
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (Committee to Protect Journalists – CPJ): https://cpj.org/2019/03/covering-elections-journalist-safety-kit/
არჩევნების დროს ჟურნალისტები ხშირად აშუქებენ მიტინგებს, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და საპროტესტო აქციებს, რამაც შეიძლება გაზარდოს მათზე თავდასხმის, შევიწროების და დაკავების რისკი. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა შეადგინა „არჩევნების უსაფრთხოების ნაკრები“. ის შეიცავს ინფორმაციას რედაქტორებისთვის, რეპორტიორებისა და ფოტოჟურნალისტებისთვის – როგორ უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის და როგორ უნდა შეამცირონ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ციფრული რისკები.
ჟურნალისტებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: emergencies@cpj.org. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რესურსებისთვის ეწვიეთ CPJ-ის საგანგებო სიტუაციების ვებგვერდს.
ქვემოთ მოცემული მასალის შინაარსი/თემები:
- რედაქტორის მიერ ჟურნალისტების უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად გადასამოწმებელი საკითხები (გვ. 3)
- უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება (გვ. 4)
- ფიზიკური უსაფრთხოება (გვ. 5):
- პოლიტიკური მიტინგებისა და საპროტესტო აქციების გაშუქება
- მტრულად განწყობილ საზოგადოებასთან მუშაობა
- ისეთ ადგილებში მუშაობა, სადაც დანაშაული ხშირია
- ფსიქოლოგიური უსაფრთხოება (გვ. 13):
- ტრავმის, ტრავმასთან დაკავშირებული სტრესის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მართვა
- ციფრული უსაფრთხოება (გვ. 18):
- მოწყობილობის მომზადება პოლიტიკური მიტინგებისთვის
- მასალების დაცვა და შენახვა
- კომუნიკაციის შეფერხებისთვის მომზადება
- კიბერძალადობის და დეზინფორმაციის კამპანიები
უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად რედაქტორის მიერ გადასამოწმებელ საკითხთა ჩამონათვალი
წინასაარჩევნო პერიოდში რედაქტორებმა და ახალი ამბების სტუდიებმა შეიძლება ჟურნალისტებს სიუჟეტების მომზადება დაავალონ, ამას კი წინასწარ შემზადება ესაჭიროება. ჩამონათვალი მოიცავს ძირითად კითხვებს და ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ პერსონალისთვის რისკის შესამცირებლად.
- აქვს თქვენს პერსონალს საკმარისი გამოცდილება დავალების შესასრულებლად?
- განიხილეთ თქვენს თანამშრომლებთან ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ამ დავალების შესრულებაზე?
- გაქვთ ჩაწერილი და უსაფრთხოდ შენახული ყველა თანამშრომლის საგანგებო კონტაქტები?
- აქვს გუნდს შესაბამისი აკრედიტაცია, პრესის საშვი ან წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ ისინი თქვენი ორგანიზაციისთვის მუშაობენ?
- გაითვალისწინეთ სიუჟეტთან დაკავშირებული რისკის დონე, რაც თქვენს გუნდს შეიძლება შეექმნას? მისაღებია რისკის ეს დონე იმ მოგებასთან შედარებით, რასაც რედაქცია მიიღებს?
- რომელიმე ჟურნალისტის როლი, სქესი, ეთნიკური წარმომავლობა, სექსუალური ორიენტაცია ან პროფილი ხომ არ აყენებს მათ უფრო მეტი საფრთხის წინაშე? მაგალითად, ფოტოჟურნალისტებს, რომლებიც აქციის სიახლოვეს მუშაობენ.
- საჭიროა თუ არა რაიმე სპეციალური აღჭურვილობა, მაგალითად, ჯავშანი, რესპირატორი ან სამედიცინო ნაკრები? მიუწვდებათ ხელი ჟურნალისტებს საჭირო აღჭურვილობაზე და იციან თუ არა მისი გამოყენება?
- ჟურნალისტები თავად მართავენ მანქანას? თუ ასეა, არის თუ არა მათი მანქანა გამართული და შესაბამისი?
- დაადგინეთ თუ არა, როგორ დაუკავშირდებით გუნდს და როგორ დააღწევენ ისინი თავს სიტუაციას საჭიროების შემთხვევაში? შეადგინეთ გეგმა, როგორ დაუკავშირდებით პერსონალს, თუკი ინტერნეტის ან/და კომუნიკაციების გათიშვა დაიწყო?
- დაგეგმეთ თუ არა, რას აკეთებთ თქვენი ჟურნალისტების დაკავების ან თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში?
- მოძებნეთ ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც დაზიანების შემთხვევაში მიმართავთ?
- არის გუნდი სწორად დაზღვეული? გაქვთ შესაბამისი სამედიცინო ხარჯები?
- გაითვალისწინეთ თუ არა ტრავმასთან დაკავშირებული ხანგრძლივი სტრესის წარმოქმნის შესაძლებლობა?
- მიიღეს თქვენმა ჟურნალისტებმა ზომები თავიანთი მოწყობილობების დასაცავად, მაგალითად, დაბლოკეს მოწყობილობები პაროლით ან PIN-კოდით? წაშალეს თუ არა შიგთავსი, როგორიცაა კონფიდენციალური წყაროს დოკუმენტები, ფოტოები და საკონტაქტო ინფორმაცია?
- მოემზადეთ თქვენ და თქვენი ჟურნალისტები არჩევნების გაშუქების გამო კიბერძალადობისთვის?
რისკების შეფასება
არჩევნების გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტების დავალებები შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა რისკის შემცველი ღონისძიებების და გარემოებების ფართო სპექტრს. რისკების წერილობით შეფასებებში დოკუმენტირებული უნდა იყოს ჟურნალისტისთვის პოტენციური საფრთხეები, განსაზღვრული იყოს ამ რისკების შემცირების გზები და მოიცავდეს საგანგებო გეგმას გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის. სწორად შეფასებული რისკი ესაჭიროება არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ჟურნალისტს დაეხმარება, თუკი მოვლენები ცუდად განვითარდება. თითოეული შეფასება უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ სიტუაციაზე და ხშირად გადაისინჯოს.
ფიზიკური უსაფრთხოება
ფიზიკური უსაფრთხოება პოლიტიკური მიტინგებისა და საპროტესტო აქციების გაშუქებისას
არჩევნების დროს ჟურნალისტები ხშირად აშუქებენ პოლიტიკურ მიტინგებს, საარჩევნო მოვლენებს და საპროტესტო აქციებს. ზოგადად, ეს სიტუაციები კეთილსაიმედო უნდა იყოს, მაგრამ საარჩევნო კამპანიის კლიმატიდან გამომდინარე, ჟურნალისტები შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.
რისკის შესამცირებლად, მედიის თანამშრომლებმა ქვემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხოების რჩევები უნდა გაითვალისწინონ:
პოლიტიკური ღონისძიებები და მიტინგები
- დარწმუნდით, რომ გაქვთ სწორი აკრედიტაცია ან პრესის წარმომადგენლობის მოწმობა. შტატგარეშე თანამშრომლებს (ე.წ. ფრილანსერები) დასჭირდებათ წერილი დამსაქმებლისგან. გამოაჩინეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უსაფრთხოა. არ გამოიყენოთ კისერზე ჩამოსაკიდებელი ზონარი, მიიმაგრეთ ქამარზე.
- შეაფასეთ ხალხის განწყობა. თუ შესაძლებელია, უკვე ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს დაურეკეთ განწყობის შესაფასებლად. საჭიროების შემთხვევაში სხვა რეპორტიორთან ან ფოტოგრაფთან ერთად წადით.
- ტანსაცმელზე ნუ გექნებათ მედია კომპანიის ბრენდი. საჭიროების შემთხვევაში მოაშორეთ მედიის ლოგოები მოწყობილობებს და სატრანსპორტო საშუალებებს. ჩაიცვით შესაბამისი ფეხსაცმელი.
- გააჩერეთ მანქანა უსაფრთხო ადგილას ისე, რომ საითაც გაქცევის საშუალება იქნება, მანქანაც იქით იყოს მიმართული. ან დარწმუნდით, რომ შერჩეული გაქვთ გარანტირებული ტრანსპორტი.
