ტრადიციულად, სუიციდი განიხილებოდა, როგორც მძიმე დეპრესიული აშლილობის ან მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის თანმხლები პრობლემა. 2013 წლიდან, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ფსიქიკურ აშლილობათა კლასიფიკაციის მეხუთე გადასინჯვაში სუიციდური ქცევითი აშლილობა ცალკე აშლილობად გამოიყო. იგი არ არის დაკავშირებული რაიმე წინმსწრებ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასა თუ აშლილობასთან და გულისხმობს უკანასკნელი ორი წლის მანძილზე განხორციელებულ თვითმკვლელობის მცდელობას (რომელსაც ადამიანი გადაურჩა). ეს მდგომარეობა არ მოიცავს ე.წ. სუიციდურ იდეაციას (სუიციდურ აზრებს), და არც ისეთ თვითდაზიანებას, რომელიც არ იყო განხორციელებული თვითმკვლელობის მიზნით.
დიაგნოზის გამოყოფის მოტივაცია იყო ჯანდაცვის მუშაკების დახმარება სუიციდის პრევენციაში, რამდენადაც სუიციდის განხორციელებული მცდელობა შემდგომი სუიციდის განხორციელების წინასწარმეტყველი (პრედიქტორი) ფაქტორია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად მსოფლიოში თავს იკლავს დაახლოებით 800,000 ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი იკლავს თავს. დასრულებლი სუიციდის ყოველ ერთ შემთხვევაზე მოდის სუიციდის მცდელობის 20 შემთხვევა (რომელთაც ადამიანი გადაურჩა). 15-დან 29 წლის ასაკამდე ადამიანების ჯგუფში სუიციდი გარდაცვალების რიგით მეორე მიზეზია. თვითმკვლელობების უმრავლესობა (79%) ხდება საშუალო და დაბალშემოსვალიან ქვეყნებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, სუიციდური ქცევითი აშლილობის რისკ-ფაქტორებია: სუიციდის წინარე მცდელობები; თვითდაზიანების ქცევის ისტორია; ოჯახში სუიციდის ისტორია; სხვისი სუიციდური ქცევის შესახებ გაგება/შესწრება/მოწმეობა; ბიპოლარული აშლილობა; მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა, დეპრესია; შიზოფრენია ან შიზოაფექტური აშლილობა; შფოთვა, პანიკური აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა; კვებითი აშლილობა; ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ავადმოხმარება; ძალადობის გამოცდილება ან ძალადობის მოწმეობა; დაბერება; საყვარელი ადამიანის გარდაცვალება; სერიოზული სამედიცინო პრობლემის შესაბამისი დიაგნოზის შეტყობა; სამსახურის შენარჩუნებაში დაურწმუნებლობა, დაბალი კმაყოფილება სამსახურით ან უმუშევრობა; ურთერთობების პრობლემები; სოციალური გარიყვა ან ბულინგი, განსაკუთრებით, კიბერბულინგი.
სუიციდის პრევენცია და მკურნალობა ეფექტურია. ამისთვის საჭიროა მუშაობა ინდივიდუალურ, სათემო და საზოგადოებრვი დონეზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული სუიციდის პრევენციის სტრატეგიებია (WHO, 2020):
- ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
- სუიციდური აზრების მქონე, თუ მცდელობის ჩამდენი ადამიანების ადრეული გამოვლენა და მონიტორინგისთვის მათთან რეგულარული კონტაქტის შენარჩუნება;
- და ბოლოს – „მუშაობა მედიასთან, რათა უზრუნველვყოთ სუიციდის პასუხისმგებლობით გაშუქება“.
ავტორი: ჯანა ჯავახიშვილი
წიგნიდან: „მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები”







