ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული აშლილობები

ხშირად გავიგონებთ მითოლოგიზებულ მსჯელობას, რომ „ნარკომანია ადამიანის არჩევანია“. ეს მცდარი აზრია. წამალდამოკიდებულება ფსიქიკური აშლილობაა და მას ადამიანი იმდენადვე ირჩევს, როგორც, მაგალითად, შაქრიან დიაბეტს, ან ჰიპერტონიას.

საზოგადოების სწორედ ამგვარი მითოლოგიზებული დამოკიდებულების გამო წამალდამოკიდებული ადამიანები დღეს უკიდურესად სტიგმატიზებული არიან ქართულ საზოგადოებაში. სტიგმას უარყოფითი შედეგები მოაქვს პრობლემასთან გამკლავების დონეზე: მკურნალობის ნაცვლად, წამალდამოკიდებული ადამიანები სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან. დღევანდელი კანონმდებლობით, ნარკოტიკების მოხმარება, გარდა კანაფის პრეპარატებისა, კრიმინალიზებულია. თუ ადამიანს, მისი ბიოლოგიური სითხის სწრაფი ტესტის საფუძველზე, წელიწადში პირველად დაუდასტურდა, რომ იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაა, იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ექვემდებარება; თუ იმავე წლის მანძილზე ეს განმეორებით მოხდა – მაშინ ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება. შედეგად, ბევრი წამალდამოკიდებული, მკურნალობის ნაცვლად სასჯელს იხდის ციხეში. 

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ფსიქიკურ აშლილობათა კლასიფიკაციის უკანასკნელი გადახედვის (DSM-5) თანახმად, ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული აშლილობები ადამიანს შესაძლოა დაემართოს ნივთიერებათა 10 ცალკეული ჯგუფის შესაბამისი ნარკოტიკების მოხმარების საფუძველზე. ეს კლასებია: ალკოჰოლი (ლეგალური ნარკოტიკი); კოფეინი; კანაბისი (კანაფი); ჰალუცინოგენები; ინჰალანტები (აქროლადი გამხსნელები – მაგ., წებო); ოპიოიდები; დამამშვიდებელი და საძილე საშუალებები; სტიმულატორები (ამფეტამინის ტიპის ნარკოტიკებისა და კოკაინის ჩათვლით); თამბაქო; და სხვა ან უცნობი ნარკოტიკული საშუალებები (მაგ., სხვადასხვა ახალი ფსიქოაქტიური საშუალება).

ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული აშლილობები, ზემოთ აღწერილი გავრცელებული ფსიქიკური აშლილობების შემდგომ, ფსიქიკური ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. დაავადებათა გლობალური ტვირთის უკანასკნელი კვლევის თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 175 მილიონი წამალდამოკიდებული ადამიანია (GBD, 2017). 

წამალდამოკიდებულების დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების საფუძველზე. თუ ჩამოთვლილთაგან 2-3 სიმპტომს აქვს ადგილი, მაშინ შესაძლოა ვივარაუდოთ აშლილობის მსუბუქი ფორმა, თუ 4-5 სიმტპომს – მაშინ საშუალო, ხოლო თუ ექვსს და მეტს – მაშინ მძიმე:

  • ნივთიერების მიღება უფრო დიდი ოდენობით, ან უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ადამიანს განზრახული ჰქონდა 
  • თავის დანებების წარუმატებელი სურვილი
  • დიდი დროის ხარჯვა ნივთიერებების მოსაპოვებლად, მოსახმარად და მოხმარების შემდგომი მდგომარეობიდან გამოსვლაზე
  • ნივთერების მიღების აკვიატებული სურვილი
  • ნივთიერების მოხმარების გამო სამსახურში, სახლში თუ სკოლაში საქმის ვერკეთება
  • მოხმარების გაგრძელება მაშინაც კი, როდესაც ეს იწვევს პრობლემებს ურთიერთობებში
  • მნიშვნელოვან სოციალურ, პროფესიულ ან რეკრეაციულ აქტივობებზე უარის თქმა ნივთიერებების მოხმარების გამო
  • ნივთიერებების კვლავ და კვლავ მოხმარება, მაშინაც კი, როდესაც ეს საფრთხის შემცველია
  • მოხმარების გაგრძელება იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადამიანმა იცის, რომ ამას მოჰყვება ფიზიკური ან ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ან უარესდება ნივთიერების მოხმარების გამო
  • წინანდელზე მეტი ნივთიერების მიღება სასურველი ეფექტის მისაღწევად
  • აბსტინენციის სიმპტომების გაჩენა, რაც მოიხსნება ნივთიერების კვლავ მიღებით. 

ჩამონათვალიდან თვალსაჩინოა, რომ წამალდამოკიდებულება გულისხმობს ამა თუ იმ ნივთიერებაზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. ფიზიკური დამოკიდებულება ვითარდება იმის საფუძველზე, რომ ნივთიერებათა სისტემატური მოხმარებისას ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო სისტემა (ნერვული სისტემა, გულსისხლძარღვთა სისტემა, საჭმლის მომნელებელი სისტემა, და ა.შ.) გადაეწყობა იმგვარად, რომ თავი დაიცვას გარედან მიღებული ნივთიერებისგან. შედეგად, შეწყვეტის შემთხვევაში ადგილი აქვს ფიზიკურ აბსტინენციას (ე.წ. „ლომკას“), რამდენადაც ორგანიზმს ესაჭიროება დრო და მკურნალობა ნორმალურ ცხოველქმედებაზე გადასაწყობად. 

ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გულისხმობს ნივთიერების მიღების აკვიატებულ, გაუსაძლის სურვილს და ვითარდება უფრო ადრე, ვიდრე ფიზიკური დამოკიდებულება. მისგან განთავისუფლება საჭიროებს ბევრად უფრო ხანგრძლივ მკურნალობას, ვიდრე ფიზიკური დამოკიდებულება. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ხშირად ბოლომდე არ ქრება, რადგან წამალდამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს რეციდივებისა და ნათელი პერიოდების მონაცვლეობა. თუმცა, ნათელი პერიოდი შესაძლოა გაგრძელდეს ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე.  

ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული აშლილობების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია – საშუალოდ, 3-5 წელი სჭირდება. მიდგომა აქაც ბიო-ფსიქო-სოციალურია: ფიზიკური აბსტინენციის მოხსნა, შემდგომ ფსიქოლოგიური თერაპია და, ხანგრძლივი (რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე) ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.

ავტორი: ჯანა ჯავახიშვილი

წიგნიდან: „მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები

ფსიქიკური ჯამრთელობის შესახებ

ფსიქიკური
ჯამრთელობა

სტრესი

ემოციები და
მათი მართვა

პოზიტიური
მშობლობა

ფსიქოაქტიური
ნივთიერებები

პრობლემური
გემბლინგი

სარელაქციო
ვარჯიშები

კოვიდ-19