს საქმე ჯერ არ არის აწყობილი და მკურნალობის შესაძლებლობები შეზღუდულია როგორც ფინანსურად, ასევე გეოგრაფიულად და ასაკობრივად.

ავტორი: ჯანა ჯავახიშვილი

წიგნიდან: „მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები

ფსიქიკური ჯამრთელობის შესახებ

ფსიქიკური
ჯამრთელობა

სტრესი

ემოციები და
მათი მართვა

პოზიტიური
მშობლობა

ფსიქოაქტიური
ნივთიერებები

პრობლემური
გემბლინგი

სარელაქციო
ვარჯიშები

კოვიდ-19