სხეულის სკანირება შესაძლოა გაკეთდეს როგორ მჯდომარე, ასევე დაწოლილ მდგომარეობაში. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი შეძლებისდაგვარად კომფორტულად მოეწყოს, უსაფრთხო ადგილას, შეუძლია დახუჭოს თვალები. ინსტრუქცია შემდეგნაირია (GGIA, 2020):
- გადაიტანეთ ყურადღება თქვენს სხეულზე
- გააკეთეთ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა, იგრძენით როგორ შემოდის სხეულში ჟანგბადი, ამოსუნთქვასთან ერთად როგორ რელაქსირდება სხეული
- შეგიძლიათ, დაუკვირდეთ თქვენს ფეხებს, შეგრძნებებს, რომელიც გამოწვეულია მათი შეხებით იატაკთან (ან, თუ წევხართ – საწოლის ზედაპირთან), მათი წონა – სიმსუბუქე ან სიმძიმე, ტემპერატურა, შესაძლოა პულსაციაც
- შეგიძლიათ, დაუკვირდეთ თქვენს ზურგს – როგორ ეხება სავარძლის (ან, საწოლის) ზედაპირს, შეიგრძნოთ ტემპერატურა
- დაუკვირდით თქვენს მუცელს; თუ დაძაბულია – შეარბილეთ
- დაუკვირდით ხელებს, რას გრძნობთ – ტემპერატურას, პულსაციას… თუ დაძაბულია – შეარბილეთ
- დაუკვირდით თქვენს მკლავებსა და მხრებს, რას გრძნობთ. მიეცით მიეცით მკლავებს შერბილების და მხრებს – მოშვების საშუალება
- დაუკვირდით თქვენს კისერსა და ყელს, რას გრძნობთ, რამდენად მოშვებულია. თუ დაძაბულია, მიეცით მოშვების საშუალება
- დააკვირდით თქვენს სახეს, ქვედა ყბას, სახის კუნთებს – მიეცით მოდუნების საშუალება
- შეიგრძენით მთელი სხეული
- როცა მზად იქნებით – გაახილეთ თვალი.
თუ სხეულის სკანირებაში გავარჯიშებული ხართ, შფოთვის ნიშნების შემჩნევისას შეგიძლიათ, გააკეთოთ სკანირების სავარჯიშო, რომლის დროსაც დააკვირდებით შფოთვის სხეულებრივ გამოხატულებებს; უბრალოდ, გააცნობიერებთ, სად – სხეულის რომელ ნაწილში რას და როგორ გრძნობთ. თვითდაკვირვების შედეგად შფოთვის ინტენსივობა დაიკლებს.
წიგნიდან: ჯანა ჯავახიშვილი (2020) „მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები”