- თუ სხვა ადგილებში უსაფრთხოება არ არის დაცული, ღონისძიებაზე რეპორტაჟი წაიყვანეთ პრესისთვის განკუთვნილი ზონიდან. გაარკვიეთ, დაგეხმარებათ თუ არა დაცვა ან პოლიცია გაჭირვებისას. გაარკვიეთ, სად არის გასასვლელები.
- გქონდეთ გაქცევის სტრატეგია იმ შემთხვევაში, თუ გარემო მტრულია. შეიძლება ამის დაგეგმვა მისვლისთანავე დაგჭირდეთ. ეს აუცილებლად გააკეთეთ დავალებაზე მუშაობის დაწყებამდე.
- თუ კლიმატი მტრული ხდება, დატოვეთ ტერიტორია, არ გაერიოთ ხალხში შენობის ან ღონისძიების გარეთ და არ დაიწყოთ ხალხის გამოკითხვა.
- გარე ღონისძიებების გაშუქებისას გონივრულია კოლეგასთან ერთად მუშაობა. რეპორტაჟი წაიყვანეთ უსაფრთხო ადგილიდან, რომელსაც აქვს გასასვლელები. დაიმახსოვრეთ თქვენი ტრანსპორტისკენ მიმავალი გზა.
- თუ ფიზიკური თავდასხმა რეალისტური პერსპექტივაა, გაითვალისწინეთ უსაფრთხოების საჭიროება და ადგილზე მხოლოდ ის მინიმალური დრო გაატარეთ, რაც აბსოლუტურად აუცილებელია.
- თუ შეკრებილები ან სიტყვით გამომსვლელები მტრულად არიან განწყობილი მედიის მიმართ, აზრობრივად მოემზადეთ სიტყვიერი შეურაცხყოფის მისაღებად. ასეთ პირობებში, უბრალოდ, გააკეთეთ თქვენი საქმე და წაიყვანეთ რეპორტაჟი. ნუ უპასუხებთ შეურაცხყოფაზე. ნუ ჩაერთვებით ხალხთან დავაში. გახსოვდეთ, რომ თქვენ პროფესიონალი ხართ მაშინაც კი, თუ სხვები არ არიან.
- თუ ბრბოდან მოსალოდნელია შეფურთხება ან მცირე ზომის საგნების სროლა, ხოლო თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ რეპორტაჟის წაყვანა, ჩაიცვით კაპიუშონიანი, წყალგაუმტარი ტანსაცმელი და დაიხურეთ დამცავი ქუდი.
- თუ დავალება რთული იყო, ნუ ჩაიკლავთ ემოციებს – მოუყევით უფროსებს და კოლეგებს. მნიშვნელოვანია, რომ ისინიც მზად იყვნენ და ყველამ ისწავლოს ერთმანეთისგან.
საარჩევნო პროტესტები
- დაგეგმეთ დავალების შესრულება და დარწმუნდით, რომ მობილური ტელეფონი სრულად დატენილია. გამოიკვლიეთ ტერიტორია, სადაც მუშაობას აპირებთ, გაერკვიეთ მდებარეობაში. წინასწარ განსაზღვრეთ, რას გააკეთებდით საგანგებო სიტუაციებში.
- ყოველთვის ეცადეთ, რომ კოლეგასთან ერთად იმუშაოთ; რეგულარულად ჩაატარეთ შემოწმების პროცედურა თქვენს ბაზასთან.
- ჩაიცვით ისეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც სწრაფად მოძრაობის საშუალებას მოგცემთ. მოერიდეთ ფართო ტანსაცმელს და ყელზე ჩამოსაკიდ ზონრებს, რომელთა მოქაჩვაც შესაძლებელია. ასევე მოერიდეთ ნებისმიერ აალებად მასალას (მაგ., ნეილონი). მოერიდეთ პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებული ფერების ან ისეთი ფერების ჩაცმას, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეულ ჯგუფებთან.
- გაითვალისწინეთ თქვენი დგომის პოზიცია. თუ შეგიძლიათ, იპოვეთ ამაღლებული პოზიციები, რომლებიც უფრო მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს (მაგ., სახურავი ან აივანი). სადაც უნდა იყოთ, ყოველთვის დაგეგმეთ ევაკუაციის მარშრუტი; თუ სხვებთან ერთად მუშაობთ, ასევე დაგეგმეთ საგანგებო გარემოებებში შეხვედრის ადგილი. იცოდეთ, სად მდებარეობს სამედიცინო დახმარების უახლოესი პუნქტი.
- თუ მოსალოდნელია ძალადობა, ატარეთ პერსონალური დამცავი აღჭურვილობა (PPE), როგორიცაა უსაფრთხოების სათვალე, უსაფრთხოების ჩაფხუტი და, საჭიროების შემთხვევაში, დამცავი ჟილეტი.
- ყოველთვის შეინარჩუნეთ გარემოებაზე კონტროლი და მინიმუმამდე დაიყვანეთ ღირებული ნივთები, რასაც თან ატარებთ. არ დატოვოთ აღჭურვილობა მანქანებში, რომლებსაც სავარაუდოდ დაამტვრევენ. დაბნელების შემდეგ დანაშაულის რისკი იზრდება.
- თუ ბევრ ხალხში მუშაობთ, დაგეგმეთ სტრატეგია. გონივრულია ხალხის მასის გარეთ დარჩენა. მოერიდეთ შუაში მოქცევას, საიდანაც გაქცევა გაგიჭირდებათ. განსაზღვრეთ გაქცევის მარშრუტი და თუ გუნდურად მუშაობთ, შეთანხმდით საგანგებო გარემოებებში შეხვედრის ადგილზე.
- სანამ ხალხის მასას შეერეოდეთ, შეაფასეთ მომიტინგეების განწყობა ჟურნალისტების მიმართ, ფრთხილად იყავით პოტენციური თავდამსხმელების მიმართ და გაითვალისწინეთ, რომ არ გადააჭარბოთ ხალხში ყოფნის დროს, რადგან მათი დამოკიდებულება ადვილად შეიძლება გადაიზარდოს მტრულ განწყობაში.
- ფოტორეპორტიორებს, როგორც წესი, უფრო ხშირად უწევთ მოვლენების ცენტრში ყოფნა, ამიტომ უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან. ფოტოგრაფებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ ვინმე თანაგუნდელი, რომელიც მათ მუდმივად აქცევს ყურადღებას, ამასთან, თავადაც რამდენიმე წამში ერთხელ აუცილებლად უნდა მოაშორონ თვალი კამერას და გარშემო მიმოიხედონ. დახრჩობის საშიშროების თავიდან ასაცილებლად, კამერის ზონარი არ უნდა ჩამოიცვათ კისერზე. ფოტოჟურნალისტებს არ აქვთ ხოლმე შორი მანძილიდან მუშაობის ფუფუნება, ამიტომ მნიშვნელოვანია ხალხში გატარებული დროის მინიმუმამდე შემცირება. გადაიღეთ საჭირო კადრები და გამოდით.
- ატარეთ პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები, თუ იცით მისი გამოყენება.
აგრესიასთან გამკლავება
- დააკვირდით სხეულის ენას აგრესორის იდენტიფიცირებისთვის და გამოიყენეთ საკუთარი სხეულის ენა სიტუაციის დასამშვიდებლად.
- შეინარჩუნეთ თვალის კონტაქტი აგრესორთან, გამოიყენეთ ხელების გაშლის ჟესტები და ესაუბრეთ დამამშვიდებლად.
- შეინარჩუნეთ გაშლილი ხელის დისტანცია საფრთხისგან. დაიხიეთ უკან და დაშორდით აგრესიის გარეშე. თუ კუთხეში მოგიმწყვდიეს და საფრთხე გემუქრებათ, იყვირეთ.
- თუ აგრესია გაიზრდება, ხელი თავისუფალი გქონდეთ, რომ თავზე აფარება შეგეძლოთ და იმოძრავეთ მოკლე ნაბიჯებით, რათა წაქცევა თავიდან აიცილოთ. თუ გუნდში ხართ, ერთად დარჩით და ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს.
- მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში აგრესიის დოკუმენტირება ჟურნალისტისთვის უმნიშვნელოვანესი საქმეა, ყურადღება მიაქციეთ სიტუაციას და საკუთარ უსაფრთხოებას. აგრესიული ადამიანებისთვის სურათების გადაღებამ შეიძლება სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს.
- თუ მიგიმწყვდიეს, აუცილებლად გადაეცით, რაც თავდამსხმელს სურს. თქვენი სიცოცხლე უფრო ძვირფასია, ვიდრე აღჭურვილობა.
რისკის შემცირება ცრემლსადენი გაზის მოქმედებისას
- ატარეთ ცრემლსადენი გაზის რესპირატორი ან გაზისგან დამცავი ნიღაბი
- ასთმის ან სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირებმა თავი უნდა აარიდონ იმ ადგილებს, სადაც ცრემლსადენი გაზი გამოიყენება. გარდა ამისა, არ არის მიზანშეწონილი კონტაქტური ლინზების გამოყენება. თუ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, გაზის მაღალი კონცენტრაცია დაგროვდება ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერი არ მოძრაობს.
- გაითვალისწინეთ ნებისმიერი შემაღლებული ადგილის არსებობა, როგორიცაა ბოძები და ბორდიურები. ისინი შეიძლება გამოიყენოთ ტერიტორიიდან გასასვლელის მოსაძებნად, თუ მხედველობა გაგიუარესდებათ.
- თუ ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების ქვეშ ხართ, შეეცადეთ იპოვოთ შემაღლებული ადგილი და დადგეთ სუფთა ჰაერზე, რათა ნიავმა გაზი გაფანტოს. არ მოისრისოთ თვალები ან სახე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს სიტუაცია. თუ შესაძლებელია, კანიდან გაზის ჩამოსაბანად ცივი წყალი შეისხით, მაგრამ არ მიიღოთ აბაზანა. ტანსაცმელს შესაძლოა რამდენჯერმე გარეცხვა დასჭირდეს კრისტალების მთლიანად მოსაშორებლად, ან შეიძლება გადააგდოთ კიდეც.
ფიზიკური უსაფრთხოება მტრულად განწყობილ მოქალაქეებთან მუშაობის დროს
ჟურნალისტებს შეიძლება დასჭირდეთ რეპორტაჟის კეთება მედიის მიმართ ან უცხო პირების მიმართ მტრულად განწყობილ ადგილებში ან ჯგუფებთან. ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ჯგუფები აღიქვამენ ისე, თითქოს მედია არ წარმოაჩენს მათ სამართლიანად, ან ნეგატიურად ასახავს მათ. საარჩევნო კამპანიის დროს ჟურნალისტებს შეიძლება დასჭირდეთ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობა მედიის მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებთან.
რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ
- თუ შესაძლებელია, გამოიკვლიეთ ჯგუფი/თემი/საზოგადოება და მისი შეხედულებები. გაარკვიეთ, როგორი იქნება ხალხის რეაქცია მედიის მიმართ და, აუცილებლობის შემთხვევაში, შეეცადეთ დარჩეთ შეუმჩნეველი.
- ჩაიცვით ტანსაცმელი, რომელსაც არ ექნება მედია კომპანიის ბრენდი და საჭიროების შემთხვევაში მოაშორეთ მედიის ლოგოები მოწყობილობას და სატრანსპორტო საშუალებებს. ჩაიცვით შესაბამისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
- იზრუნეთ, რომ გქონდეთ წვდომა ადგილობრივ საზოგადოებაზე. მოწვევის გარეშე ან ვინმესგან გარანტიის გარეშე მისვლამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. დაიქირავეთ ვინმე ადგილობრივი ან მიიღეთ თანხმობა ადგილობრივი საზოგადოების ლიდერის ან ამ საზოგადოებაში რეპუტაციის მქონე პირისგან, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი საქმიანობის კოორდინაციაში. გაარკვიეთ, ვინ არის ძალაუფლების მქონე ადგილობრივი პირი, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ საგანგებო სიტუაციებში.
- პატივისცემით მოეპყარით ინდივიდებს და მათ რწმენას/მოსაზრებებს.
- მოერიდეთ ღამით მუშაობას: რისკი მკვეთრად იზრდება.
- თუ ჯგუფი ავადმოიხმარს ალკოჰოლს ან ნარკოტიკებს, იზრდება არაპროგნოზირებადობის ფაქტორი.
- შეამცირეთ ძვირფასი ნივთების ან/და ფულის რაოდენობა, რომელიც თან გექნებათ. მიიზიდავს ქურდებს თქვენი აღჭურვილობა? თუ მიგიმწყვდევენ, მიეცით, რაც უნდათ. თქვენი სიცოცხლე უფრო ფასეულია, ვიდრე აღჭურვილობა.
- იდეალურ შემთხვევაში, იმუშავეთ გუნდში ან გყავდეთ სარეზერვო ადამიანები. რისკის დონეებიდან გამომდინარე, რეზერვს შეუძლია ახლომდებარე უსაფრთხო ადგილას (სავაჭრო ცენტრი ან ბენზინგასამართი სადგური) დალოდება და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება.
- დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი. გაითვალისწინეთ ტერიტორიის გეოგრაფია და დაგეგმეთ შესაბამისად.
- გააჩერეთ თქვენი მანქანა გასასვლელად მზადყოფნაში. იდეალურ შემთხვევაში მძღოლი მანქანაში უნდა დარჩეს.
- თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალებიდან დისტანციურად მოგიწევთ მუშაობა, იცოდეთ, როგორ დაბრუნდეთ ტრანსპორტში. განსაზღვრეთ გზის მანიშნებელი ადგილები და გაუზიარეთ ეს ინფორმაცია კოლეგებს.
- იცოდეთ, სად წახვალთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროებისას და შეიმუშავეთ გასვლის სტრატეგია.
- თუ რისკი მაღალია, გაითვალისწინეთ უსაფრთხოების საჭიროება. ადგილზე თქვენს და თქვენი აპარატურის დასაცავად დაქირავებული მეთვალყურე შეიძლება აკონტროლებდეს საფრთხის მოახლოებას, სანამ თქვენ სამუშაოზე იქნებით კონცენტრირებული.
- ფოტოს/ვიდეოს გადაღებამდე მიზანშეწონილია ინდივიდისგან თანხმობის მიღება, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, თუ სიტუაციიდან ადვილად არ შეგიძლიათ გასვლა.
- თან ატარეთ პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები, თუ იცით მისი გამოყენება.
- როცა საჭირო მასალა გექნებათ, გამოერიდეთ სიტუაციას და საჭიროზე მეტხანს ნუ დაყოვნდებით. კარგი იქნება, თუ წინასწარ შეათანხმებთ გადაღების შეწყვეტის დროს და თქვენც სწორედ ამ დროს გახვალთ. თუ გუნდის წევრი არაკომფორტულად გრძნობს თავს, ნუ დაკარგავთ დროს საუბარში. უბრალოდ, გაეცალეთ იქაურობას.
- გადაცემამდე/გამოქვეყნებამდე გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა დაგჭირდეთ იმავე ადგილას დაბრუნება. და თუ დაბრუნდებით, იმოქმედებს თუ არა თქვენი რეპორტაჟი თქვენს მიმართ დამოკიდებულებაზე?
ფიზიკური უსაფრთხოება ისეთ ადგილებში მუშაობისას, სადაც ხშირია დანაშაული
ჟურნალისტები შეიძლება გახდნენ დანაშაულის მსხვერპლი სახიფათო ადგილებში მუშაობისას ან დანაშაულის ადგილზე რეპორტაჟის კეთებისას.
რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ
- გამოიკვლიეთ ადგილები, სადაც უნდა იმუშაოთ და იქ შესვლამდე წინასწარ გაერკვიეთ ადგილობრივ დინამიკაში. შესაბამისად ცვალეთ თქვენი გეგმები.
- მოერიდეთ ღამით მუშაობას იმ ადგილებში, სადაც დანაშაულის მაღალი სიხშირე აღინიშნება. თუ რეპორტაჟი მაინც უნდა გააკეთოთ, დარწმუნდით, რომ სხვა ადამიანებიც არიან თქვენთან ერთად.
