ბიპოლარული აშლილობა

გუნება-განწყობის ცვლილებები დაწეულიდან აწეულისკენ და პირიქით – ადამიანისთვის ჩვეული ამბავია. ცხოვრებაში მოვლენები სხვადასხვანაირად ვითარდება და ადამიანი შესაბამისად რეაგირებს ცვლილებებზე. ეს რეაქცია ხან პოზიტიურია (კმაყოფილება, სიხარული, აღფრთოვანება და ა.შ.), ხან ნეგატიური (შეშფოთება, დადარდიანება, დამწუხრება და ა.შ.). გუნება-განწყობის ამგვარი რყევა გარკვეული წყობის ხასიათის ადამიანებისთვის უფრო მეტად არის დამახასიათებელი, ვიდრე დანარჩენებისთვის. მაგრამ, თუ გუნება-განწყობის რყევები უფრო ხანგრძლივია, დიდად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და ისეთი მაღალი ინტენსივობისაა, რომ ადამიანს პრობლემებს უქმნის პირად ცხოვრებაში, სოციალურ ურთიერთობებში, სწავლასა თუ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, მაშინ შესაძლოა საქმე ბიპოლარულ აშლილობასთან გვქონდეს. 

ბიპოლარული აშლილობა, დაავადებათა გლობალური ტვირთის უკანასკნელი კვლევის მონაცემებით, მსოფლიოში 45,000 ადამიანს აქვს (GBD, 2017). დეპრესიის მსგავსად, ისიც აფექტური აშლილობების კლასს მიეკუთნება. დეპრესიისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მანიაკალური (ან ჰიპომანიაკალური, ანუ ნაკლები ინტენსივობის მანიაკალური მდგომარეობის) და დეპრესიული ეპიზოდების ურთიერთმონაცვლეობას, მათ შორის ინტერვალებში კი – გუნება-განწყობის მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივ მდგომარეობას (ხშირ შემთხვევაში, გარკვეული ემოციური სიმტპომების თანხლებით). 

გამწვავების ეპიზოდებს შესაძლოა ადგილი იშვიათად ან წელიწადში რამდენჯერმე ჰქონდეს. მანიაკალური ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობად 6 თვე ითვლება. არის შემთხვევები, როცა აშლილობა მიმდინარეობს გამოხატული დეპრესიული ეპიზოდების გარეშე. გარდა ამისა, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ფსიქოტური ეპიზოდების ჩანართებს. ამ შემთხვევაში ადამიანი კარგავს ეფექტურ კონტაქტს რეალობასთან და თავისი სუბიექტური რეალობის კარნახით ცხოვრობს – იქნება ეს ბოდვა, ჰალუცინაცია, თუ სხვა სიმპტომები.

მანიაკალური ან ჰიპომანიაკალური მდგომარეობა გულისხმობს ენერგიის დიდ მოზღვავებას, ზეაქტიურობას, აწეულ გუნება-განწყობას, ან გაღიზიანებადობას, უზომოდ გაზრდილ თვითშეფასებასა და შესაბამის ქცევას. ამ დროს ადამიანი შესაძლოა შეეჭიდოს გრანდიოზულ ამოცანას და რთულ მდგომარეობაში ჩაიგდოს როგორც საკუთარი თავი, ისე ირგვლივმყოფნი.

მიუხედავად იმისა, რომ ბიპოლარული აშლილობა ქრონიკული კონდიციაა, სწორი მკურნალობის პირობებში, თუ ადამიანი მიჰყვება მკურნალობის სქემას და თანამშრომლობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალთან/სერვისთან, მისი მდგომარეობა მართვას ექვემდებარება. ბიპოლარული აშლილობის მქონე ბევრი ადამიანი აქტიური და წარმატებულია, როგორ პროფესიულ საქმიანობაში, ასევე საზოგადოებრივ ასპარეზზე. ეფექტურია ფარმაკოთერაპია კომბინირებული ფსიქოლოგიურ თერაპიასთან და განსაკუთრებით კი – მულტიდისციპლინურ ფსიქოსოციალურ ზრუნვასთან.

ავტორი: ჯანა ჯავახიშვილი

წიგნიდან: „მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები

ფსიქიკური ჯამრთელობის შესახებ

ფსიქიკური
ჯამრთელობა

სტრესი

ემოციები და
მათი მართვა

პოზიტიური
მშობლობა

ფსიქოაქტიური
ნივთიერებები

პრობლემური
გემბლინგი

სარელაქციო
ვარჯიშები

კოვიდ-19