I. ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ადგილი კატასტროფაზე საპასუხო ღონისძიებათა სისტემაში
კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური მომსახურება უნდა იყოს კატასტროფის შედეგებთან გამკლავების მრავალუწყებრივი კოორდინირებული სტრატეგიის ნაწილი.
ფსიქოლოგიური მომსახურება უნდა იყოს ხელმისაწვდომი გადაუდებელი სამაშველო სამუშაოების დაწყების მომენტიდან, პარალელურად. პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას ესაჭიროება სპეციალური მომზადება, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ეს პროფესიონალმა ფსიქოლოგმა, ფსიქოთერაპევტმა ან ფსიქიატრმა ჩაატაროს. პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების მეთოდებში მომზადებული უნდა იყოს პირველი ეშელონის პერსონალიც – მაგალითად, მაშველები, საგანგებო სიტუაციების მომსახურე პერსონალი.
მტკიცებულების თანახმად, გადარჩენილთა უმრავლესობას არ ექნება ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის საჭიროება, რამდენადაც ადამიანს და მის სოციალურ გარემოცვას ახასიათებს სტრესმედეგობა. გასაჭირის ჟამს სტრესთან გამკლავების რესურსები ერთვება საქმეში და ეხმარება ადამიანს, ოჯახს, თემს, გაუმკლავდეს მტკივნეულ გამოცდილებას.
კატასტროფულ გამოცდილებაზე საპასუხოდ, სტრესის გარკვეული სიმპტომების გაჩენა არის ბუნებრივი რეაქციები იმ არანორმალურ ვითარებაზე, რაც ადამიანმა გამოიარა. ამ რეაქციებს შორისაა – შფოთვა, ადვილი გაღიზიანება, დაწეული გუნება-განწყობილება, განცდილთან დაკავშირებული უსიამოვნო მტკივნეული მოგონებები, ფიქრები, ემოციები, კოშმარული სიზმრები, ძილის დარღვევები და ა.შ.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ინტენსივობითა და სიხშირით მომდევნო დღეებში კლებაზე მიდის (აუცილებელია მათი დაკვირვება, ე.წ. „ყურადღებიანი მოკოდინის რეჟიმი“), მაშინ ეს სტრესულ გამოცდილებასთან გამკლავების ბუნებრივი პროცესია და მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული (ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული, ფსიქოთერაპიული, ფარმაკოთერაპიული) ჩარევით არ შევუშალოთ ხელი ამ ბუნებრივ გამკლავებას.
თუ ფსიქოლოგიური სიმპტომების ინტენსივობა და სიხშირე სტაბილურია ან მატულობს, ეს შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ ადამიანს ესაჭიროება პროფესიული დახმარება ტრავმული სტრესისა და კრიზისული ჩარევის სფეროში მომზადებული სპეციალისტის მხრიდან. თუ ერთი თვის თავზე სიმპტომები შეუპოვარ ხასიათს ავლენს, აუცილებელია პროფესიული (ფსიქოტრავმატოლოგიური) დახმარება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სიმპტომებმა უფრო გადავადებულად იჩინოს თავი, მაგ., შემდეგ თვეებში. ამ შემთხვევაშიც საჭიროა სპეციალისტის დახმარება.
კატასტროფული გამოცდილების უშუალოდ შემდგომ, ადამიანების შედარებით მცირერიცხოვანი ნაწილი შესაძლოა გამოსული იყოს წყობიდან და საჭიროებდეს პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას. პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს დაუყოვნებელი/გადაუდებელი რეაგირების ერთ-ერთი მექანიზმია და უნდა ტარდებოდეს პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებაში მომზადებული ადმაიანების მიერ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ არის აუცილებელი, რომ ამას ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები ატარებდნენ, პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაში შესაძლოა მოვამზადოთ სტუდენტი-მოხალისეები, საგანგებო სამსახურის თანამშრომლები, მაშველები და ა.შ.
დაზარალებული ადამიანების მცირერიცხოვან ნაწილს შესაძლოა განუვითარდეს ე.წ. მწვავე სტრესული რეაქციები – ყველა ის სიმპტომი, რაც ზევითაა აღწერილი (შესაძლოა სხვა სიმპტომებიც), მაგრამ გამოხატული ისეთი ინტენსივობითა და სიხშირით, რომ ადამიანი გამოსული იყოს წყობიდან და ვერ ახერხებდეს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებას. ამ შემთხვევაში მას ესაჭიროება პროფესიული დახმარება მწვავე სტრესულ მდგომარეობებთან მუშაობაში მომზადებული პროფესიონალი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის (ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი) მხრიდან.