- გაითვალისწინეთ ტერიტორიის გეოგრაფია ისე, რომ გასასვლელი/შესასვლელი მარშრუტები შეაფასოთ და ნახოთ პოტენციური პრობლემები, როგორიცაა ჩიხები ან ჩაკეტილი ადგილები. ადგილზე მისვლამდე უნდა განისაზღვროს დახმარების ან/და სამედიცინო დაწესებულებების უახლოესი პუნქტები და დადგინდეს მათთან მისასვლელი მარშრუტები.
- შეეცადეთ, არ მიიქციოთ ყურადღება. შეეცადეთ, არ გამოაჩინოთ მდიდრული ნივთები, განსაკუთრებით, სამკაულები ან საათები. არ ატაროთ ძვირადღირებული საგნები, როგორიცაა ფოტოაპარატები და ტელეფონები.
- გადაწყვიტეთ, რამდენია თან სატარებელი ფულის გონივრული ოდენობა და სად უმჯობესია ფულის/საკრედიტო ბარათის მოთავსება.
- უნდა შეეცადოთ სანდო კონტაქტების დამყარებას იმ მხარეში, სადაც აპირებთ მისვლას, რათა შეძლოთ ვინმესგან რჩევისა და დახმარების მიღება.
- არ გამოიყენოთ ტელეფონი ღიად საჯარო ადგილებსა და ქუჩებში.
- ყურადღებით შეარჩიეთ რეპორტაჟის ადგილი. ყოველთვის შეიგულეთ თავისუფალი გასასვლელები, თავშესაფარი და გარშემომყოფები, რომლებიც დაგიცავენ თავდასხმისგან. თუ სიახლოვეს კრიმინალური ელემენტები არიან, აირჩიეთ სხვა მდებარეობა.
- დავალების შესრულების დრო მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. შედით, გადაიღეთ რაც გჭირდებათ, გამოდით. ადგილზე 15-20 წუთზე მეტი ხნით გაჩერება დაუცველობის რისკს ზრდის.
- უნდა არსებობდეს კომუნიკაციის გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეგულარული შემოწმებები დავალებაზე მყოფთა და მათ ძირითად საკონტაქტო პირებს შორის. უნდა არსებობდეს განგაშის პროცედურა.
- დანაშაულის შესახებ რეპორტაჟის კეთებისას გაითვალისწინეთ საზოგადოების/მსხვერპლთა გრძნობები. მოეპყარით მათ პატივისცემით და, თუ ეს შესაძლებელია, დაითანხმეთ ინტერვიუზე ან ფოტოს გადაღებაზე.
- თუ მიგიმწყვდიეს, ზოგადად, მიზანშეწონილია, რომ შეასრულოთ ბოროტმოქმედის მოთხოვნები და არ სცადოთ წინააღმდეგობის გაწევა.
ფსიქოლოგიური უსაფრთხოება
ფსიქოლოგიური უსაფრთხოება: ტრავმის, ტრავმასთან დაკავშირებული სტრესის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (პტსა) მართვა
საარჩევნო ციკლის დროს მედიის თანამშრომლები შეიძლება შეხვდნენ სტრესულ ამბებს ან მოხვდნენ ისეთ სიტუაციებში, რომლებიც იწვევს სტრესს, მეორად ტრავმას ან პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას (პტსა), რისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
- შეურაცხყოფა, შევიწროება ან ონლაინ „ტროლინგი“ რეპორტაჟის შედეგად.
- ძალადობრივ/მტრულ სიტუაციაში მოხვედრა ან ფიზიკური ძალადობა.
- დანაშაულის, პროტესტებისა და უბედური შემთხვევის გამო არსებული ძალადობის ცხადად გამომსახველი სურათები/სცენები, რომლებიც შეიძლება ასახავდეს მძიმედ დასახიჩრებას ან სიკვდილსაც კი.
- გამოუცდელი თანამშრომლები, რომლებიც პირველად ხვდებიან შემაშფოთებელ მასალას.
- შემაშფოთებელი სიტუაცია ან ამბავი, რომელსაც პიროვნული კავშირი აქვს თქვენთან.
მომხმარებლის მიერ ჩაწერილი ცენზურაგაუვლელი მასალის რაოდენობის ზრდამ შექმნა ციფრული ფრონტი.
ჟურნალისტებმა, რომლებიც ათვალიერებენ სიკვდილისა და საშინელებათა მატრავმირებელ გამოსახულებებს, შეიძლება მიიღონ მეორადი ტრავმა, რაც ცნობილია გადამდები (ან გადადებული) ტრავმის სახელით.
მნიშვნელოვანია, ყველა ჟურნალისტმა გააცნობიეროს, რომ ემოციურად მძიმე ინციდენტების/კადრების ნახვის შემდეგ სტრესის განცდა ნორმალური ადამიანური რეაქციაა. ეს არ არის სისუსტის გამოვლინება.
ამას გარდა, სულ უფრო ხშირად აღიარებენ პრობლემად პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას, რასთან გამკლავებაც უწევთ შემაშფოთებელი ამბების გამშუქებელ ჟურნალისტებს. პტსა უფრო ხშირად ასოცირდება კონფლიქტურ ზონებში მომუშავე ჟურნალისტებთან ან ჟურნალისტებთან, რომლებიც არიან სიკვდილის საფრთხის წინაშე ან სხვა საფრთხის შემცველ სიტუაციებში. თუმცა, სხვა შემაშფოთებელ ამბებზე მომუშავე ჟურნალისტსაც შეიძლება განუვითარდეს პტსა-ს სიმპტომები.
ასეთ დღეებში მენეჯმენტმა უნდა უხელმძღვანელოს პერსონალს და გაიზიაროს ზრუნვის პასუხისმგებლობა. ქვემოთ აღწერილი მიდგომა უნდა იქნეს გათვალისწინებული და საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდეს. რამდენად განხორციელდება აღნიშნული ინსტრუქცია, დამოკიდებული იქნება ამბის გარემოებებსა და სიმძიმეზე.
მენეჯმენტისთვის
- დარწმუნდით, რომ გუნდის წევრებმა იციან – მათ შეუძლიათ უარის თქმა მათთვის მიუღებელი დავალების შესრულებაზე. პერსონალი უნდა გრძნობდეს, რომ შეუძლია შეშფოთების გამოხატვა რთულ დავალებებთან დაკავშირებით და ასეთი შეშფოთება უნდა განიხილებოდეს მგრძნობიარედ, პირადი ინფორმაციის დაცვით და დამატებითი შეკითხვების გარეშე. ეს შემთხვევა წარმოადგენს მნიშვნელოვან გამონაკლისს რუტინული დავალებებიდან.
- შეეცადეთ, დავალებები ისე გადაანაცვლოთ ხოლმე, რომ ერთი და იგივე ადამიანები დღეების განმავლობაში მიყოლებით არ მუშაობდნენ რთულ საკითხებზე.
- დარწმუნდით, რომ გუნდის წევრებს აქვთ შესვენებები დავალებებს შორის და შეუძლიათ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა რთულ მასალაზე მუშაობისას.
- დროულად და ხშირად ჰკითხეთ მათ თავს თუ კარგად გრძნობენ – და არა მხოლოდ ტექსტური შეტყობინების ან ელ-ფოსტის საშუალებით. თანამშრომლებს დღეში ერთი-ორჯერ მაინც უნდა შეეხმიანოთ სიტყვიერად, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველამ იცის – თქვენ ხელმისაწვდომი ხართ სასაუბროდ. წახალისებული უნდა იყოს თანამშრომლებს შორის საუბარიც ამ თემაზე.
- თუ თქვენი გუნდი არ არის სრულად ჩართული დავალებაში, გუნდის სხვა წევრები გაუშვით თანაგუნდელების დასახმარებლად; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის გაკეთება სტრესულ პერიოდებში.
- სტრესულ დღეებში შეეცადეთ, აუცილებლად მოაწყოთ დებრიფინგი მანამდე, სანამ თანამშრომლები სამუშაო გარემოს დატოვებენ.
