ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია (ტმს) − ახალი სერვისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და სტუდენტების პრაქტიკის ხელშეწყობის მიზნით დანერგა ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის (ტმს) სერვისი. სერვისი ხორციელდება კონკურენტული ინოვაციების ფონდის მხარდაჭერით.

მომსახურება განკუთვნილია ტმს მკურნალობის საჭიროების მქონე პირებისთვის და ამ ეტაპზე მკურნალობა მათთვის სრულიად უფასოა. ამჟამად ილიაუნის ტმს სერვისი ემსახურება მკურნალობისადმი რეზისტენტული დეპრესიის მქონე პაციენტებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის: tms@iliauni.edu.ge


ეფექტიანობა და მკურნალობის კურსის დეტალები

ტმს მკურნალობა რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომელთაც მედიკამენტური თერაპიით ვერ მიიღეს დამაკმაყოფილებელი შედეგი. კვლევების თანახმად, მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ ყოველი მეორე პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად უმჯობესდება, ხოლო ყოველ მესამე პაციენტს სიმპტომები სრულად უქრებათ.

მკურნალობის კურსი:

  • პროცედურის ხანგრძლივობა: 3–40 წუთი დღეში
  • სიხშირე: 5 დღე კვირაში
  • კურსის ხანგრძლივობა: 4–6 კვირა

ყოველი სესიის დასრულების შემდეგ პაციენტი უბრუნდება ყოველდღიურ საქმიანობას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.


როგორ მუშაობს ტმს-ი?

ტმს მკურნალობა ეფუძნება ნერვული სისტემის სტიმულაციას მაგნიტური იმპულსების გამოყენებით. ეს არის არაინვაზიური პროცედურა, ის არ საჭიროებს ინიექციას ან ოპერაციას. არაინვაზიური მეთოდები, როგორც წესი, უვნებელი და უმტკივნეულოა, აღდგენითი პერიოდი კი ხანმოკლეა. ამ თვალსაზრისით, ტმს-ი შეიძლება შევადაროთ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ან ულტრაბგერით დიაგნოსტიკას.


უსაფრთხოება

კლინიკურად დადასტურებულია, რომ ტმს მკურნალობა არის უსაფრთხო პროცედურა. გვერდითი მოვლენები იშვიათია და, უმეტესად, მსუბუქი ხასიათის. ტმს-ი არ იწვევს ისეთ გვერდით ეფექტებს, როგორიცაა წონაში მატება ან სექსუალური დისფუნქცია, რაც ზოგიერთ ფსიქოტროპულ მედიკამენტს ახასიათებს. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მონაცემებით, 10,000 ჩატარებულ სესიაში გულყრის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


შემთხვევები, როდესაც ტმს მკურნალობა არ ინიშნება

ტმს მკურნალობა არ ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

  • ლითონის იმპლანტების არსებობა თავის არეში (მაგალითად, ყურის იმპლანტი)
  • კარდიოსტიმულატორები ან მედიკამენტების ტუმბოები
  • ეპილეფსიური შეტევის ისტორია ან თავის ტრავმა
  • ფსიქოზური ეპიზოდი ან სუიციდის მაღალი რისკი
  • ორსულობა

თუ ზემოაღნიშნული მდგომარეობები არ გახასიათებთ და გესაჭიროებათ ტმს მკურნალობა, შეგიძლიათ მიმართოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს.


დამატებითი ინფორმაცია

სერვისი ხელმისაწვდომია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრში
ელფოსტა: tms@iliauni.edu.ge

შეგიძლიათ გაეცნოთ დამატებით ინფორმაციას ტმს მკურნალობის შესახებ საინფორმაციო მასალებში და ბარათების სერიაში, რომლებიც ეტაპობრივად ქვეყნდება.


ილიაუნი გთავაზობთ ინოვაციურ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მიდგომებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.

საინფორმაციო ფურცელი ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის (ტმს) შესახებ