„ცუდ გუნებაზე ვარ“ გამოთქმა არც ერთი ჩვენგანისთვის არ არის უცხო. დაწეული გუნება-განწყობა ბუნებრივი რეაქციაა ისეთ ცხოვრებისეულ მოვლენებზე, რომელიც დაკავშირებულია დანაკლისთან: საყვარელ ადამიანთან განშორება, გამოცდის ცუდად ჩაბარება, სამსახურის დაკარგვა, უმუშევრობა და ა.შ. ამ თვალსაზრისით, დაწეულ გუნება-განწყობას, უფრო ხშირად, კონკრეტული მიზეზი აქვს. უგუნებოდ მყოფ ადამიანს შეუძლია შვება იგრძნოს, თუ იტირებს, ან რამე სხვა გზით გამოხატავს ემოციებს იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია მისი უგუნებობა (ამას „ემოციურ ვენტილაციას“ ვუწოდებთ). შესაძლოა, მან გამკლავების სხვა გზასაც მიმართოს: გაუზიაროს თავისი წუხილი სანდო ადამიანს, ან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, და ა.შ. დროის მსვლელობასთან ერთად, უგუნებობაც გადის. მაგრამ, თუ დაწეული გუნება-განწყობა არ გადის, ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობაში და ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება – ეს შესაძლოა იყოს დეპრესიის ნიშანი.
დეპრესია აფექტურ აშლილობათა ჯგუფს მიეკუთვნება. მისთვის დამახასიათებელია უგუნებობა, პესიმიზმი, ინტერესებისა და სიამოვნების განცდის მიღების უნარის დაქვეითება, საკუთარ ფასეულობაში დაეჭვება და მთელი რიგი სხვა ემოციური, კოგნიტური, ფიზიკური და ქცევითი სიმპტომები.
დეპრესია იმდენად გავრცელებულ ფსიქიკური ჯანმრთლობის პრობლემაა, რომ ფსიქიატრი სელიგმანი მას „ფსიქიკური ჯანმრთელობის გაციებას“ უწოდებდა (Seligman, 1973). უკანასკნელი გლობალური კვლევის თანახმად, მსოფლიოში დეპრესია, სულ მცირე, 264 მილიონ ადამიანს აწუხებს; მათ შორის მეტი ქალია, ვიდრე კაცი (GBD, 2017). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) მონაცემებით, დეპრესია დღევანდელ მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობებით ცხოვრების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.
შესაძლებელია ერთმანეთისგან განვასხვავოთ დეპრესიის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმები.მსუბუქი ფორმისას ადამიანს შენარჩუნებული აქვს შრომისა და სოციალური ურთიერთობების უნარი. მძიმე ფორმის შემთხვევაში ის, როგორც წესი, შრომისუუნაროა, ვერც სოციალურ ურთიერთობებში ერთვება, უჭირს თავის მოვლა და ყოველდღიური რუტინის შესრულება. მძიმე ფორმის დეპრესიის დროს არსებობს თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობის რისკი.
დეპრესია ზოგჯერ ინიღბება და არათუ არ ეტყობა ადამიანს, არამედ ადამიანი თავადაც შესაძლოა ვერ ხვდებოდეს, თუ რაში მდგომარეობს მისი პრობლემა. ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ხშირია შეცდომის შემთხვევები, როდესაც დეპრესიული აშლილობის მქონე ადამიანს არ უსვამენ დეპრესიის დიაგნოზს; ასევე, არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ადამიანს, რომელსაც არ აქვს დეპრესია, შეცდომით უსვამენ დეპრესიის დიაგნოზს და ანტიდეპრესანტებით მკურნალობენ.
მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილებები ზრდის დეპრესიის განვითარების რისკს. ამიტომ, დეპრესიის გავრცელება უფრო მაღალია პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებებში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანებში. ასევე, ურთიერთკავშირშია დეპრესია და ფიზიკური ჯანმრთელობა – მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადებამ შესაძლოა ადამიანი მიიყვანოს დეპრესიამდე, ხოლო დეპრესიამ კი – გულსისხლძარღვთა დაავადება გამოიწვიოს.
დეპრესიის პრევენცია და მკურნალობა ეფექტურია. პრევენციის დაწყება სასურველია სკოლის მერხიდან, მაგალითად, პოზიტიური აზროვნების წახალისებით, პრობლემების მართვის უნარ-ჩვევების განვითარებით, ფიზიკური ვარჯიშით, და ა.შ. რაც შეეხება მკურნალობას, აქ გამოიყენება როგორც ფსიქოლოგიური თერაპია, ასევე ფარმაკოლოგიური მკურნალობა, ასევე, მათი კომბინაცია. მსუბუქი ფორმის დეპრესიის დროს ფარმაკოლოგიური მკურნალობა არ წარმოადგენს პირველი რიგის რეკომენდაციას – აქ შედეგიანია ფსიქოლოგიური თერაპია და ფიზიკური ვარჯიში.
ავტორი: @ ჯანა ჯავახიშვილი
წიგნიდან: „მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“