- დებრიფინგის დროს, პასუხისმგებელმა მენეჯერმა უნდა განაცხადოს, რომ ადამიანები შეიძლება შფოთავდნენ გასაშუქებელი ამბის გამო და რომ ასეთი გრძნობები ბუნებრივი რეაქციაა მოკლევადიან პერსპექტივაში (თუ ეს გრძნობები გაგრძელდა დავალების შესრულების შემდგომ და დააქვეითა ცხოვრების ხარისხი, ეს შესაძლოა იყოს იმის ნიშანი, რომ ადამიანს ესაჭიროება პროფესიული დახმარება). თუ პერსონალი დაზარალდა, მათ უნდა ისაუბრონ ამის შესახებ თავიანთ მენეჯერთან. კოლეგებთან საუბარიც დაეხმარებათ.
- თუკი თანამშრომლებს ურჩევნიათ, კონფიდენციალურად ისაუბრონ მიუკერძოებელ კონსულტანტთან, არსებობს თუ არა თანამშრომლების დახმარების პროგრამა ან კონსულტანტი, რომელთანაც შეძლებენ საუბარს?
ყველასთვის
- გახსოვდეთ, რომ ნეგატიური/მძიმე ემოციური რეაქცია ჟურნალისტში შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ პირდაპირმა ძალადობამ ან/და სისხლის დანახვამ, არამედ, ასევე, განსაკუთრებით ემოციური ჩვენების მოსმენამ, ან სიტყვიერმა შეურაცხყოფამ. სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული რამაა რთულად გადასატანი და შემაშფოთებელი, ამიტომ უნდა ვიყოთ მგრძნობიარე ჩვენი თანამშრომლების რეაქციების მიმართ.
- თუ ეს შესაძლებელია, ძილის წინ მოერიდეთ ძალადობის ცხადად ამსახველი კადრების ყურებას ან შემაშფოთებელ ამბავზე მუშაობას. ძილის დარღვევამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენი აღდგენის პროცესს.
- დაისვენეთ, თუ მუშაობდით შაბათ-კვირას, ან მუშაობდით ჩვეულებრივ სამუშაო საათებზე ბევრად მეტ დროს რამდენიმე დღის განმავლობაში, მასალის რედაქტირებისას ან ადგილზე მუშაობისას. შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე აიღოთ დასვენების დღეები, რადგან ეს დრო აღდგენას უნდა დაუთმოთ.
- არ მოგერიდოთ თქვენს გამოცდილებაზე საუბარი. ყველა ადამიანზე ახდენს გავლენას რთული მოვლენები, ძალადობის ცხადად ამსახველი კადრები ან სხვა რთული პირობები. ისაუბრეთ თქვენს მენეჯერთან ან სხვა ხელმძღვანელთან, ან სანდო კოლეგასთან. სასარგებლო იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის კვალიფიციურ პროფესიონალთან საუბარიც.
- ვარჯიში და მედიტაცია დაგეხმარებათ, ისევე, როგორც ჯანსაღი დიეტის დაცვა და წყლის სმა. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების გამოყენება თქვენს გრძნობებთან გასამკლავებლად.
- დაელაპარაკეთ თქვენს რედაქტორს, თუ გადაწყვეტთ შესვენების აღებას კონკრეტული სიუჟეტის კეთებისგან ან ამ სფეროში მუშაობისგან.
რედაქტორებისა და პროდიუსერებისთვის
- არ უყუროთ იმაზე მეტს, ვიდრე გჭირდებათ, ან არ ჩათვალოთ, რომ ვინმეს რამე უნდა დაუმტკიცოთ ამ შემაშფოთებელი კადრების ყურებით. წინასწარ ესაუბრეთ თქვენს ხელმძღვანელს ან მენეჯერს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაამუშაოთ მასალა ისე, რომ მხოლოდ მასალის შემცირების მიზნით თქვენ არ მოგიწიოთ მისი ბევრჯერ ნახვა.
- როცა თქვენს ხელმძღვანელს, მენეჯერს ან გუნდის წევრს აჩვენებთ რაიმე ძალადობის განსაკუთრებულად ცხადად ამსახველ მასალას, ყოველთვის გააფრთხილეთ ისინი. მაგალითად, ჰკითხეთ: „წინააღმდეგი ხომ არ ხარ, უყურო ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია ძალადობრივი თავდასხმის უშუალო შედეგები?“ კადრები ბევრად უფრო შემაშფოთებელია, თუ მაყურებელმა არ იცის, რის ნახვა ელოდება.
- შეიმუშავეთ რუტინა. განსაკუთრებით რთული მასალის ყურებამდე გააკეთეთ რაღაც ისეთი მარტივი, როგორიც არის ორივე ფეხის იატაკზე მყარად დადგმა, ჩვეულებრივზე უფრო ღრმად სუნთქვა. მასალის ყურების შემდეგ გაწელვების კეთება დაგეხმარებათ. იპოვეთ თქვენთვის შესაფერისი რუტინა.
- თუ თქვენ გაქვთ პროექტი, რომელიც მოითხოვს რთულ შინაარსთან ყოველდღიურ კონტაქტს, მაშინ ისაუბრეთ მასზე. აღიარეთ მისი გავლენა თქვენზე და აქტიურად იფიქრეთ იმაზე, როგორ მიხედავთ საკუთარ თავს პროექტის დასრულებისას.
ველზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის
- დაიმახსოვრეთ – სავსებით ნორმალურია, თავს უმწეოდ გრძნობდეთ ან ნერვიულობდეთ, ან იმის განცდა გქონდეთ, რომ მეტის გაკეთება არ შეგიძლიათ ამაღელვებელი ისტორიების გაშუქებისას. აღიარეთ თქვენი გრძნობები კოლეგებთან ან ვინმესთან, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. ამაზე ლაპარაკი უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე თავის არიდება.
თუ განცდები განსაკუთრებით ინტენსიურია:
- ნორმალურია ნერვიულობა ან შფოთვა, ან რთული კადრების გონებაში გამეორება მოვლენის ნახვის შემდეგ. სასარგებლო იქნება იმის აღიარება, თუ როგორ გრძნობთ თავს, ასევე, გარკვეული დროის გამოყოფა დასასვენებლად, თუნდაც ეს მხოლოდ მცირე შესვენება იყოს.
- თუ მოვლენის შემდეგ დღეები და კვირები გავიდა, ეს გრძნობები კი ისევ გაქვთ, უნდა უთხრათ ამის შესახებ თქვენს ხელმძღვანელობას. თუ გრძნობები გერევათ, სჯობს, დროულად მოიძიოთ დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ პროფესიონალებს.
ციფრული (დიგიტალური) უსაფრთხოება
ციფრული უსაფრთხოება: თქვენი მოწყობილობების მომზადება პოლიტიკური მიტინგებისთვის
ჟურნალისტები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას აშუქებენ და ღონისძიებებს ესწრებიან, სავარაუდოდ, გამოიყენებენ ახალი ამბების აპარატურასაც და საკუთარ მოწყობილობებსაც; ეს აპარატურა კი მოპარვის, გატეხის, წართმევის ან ჩხრეკის საფრთხის წინაშეა. ამ შემთხვევაში, ჟურნალისტები, რომლებიც იყენებენ თავიანთ პერსონალურ მოწყობილობებს, უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან, რომ სხვებმა მიიღონ წვდომა მათ პერსონალურ მონაცემებზე, მათ შორის, ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციაზე. გამგზავრებამდე უსაფრთხოების მიზნით საჭიროა ინფორმაციის წაშლა ან ზომების მიღება ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვისთვის.
მოწყობილობების მომზადება: საუკეთესო პრაქტიკა
- გადახედეთ, რა ინფორმაციას ინახავთ თქვენს ტელეფონში ან ლეპტოპში. შექმენით სარეზერვო ასლები და წაშალეთ დოკუმენტები, ფოტო, ვიდეო და სხვა მასალები, რომლებიც შეიცავს თქვენს, თქვენი ოჯახის წევრების ან თქვენი წყაროების პერსონალურ ინფორმაციას.
- გაითვალისწინეთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ისტორიების კვლევის დროს შეგროვებულმა დოკუმენტებმა შეიძლება რისკის ქვეშ დაგაყენოთ, თუ თქვენს მოწყობილობებს გაჩხრეკენ. გადაათვალიერეთ კამერის კადრები და წაშალეთ ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც არ გსურთ, რომ სხვებს ჩაუვარდეს ხელში.