II. ფსიქოლოგიური დახმარების პრინციპები
კატასტროფის დროს დაზარალებული მოსახლეობის ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური მომსახურება უნდა იყოს მრავალუწყებრივი სტრატეგიული რეაგირების ნაწილი. ეს მომსახურება უნდა ეფუძნებოდეს/პრაქტიკაში ატარებდეს შემდეგ 5 საკვანძო პრინციპს :
1. უსაფრთხოების ხელშეწყობა. აქ საუბარია შედარებით უსაფრთხოებაზე – ადამიანების გარიდება სარისკო ზონიდან, უზრუნველყოფა აუცილებელი და საჭირო რესურსებით: როგორიცაა, მაგ., კვების პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, აუცილებელი ნივთები და ა.შ. მნიშვენლოვანია ადამიანებმა დაინახონ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ ის კომპეტენტური სამსახურები და პირები, ვინც ამაზე პასუხისმეგებლია, და ვისაც ცოდნა და გამოცდილება აქვთ. ასევე მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაინახონ, რომ დახმარების პროცესი გამჭვირვალე, სამართლიანი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული და კომპეტენტურია.
2. სიმშვიდის ხელშეწყობა. აქ საუბარია შედარებით სიმშვიდეზე, რომლის დასაცავად უკიდურესად მნიშვნელოვანია მოსახლეობის რეგულარული ინფორმირება. პასუხისმგებლობის მქონე პირებისა და უწყებების მხრიდან სასურველია რეგულარული ბრიფინგები, სადაც ისინი ანგარიშს ჩააბარებენ მოსახლეობას როგორც არსებულ ვითარებაზე, ასევე გაწეულ სამუშაოებზე. აქ მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა ითანამშრომლონ მედიაორგანიზაციებთან განურჩევლად მათი პოლიტიკური მრწამსისა, და გაითავისონ თმენის ვალდებულება რთული და ემოციური შეკითხვების დასმის შემთხვევაში.
3. თვითეფექტურობისა და სათემო ეფექტურობის ხელშეწყობა. აქ საუბარია გაღვივებაზე დამოკიდებულებისა „ჩვენ ამას დავძლევთ“, „ჩვენ ამას გადავიტანთ“. „ჩვენ ამას მოვერევით“, პესიმიზმისა და ნიჰილიზმის ნაცვლად. მნიშვნელოვანია ადამიანების მომარაგება იმგვარი რესურსებით, რაც მათ საკუთარი პრობლემების საკუთარი ძალებით მოგვარებაში დაეხმარებათ – „არა თევზის დარიგება, არამედ ანკესის მიწოდება“, რომ საჭიროების მქონე ადამიანმა საკუთარი თავის დახმარება შეძლოს, სხვის იმედზე ყოფნის მაგივრად. ეს მას კატასტროფის შედეგად განვითარებული შესაძლო უსუსურობის განცდის დაძლევაში და კონტროლის შეგრძნების დაბრუნებაში დაეხმარება.
4. სოციალური კავშირების ხელშეწყობა. აქ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება საზოგადოების სხვადასხვა სუბიექტს (ხელისუფლება, ადგილობრივი მმართველობა, მოსახლეობა, პროფესიული ჯგუფები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, მედია, და სხვ.) შორის. მნიშვნელოვანია ორიენტაციის აღება პრობლემების ერთობლივ მართვაზე და ურთიერთშემავსებლად და ურთიერთგამაძლიერებლად (სინერგიულად) მოქმედება.
5. იმედის ხელშეწყობა. აქ საუბარია რეალისტურ იმედზე, რამდენადაც ცრუ იმედის მიცემა არის განსაკუთრებით დესტრუქციული და ამას დაბეჯითებით უნდა ავარიდოთ თავი. ანუ, აქ საუბარია იმედზე იმის თაობაზე, რომ ერთობლივი ძალებით ქვეყანა/საზოგადოება/თემი/
ამ პრინციპების ცხოვრებაში გატარება ზრდის საზოგადოების, თემის, ოჯახების, ადამიანების კატასტროფებთან გამკლავების პოტენციალს.
III. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური ზრუნვის დონეები, ინტენსივობა და მოცულობა
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მომსახურების მოდელს, ჩვეულებრივ, პირამიდის სახით გამოსახავენ. პირამიდის მოდელი არის შედგენილი გაეროს საერთაშორისო უწყებათაშორისი კომისიის მიერ .