- დააყენეთ თქვენი მოწყობილობები დისტანციური წაშლის რეჟიმზე. მოწყობილობა დისტანციურად წაიშლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაუკავშირდება ინტერნეტს Wi-Fi-ის ან მობილური ინტერნეტის საშუალებით.
- დაიცავით თქვენი ტელეფონი და კომპიუტერი PIN კოდით ან პაროლით. რაც უფრო გრძელია პაროლი, მით უფრო რთული იქნება სხვებისთვის მისი მოხსნა.
- დაფიქრდით, გამოიყენოთ თუ არა ბიომეტრიული მონაცემები თქვენი ტელეფონის დასაბლოკად. ერთი მხრივ, ეს სასარგებლოა, თუ თქვენ გჭირდებათ სწრაფად მიიღოთ წვდომა თქვენს მოწყობილობაზე, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ სხვებს უფრო ადვილად შეუძლიათ თქვენი ტელეფონის გახსნა, თუ სახესთან მოგიტანენ ტელეფონს, ან გაიძულებენ, თითი დააჭიროთ.
- თუ ეს შესაძლებელია, ჩართეთ დაშიფვრა თქვენი ლეპტოპის ან Android ტელეფონისთვის. iPhone-ის უახლეს ვერსიას სტანდარტულად მოჰყვება დაშიფვრის შესაძლებლობა. თქვენი მოწყობილობების დაშიფვრა უზრუნველყოფს, რომ მათი მოპარვის შემთხვევაში, ადამიანები ვერ შეძლებენ თქვენს მონაცემებზე წვდომას პაროლის გარეშე.
- გამოდით თქვენი ანგარიშებიდან და წაშალეთ ინტერნეტის თვალიერების ისტორია. ეს უკეთ დაიცავს თქვენს ანგარიშებს, თუ უცხო ადამიანი თქვენს მოწყობილობას გახსნის.
- გამოდით სისტემიდან და წაშალეთ აპლიკაციები, რომელთა გამოყენება არ გჭირდებათ არჩევნების დროს, განსაკუთრებით ისეთი აპლიკაციები, რომლებიც შეიცავს უამრავ პერსონალურ ინფორმაციას თქვენ შესახებ ან თქვენი ოჯახის შესახებ.
- გაითვალისწინეთ, რომ სხვების საკონტაქტო ინფორმაცია ინახება როგორც თავად ტელეფონში, ისე მოწყობილობასთან დაკავშირებულ ღრუბლოვან საცავში.
- თან გქონდეთ რაც შეიძლება ცოტა მოწყობილობა. თუ თქვენ გაქვთ სათადარიგო ტელეფონი, უმჯობესია, ის იქონიოთ თან და თქვენი პირადი ტელეფონი სახლში დატოვოთ.
ადგილზე: საუკეთესო პრაქტიკა
- სატელეფონო ზარები და SMS-შეტყობინებები შეიძლება ნახონ, ასე რომ, თუ ეს შესაძლებელია, კომუნიკაციისთვის გამოიყენეთ დაშიფრული შეტყობინებების სერვისები, როგორიცაა WhatsApp ან Signal. თუ ეს შესაძლებელია, ისე დააყენეთ, რომ მიღებული შეტყობინებები გარკვეული დროის შემდეგ წაიშალოს.
- თუ პირდაპირ ეთერში გადასცემთ ვიდეოს, იცოდეთ, რომ ეს გასცემს თქვენს ადგილმდებარეობას, რაც ფიზიკურ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.
- შექმენით თქვენი ნამუშევრის სარეზერვო ასლები იმ შემთხვევისთვის, თუ დაგაკავებენ ან თუ თქვენს მოწყობილობებს დაამტვრევენ ან მოიპარავენ.
ციფრული უსაფრთხოება: მასალების დაცვა და შენახვა
მნიშვნელოვანია, არსებობდეს წესები არჩევნების დროს მასალების შესანახად და დასაცავად. თუ ჟურნალისტი დააკავეს, მის მოწყობილობებს წაიღებენ და გაჩხრეკენ, რამაც შეიძლება სერიოზული ზიანი მოუტანოს მას და მის წყაროებს.
შემდეგი ნაბიჯები დაგეხმარებათ საკუთარი თავის და ინფორმაციის დაცვაში:
- გადახედეთ, რა ინფორმაცია ინახება თქვენს მოწყობილობებზე, მათ შორის ტელეფონებსა და კომპიუტერებზე. ყველაფრის, რაც საფრთხეში ჩაგაგდებთ ან სენსიტიურ ინფორმაციას შეიცავს, სარეზერვო ასლი უნდა გაკეთდეს და წაიშალოს. არსებობს წაშლილი ინფორმაციის აღდგენის გზები, ამიტომ ყველაფერი, რაც ძალიან მგრძნობიარეა, უბრალოდ კი არ უნდა წაშალოთ, არამედ სამუდამოდ უნდა წაიშალოს სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
- სმარტფონზე შენახული ინფორმაციის განხილვისას შეამოწმეთ როგორც ტელეფონში შენახული ინფორმაცია (მოწყობილობა), ისე ღრუბლოვან საცავში შენახული ინფორმაცია (Google Photos ან iCloud).
- შეამოწმეთ შეტყობინებების გასაგზავნი აპლიკაციები, როგორიცაა WhatsApp. შეინახეთ ნებისმიერი პოტენციურად სარისკო ინფორმაციის ასლი, შემდეგ კი წაშალეთ იგი. გაითვალისწინეთ, რომ WhatsApp ქმნის ყველაფრის სარეზერვო ასლს თქვენს ანგარიშთან დაკავშირებულ ღრუბლოვან სერვისში, მაგალითად iCloud-ში ან Google Drive-ში.
- მოიფიქრეთ, სად უფრო უსაფრთხოა ინფორმაციის სარეზერვო ასლის შექმნა, ღრუბლოვან საცავში, გარე მყარ დისკზე თუ USB-ზე.
- რეგულარულად გადაიტანეთ მასალა თქვენი მოწყობილობებიდან თქვენ მიერ არჩეულ შესანახ სივრცეში. ეს უზრუნველყოფს, რომ თუ თქვენი მოწყობილობები ჩამოგართვეს ან მოიპარეს, ინფორმაციის ასლი გექნებათ.
- დაშიფრეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის სარეზერვო ასლსაც შექმნით, გარე მყარი დისკის ან USB-ის დაშიფვრით. გადახედეთ ადგილობრივ კანონმდებლობას, რათა გაიგოთ, რამდენად კანონიერია დაშიფვრის გამოყენება.
- თუ ეჭვობთ, რომ თქვენ შესაძლოა სამიზნე იყოთ და მოწინააღმდეგეს თქვენი მოწყობილობების, მათ შორის გარე მყარი დისკების მოპარვა უნდა, მაშინ მყარი დისკი სახლში ნუ გექნებათ – სხვა ადგილას შეინახეთ.
- დაიცავით თქვენი ტელეფონი და კომპიუტერი PIN კოდით ან პაროლით. რაც უფრო გრძელია პაროლი, მით უფრო რთულია სხვებისთვის მისი მოხსნა.
- დააყენეთ თქვენი ტელეფონი ან კომპიუტერი დისტანციური წაშლის რეჟიმზე. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, დისტანციურად წაშალოთ თქვენი მოწყობილობებიდან ყველაფერი, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ ჩამოგართმევთ. მოწყობილობა დისტანციურად წაიშლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაუკავშირდება ინტერნეტს.
ციფრული უსაფრთხოება: მომზადება კომუნიკაციის ჩახშობისთვის
კომუნიკაციის ჩახშობა ხშირად ხდება საარჩევნო პერიოდში. საკუთარი თავის და თქვენი პერსონალის წინასწარ მომზადება შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდეს კავშირზე დარჩენისა და რეპორტაჟის გასაგრძელებლად.
კომუნიკაციის ჩახშობისთვის მზადება
- გამოიცანით, როდის მოხდება ინტერნეტის ან კომუნიკაციების გათიშვა. სავარაუდოდ, ეს მოხდება სამოქალაქო არეულობის, საპროტესტო გამოსვლების და საარჩევნო პერიოდებში. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა უფრო ხშირი იყოს ინტერნეტის შეზღუდვა, ვიდრე სხვა რეგიონებში.
- ახალი ამბების სტუდიაში და კოლეგებთან ერთად დაგეგმეთ, როგორ მოიქცევით სრული გათიშვის სიტუაციაში. შექმენით გეგმა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, სად და როდის უნდა შეხვდეთ პირადად უსაფრთხოდ, როგორ ჩაიწერთ და გადასცემთ ინფორმაციას რედაქტორებს ინტერნეტის გამოყენების გარეშე. იფიქრეთ საკონტაქტო ინფორმაციის ტელეფონით გაზიარებაზე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სატელეფონო ზარები დაუცველია და არ უნდა იქნას გამოყენებული მგრძნობიარე თემებზე საუბრებისთვის. დაგეგმეთ, როგორ დაუჭერთ მხარს კოლეგებს, რომლებიც ისეთ რეგიონში ან ადგილას შეიძლება ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, რომელიც სავარაუდოდ დაზარალდება გათიშვის გამო.
- ამობეჭდეთ ონლაინ ვებგვერდებიდან ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ გათიშვის დროს.
- გადაეცით პერსონალს USB ან CD-დისკები მონაცემთა შესანახად გათიშვის შემთხვევაში.
- მოიძიეთ ადამიანები ან სერვისები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ინტერნეტზე წვდომა ინტერნეტის გამორთვის დროს, მაგალითად, საელჩოს თანამშრომლები ან ბანკები. წინასწარ დაუკავშირდით მათ, რათა გაიგოთ, შეძლებენ თუ არა თქვენთვის ინტერნეტის მოწოდებას.
სწორად აირჩიეთ ინსტრუმენტები
ონლაინ ინსტრუმენტები და სერვისები დაუცველია და მათი უსაფრთხოება ადვილად ირღვევა. ჟურნალისტებს ვურჩევთ, მიიღონ ციფრული უსაფრთხოების შესახებ უახლესი ინფორმაცია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება კომუნიკაციის ინსტრუმენტებს, როგორიცაა შეტყობინებების გასაგზავნი აპლიკაციები (ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები განახლდა 2022 წლის ივლისში).
- ჩამოტვირთეთ და დააყენეთ VPN სერვისები, რომლებიც დაგეხმარებათ ნაწილობრივი გათიშვის დროს დაბლოკილ ვებგვერდებზე წვდომაში. ინტერნეტ-სერვისის პროვაიდერები ხშირად ბლოკავენ VPN-იებს, ამიტომ რეკომენდებულია რამდენიმე ვარიანტის ქონა. VPN ვერ დაგეხმარებათ ინტერნეტის სრული გათიშვის დროს. გადახედეთ კანონს VPN-ის გამოყენებასთან დაკავშირებით იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ ცხოვრობთ და მუშაობთ.
- სხვებთან დაკავშირების ერთზე მეტი მეთოდი გამოიყენეთ. სხვადასხვა საკომუნიკაციო აპლიკაციის ჩამოტვირთვა და დაყენება ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ სხვა სერვისზე გადახვიდეთ, თუ რომელიმე დაიბლოკება. გაითვალისწინეთ უსაფრთხოების ხარვეზები, რომლებიც სხვადასხვა აპლიკაციებს ახასიათებს. მაგალითად, ზოგიერთ სერვისს არ აქვს დაშიფვრა ჩართული და თქვენ უნდა ჩართოთ. ინტერნეტის გათიშვის დროს შეიძლება იძულებული გახდეთ, კომუნიკაციისთვის უფრო დაუცველი საშუალებები გამოიყენოთ, როგორიცაა SMS, ასე რომ, დაფიქრდით, გააზიარებთ თუ არა დაცულ მონაცემებს.
- ისწავლეთ, როგორ შეძლებთ მონაცემების გაზიარებას Bluetooth-ის, WiFi Direct-ისა და ახლო ველის კომუნიკაციის (NFC) გამოყენებით. ეს მეთოდები საშუალებას გაძლევთ, დააწყვილოთ თქვენი ტელეფონი სხვასთან ინფორმაციის გადასაცემად და ამისთვის არ გჭირდებათ ინტერნეტზე წვდომა. ეს საშუალებები შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი ტელეფონის პარამეტრების განყოფილებაში. ივარჯიშეთ მათ გამოყენებაში, სანამ დაგჭირდებათ და გაეცანით მათ ნაკლოვან მხარეებს ფაილების გაზიარებისას.
- ჩამოტვირთეთ და დააყენეთ ერთმანეთთან მიმოწერის ხელსაწყოები, როგორიცაა Briar. Briar არის სრულიად დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაცია, რომელიც მუშაობს ინტერნეტით, WiFi Direct-ით და Bluetooth-ით. Bridgefy-ს Briar-თან შედარებით ნაკლები უსაფრთხოების ფუნქციები აქვს, მაგრამ უფრო დიდ მანძილზე მუშაობს.
- საერთაშორისო SIM ბარათი როუმინგით ან სატელიტური ტელეფონით მოგცემთ ინტერნეტზე წვდომას. ეს ფუნქციები ძვირია და შეიძლება წინასწარი თანხმობის მიღება დაგჭირდეთ ხელისუფლებისგან მათი იმპორტისა და გამოყენებისთვის. გაითვალისწინეთ უსაფრთხოების რისკები ამ სერვისების გამოყენებისას, განსაკუთრებით, თქვენი ადგილმდებარეობის თვალთვალის შესაძლებლობა.
კომუნიკაციების გათიშვის დროს
- როდესაც გათიშვის დროს აკეთებთ რეპორტაჟს, შესაძლოა უფრო დაუცველი გახდეთ და გაადვილდეს თქვენი დაკავება – ეს გარემოებებზეა დამოკიდებული. დარწმუნდით, რომ თქვენს მოწყობილობებში არ გაქვთ რაიმე სენსიტიური ინფორმაცია ისეთ გარემოებებზე, რამაც შეიძლება საფრთხე შეგიქმნათ თქვენ ან სხვებს.
- მაშინაც კი, როდესაც რეალურ დროში რეპორტაჟის კეთება რთულია, თქვენ მაინც შეძლებთ მომხდარის დოკუმენტირებას. გამოიყენეთ USB ან CD დისკები, თუ შესაძლებელია, დაშიფრული, მონაცემების შესანახად და კოლეგებისა და რედაქტორებისთვის გადაცემისათვის. გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ მოწყობილობებზე შენახული ინფორმაცია არ არის დაშიფრული, მასზე წვდომას შეძლებს ხელისუფლება თქვენი დაკავების შემთხვევაში.
- გააზიარეთ ფაილები მოწყობილობებს შორის Bluetooth-ის, WiFi Direct-ის ან NFC-ის გამოყენებით (ჩვეულებრივ, მოწყობილობის პარამეტრებში ნახავთ). გაითვალისწინეთ, რომ მონაცემების ამ გზით გადაცემა უსაფრთხო არ არის და ყველაფერი, რასაც იყენებთ, დაუყოვნებლივ უნდა გამორთოთ გამოყენების შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ თქვენი მოწყობილობის დაკავშირება ახლომდებარე უცნობ მოწყობილობებთან.
- ერთმანეთთან ურთიერთობისთვის გამოიყენეთ აპლიკაციები, როგორიცაა Briar და Bridgefy. გაითვალისწინეთ უსაფრთხოების რისკები, რაც თითოეულ მათგანს ახასიათებს.
- შეეცადეთ, არ გამოიყენოთ სენსიტიური ინფორმაციის გადასაცემად კომუნიკაციის დაუცველი მეთოდები, როგორიცაა SMS ან სატელეფონო ზარები, ინტერნეტის გათიშვის დროს. ეთიოპიის მთავრობას შეუძლია კომუნიკაციის ამ მეთოდების თვალყურის დევნება და წვდომა სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო პროვაიდერის მეშვეობით.