პირამიდის ქვედა დონეებზე მითითებული მომსახურება ნაკლები ინტენსივობისაა და ესაჭიროება უფრო დიდი რაოდენობის ხალხს. ზედა დონეებზე მითითებული მომსახურება უფრო ძლიერი ინტენსივობისაა, მაგრამ ესაჭიროება ნაკლები რაოდენობის ადამიანებს, ვისაც უფრო მძიმე მდგომარეობა აქვთ. ფაქტობრივად, პირამიდის თითოეული დონე დახმარების გაწევის საჭიროების შედარებითი მასშტაბის მაჩვენებელია:

1. პირამიდის საფუძველი: დახმარება ყველასთვის საბაზო და საინფორმაციო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად
ყველას, ვისაც შეეხო კატასტროფა ესაჭიროება საბაზო დახმარება არსებობის საჭიროებების დაკმაყოფილებაში – უსაფრთხო თავშესაფარი, საჭმელი, ტანსაცმელი, სასმელი წყალი და ა.შ.
ასევე, ყველას ესაჭიროება მართებული ინფორმირება – მიმდინარე საფრთხეებზე, საძიებო სამუშაოებზე, მოძიებულ ადამიანებზე, გარდაცვლილებზე; ოჯახის წევრები და ახლობლები უნდა უნდა რეგულარულად იღებდნენ ინფორმაციას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების თაობაზე, იმ სამძებრო სამუშაოების დინამიკაზე, რომელიც მათი ოჯახის წევრების მოსაძიებლად ტარდება.
2. პირამიდის მეორე დონე: რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების, თემის, ჯგუფების დახმარება
იმ თემსა და ოჯახებს, ვისაც კატასტროფის შედეგად დაეღუპათ წევრები, ან სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დადგნენ, შეესწრენ კატასტროფას და ა.შ., შესაძლოა ზომიერად გამოხატული ფსიქიკური ჯანმრთელობის სიმპტომები განუვითარდეთ, რაც არის ბუნებრივი რეაქცია არანორმალურ გარემოებებზე, რაც მათ გამოიარეს. მათ უნდა გაეწიოთ დახმარება გამოგლოვების კულტურული რიტუალების დაორგანიზებაში, გადასვენებაში, გასვენებაში, გამოგლოვებაში, ოჯახის მხარდაჭერის მეშვეობით. სოციალური მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მძიმე გამოცდილებასთან გამკლავებაში.
თუ თემი იძულებელია შეიცვალოს საცხოვრისი იმის გამო, რომ ძველი საცხოვრებელი ადგილი განადგურებულია, აუცილებელია ახალი საცხოვრისის მოწყობა იმგვარად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საურთიერთო სივრცე, ბავშვებს – სათამაშო ადგილები და ზოგადად, ადგილზე იყოს საბაზო სათემო ინფრასტრუქტურა.
ამ დონეზე ხორციელდება პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება (რომელიც საბაზისო დონეზეც შეიძლება მიეწოდოს ადამიანებს).
შესაძლებელია მშობლებისთვის ფსიქოგანათლების ჯგუფების ორგანიზება, რათა ბავშვებს უფრო ეფექტურად დაეხმარონ ტრავმული გამოცდილების დაძლევაში, გაძლიერებაში; ასევე – ბავშვებისთვის – არტ და თამაშის მეთოდებზე დაფუძნებული ჯგუფური მუშაობა, რათა სტრესთან გამკლავებაში შევუწყოთ ხელი.
ამავე დონეზე უნდა მოვიცვათ პროფესიული ჯგუფები და მუშაკები, რომლებიც კატასტროფაზე მოპასუხე პირველ ეშელონს წარმოადგენენ და ამდენად, არიან ფსიქოლოგიური ტრავმის ზემოქმედებისა და პროფესიული გადაწვის რისკების წინაშე. ესენი არიან: ჟურნალისტები, საგანგებო სამსახურის თანამშრომლები, მაშველები, მოხალისე მაშველები, პოლიციელები, ჯარისკაცები ვინც ეწევა გადარჩენისა და დაღუპულების აღმოჩენის სამუშაოებს. ყველა ამ ჯუგუფისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი ფსიქოლოგიური მომსახურება, თუ მათ სიმპტომები აღენიშნებათ.
საინფორმაციო მომსახურება ამ დონეზეც უაღრესად აქტუალურია.
3. პირამიდის მესამე დონე: გახანგრძლივებული პრობლემების მქონე ადამიანების დახმარება.