- Android ტელეფონის მომხმარებლებს შეუძლიათ F-Droid -ის გამოყენება აპლიკაციების ჩამოსატვირთად ინტერნეტთან კავშირის გარეშე. Android-ისთვის კიდევ ერთი ვარიანტია აპლიკაციის ჩასაყენებლად APK ფაილის გამოყენება. აპლიკაციის ჩასაყენებელი ფაილების გაზიარება შესაძლებელია მოწყობილობებს შორის აპლიკაციების მაღაზიასთან დაკავშირების გარეშე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩაწერილ აპლიკაციას ვერ შეამოწმებთ, ამიტომ მიიღეთ ფაილები მხოლოდ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ენდობით.
- საჭიროა ინტერნეტის გათიშვის დოკუმენტირება, ამიტომ გადაიღეთ დაბლოკილი საიტების ეკრანის ანაბეჭდები. თქვენ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია მოგვიანებით გაუზიაროთ ციფრულ უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს თქვენს ქვეყანაში ან საერთაშორისო დონეზე. გაითვალისწინეთ, რომ ამის გაკეთება თქვენ რისკის ქვეშ დაგაყენებთ.
კომუნიკაციების აღდგენის შემდეგ
- ისაუბრეთ თქვენს ახალი ამბების სააგენტოში ან კოლეგებთან იმის შესახებ, რამ იმუშავა და რამ არა, როდესაც საქმე გათიშვისთვის მზადებას ეხებოდა.
- გადახედეთ თქვენს მოწყობილობებს, შექმენით სარეზერვო ასლები გარე მყარ დისკზე ან ღრუბლოვან საცავში და წაშალეთ მასალა მოწყობილობიდან. თუ შესაძლებელია, დაშიფრეთ თქვენი მონაცემები, რათა უკეთესად იყოს დაცული.
ციფრული უსაფრთხოება: კიბერძალადობის და დეზინფორმაციის კამპანიები
ჟურნალისტებს, სავარაუდოდ, არჩევნების დროს დიდი დოზით ემუქრებათ ონლაინ შევიწროება, მათ შორის, მიზანმიმართული თავდასხმები და მათ წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიები. არსებობს მთელი რიგი ნაბიჯები, რის გაკეთებაც შეუძლიათ ჟურნალისტებს საკუთარი თავის და საკუთარი ანგარიშების უკეთ დასაცავად.
რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ
- დაიცავით თქვენი ანგარიშები ორ-ფაქტორიანი დაცვით (2FA), გრძელი პაროლებით და პაროლის მენეჯერით. არ გამოიყენოთ პაროლები განმეორებით.
- მოძებნეთ თქვენი სახელი სხვადასხვა საძიებო სისტემებში და წაშალეთ მონაცემები, რომლებიც არ გსურთ, რომ საჯარო სივრცეში იყოს ხელმისაწვდომი.
- გადახედეთ თქვენს სოციალური მედიის ანგარიშებს და წაშალეთ ან შეზღუდეთ წვდომა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი ვინაობის დასადგენად ან თქვენი ადგილმდებარეობის გასაგებად. წაშალეთ საკონტაქტო ინფორმაცია, როგორიცაა პირადი ტელეფონის ნომრები, რომელთა გასაჯაროებაც არ გსურთ.
- გადახედეთ თქვენს ანგარიშებს და წაშალეთ ნებისმიერი ფოტო ან გამოსახულება, რომლითაც შესაძლებელია მანიპულირება და თქვენი დისკრედიტაციისთვის გამოყენება.
- თვალყური ადევნეთ თქვენს ანგარიშებს, რათა შეამჩნიოთ „ტროლების“ გაზრდილი აქტივობა ან ნებისმიერი მინიშნება, რომ ციფრული საფრთხე შეიძლება ფიზიკურ საფრთხედ იქცეს. ქვემოთ იხილეთ დამატებითი დეტალები, რა ქმნის უფრო დიდ საფრთხეს. გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული სიუჟეტები, სავარაუდოდ, უფრო მეტ შევიწროებას გამოიწვევს.
- ისაუბრეთ ოჯახთან და მეგობრებთან კიბერშევიწროების შესახებ. ონლაინ მოძალადეები ხშირად ჟურნალისტების შესახებ ინფორმაციას მათი ნათესავების და სოციალური წრის სოციალური მედიის ანგარიშებიდან იღებენ. სთხოვეთ ოჯახის წევრებს და მეგობრებს, წაშალონ ან შეზღუდონ წვდომა თქვენს ფოტოებზე მათი სოციალური მედიის გვერდებზე.
- თუ შეგიძლიათ, ისაუბრეთ თქვენს რედაქტორთან და შეიმუშავეთ გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ სახლიდან გადასვლა დაგჭირდებათ კიბერსაფრთხის გამო. თუ თქვენ შტატგარეშე ჟურნალისტი ხართ, ისაუბრეთ კოლეგებთან კიბერძალადობის შესახებ და ერთად შექმენით მხარდაჭერის ქსელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ.
თავდასხმის დროს
- შეეცადეთ, გაარკვიოთ, ვინ დგას თავდასხმის უკან და რა არის მათი მოტივები. ეს დაგეხმარებათ, გაზომოთ ფიზიკური საფრთხის რისკი.
- დაათვალიერეთ თქვენი შეტყობინებები იმის გასაგებად, არსებობს თუ არა ფიზიკური თავდასხმის მაღალი რისკი. რისკი უფრო მაღალია, თუკი ინტერნეტით ვრცელდება ისეთი მონაცემები, როგორიცაა თქვენი სახლის მისამართი ან ტელეფონის ნომერი. თუ გრძნობთ, რომ ვერ შეძლებთ თქვენი შეტყობინებების გადახედვას, უნდა სთხოვოთ კოლეგას ან სანდო მეგობარს, თქვენ მაგიერ გადახედოს.
- გადაიღეთ ნებისმიერი შემაშფოთებელი კომენტარის ან სურათის, მათ შორის „ტროლების“, ეკრანის ანაბეჭდები (screenshot), დააფიქსირეთ დრო, თარიღი და „ტროლის“ სოციალური მედიის სახელი. ეს ინფორმაცია შეიძლება მოგვიანებით გამოგადგეთ, თუ ისურვებთ, რომ კიბერძალადობის შესახებ შეატყობინოთ სოციალური მედიის კომპანიას, თქვენს რედაქტორს, ორგანიზაციებს, რომლებიც იცავენ გამოხატვის თავისუფლებას, ან, ზოგ შემთხვევაში, ხელისუფლებას.
- შეატყობინეთ თქვენს ოჯახს, თანამშრომლებს და მეგობრებს, რომ შეურაცხყოფას ონლაინ გაყენებენ. ხშირად ხდება, რომ თქვენი ონლაინ შევიწროების ფარგლებში ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც სწერენ ხოლმე.
- დაბლოკვა, შეტყობინებების გამორთვა და შეზღუდვა (ვის შეუძლია თქვენს შეტყობინებებზე პასუხის გაცემა) – შეიძლება ეს ნაბიჯები გამოგადგეთ, თუმცა, ეს ზღუდავს თქვენს ურთიერთობებს ინტერნეტში და შეიძლება გამოგრჩეთ პოტენციური მუქარის შეტყობინებები.
- შეგიძლიათ თქვენი სოციალური მედიის ანგარიშების უმეტესობა კონფიდენციალური გახადოთ, სანამ შევიწროება არ ჩაცხრება.
- იმუშავეთ თქვენს ახალი ამბების სააგენტოსთან, რათა ერთად გადაწყვიტოთ, უნდა უპასუხოთ თუ არა და როგორ უნდა უპასუხოთ კიბერშევიწროებას. მიზანშეწონილი და სასარგებლო არ არის თითოეულ შეტყობინებაზე პასუხის გაცემა. თუმცა, დეზინფორმაციული კამპანიის მიმდინარეობისას შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენი და ახალი ამბების სააგენტოს სოციალური მედიის არხის ზედა ნაწილში მხარდაჭერის შეტყობინების ჩამაგრება.
- კიბერშევიწროებას შეიძლება მოჰყვეს იზოლირება. დარწმუნდით, რომ გაქვთ მხარდაჭერის ქსელი, რომელიც ასეთ შემთხვევაში დაგეხმარებათ. საუკეთესო შემთხვევაში, ამ ქსელში თქვენი დამსაქმებელიც უნდა შედიოდეს.
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. ამ მასალის შინაარსი ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.