დაზარალებული პირებისთვის და ოჯახებისთვის, რომელთა ოჯახის წევრებს უნარჩუნდებათ გადატანილ მძიმე გამოცდილებასთან დაკავშირებული მძიმე სიმპტომები, სასურველია ე.წ. „ტრავმის შესახებ ინფორმირებული“ და ტრავმაზე ფოკუსირებული მომსახურების გაწევა და სხვადასხვა მტკიცებულებითი ჩარევების შეთავაზება, მაგ; ტრანსდიაგნოსტიკური მოდულები, ასევე ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ-ქცევითი თერაპია. ტრანსდიაგნოსტიკური ჩარევები გულისხმობს იმას, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ბევრ გავრცელებულ აშლილობას ახასიათებს საერთო პრობლემები (მაგ., ემოციების რეგულირების სირთულეები, ძილის სირთულეები, და ა.შ.), ხოლო ტრანსდიაგნოსტიკური ჩარევები მიმართულია სწორედ ამ საერთო პრობლემების მოგვარებაზე, დიაგნოზის მიუხედავად.
4. პირამიდის მეოთხე დონე: სპეციალიზებული სერვისები
სპეციალიზებულ ფსიქოტრავმატოლოგიურ/ფსიქიკური ჯანმრთელობის დახმარებას, არსებული მტკიცებულების თანახმად, საჭიროებენ მცირე რაოდენობის ადამიანები, ვისაც მძიმე და თანმხვედრი (სხვადასხვა დიაგნოზი ერთად) მდგომარეობები აღენიშნებათ. ამგვარი დახმარება მათ უნდა გაეწიოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალიზებულ სერვისებში.
კრიზისული დახმარების აღმოჩენა სერვისის მიწოდების (პირამიდის) ყველა წარმოდგენილ დონეზეა შესაძლებელი, თუ ადამიანს წონასწორობა აქვს დარღვეული და შველას ითხოვს. ჩარევების ინტენსივობა მისი მდგომარეობის მიხედვით უნდა დაიგეგმოს და, როგორც კრიზისული დახმარების პრინციპები მოითხოვს, გაძლიერებასა და მძიმე სტრესთან გამკლავებაზე იყოს მიმართული.
კრიზისული პერიოდის გავლის შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სისტემა ფსიქიკურ პრობლემებს და საჭიროებებს უნდა პასუხობდეს.
IV.დასკვნები
გამომდინარე ზემოთთქმულიდან, მნიშვნელოვანია:
- გავატაროთ ცხოვრებაში (და ჩვენს გარემოში დავეხმაროთ სხვებსაც რომ გაატარონ ცხოვრებაში) ხუთი საკვანძო პრინციპი: უსაფრთხოების, სიმშვიდის, თვით- და სათემო ეფექტურობის, დაკავშირებულობისა და იმედის ხელშეწყობა;
- მნიშვნელოვანია არ გავაზვიადოთ და არ მოვახდინოთ სტრესზე ბუნებრივი ფსიქოლოგიური რეაქციების პათოლოგიზაცია. ბუნებრივია, გქონდეს ფსიქოლოგიური სიმპოტმები იმ არანორმალურ ვითარებაზე საპასუხოდ, რაც გამოიარე;
- მნიშვნელოვანია სიმპტომების დინამიკის ყურადღებით დაკვირვება და თუ არ მიდის კლებაზე ერთი თვის განმავლობაში – სპეციალისტის მიმართვა;
- მნიშვნელოვანია, არ მოვახდინოთ ნაადრევი ფსიქოლოგიური ჩარევით სტრესთან გამკლავების ბუნებრივი პროცესის შეწყვეტა;
- მნიშვნელოვანია, მწვავე შემთხვევებისთვის ხელმისაწვდომი იყოს პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება და კრიზისული კონსულტირება;
- მნიშვნელოვანია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები ერთი თვის თავზე იძენენ შეუპოვარ ხასიათს, ან კატასტროფიდან მეტი დროის მერე აღმოცენდებიან და შეუპოვარ, გახანგრძლივებულ სახეს იძენენ, ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი იყოს სპეციალიზებული ტრავმაზე ფოკუსირებული სერვისი;
- მნიშვნელოვანია, რომ კრიზისული ფსიქოსოციალური რეაგირება იყოს კრიზისზე უწყებათაშორისი კოორდინირებული სტრატეგიული რეაგირების ნაწილი;
- მნიშვნელოვანია, რომ კრიზისული ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური რეაგირებისას ვიხელმძღვანელოთ არსებული სამეცნიერო მტკიცებულებით და არა ვარაუდებით, ან უბრალოდ რაიმეს კეთების („რომ უმოქმედოდ არ ვიყოთ“) სურვილით.
შეადგინეს:
ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნიევრსიტეტის პროფესორი
ნინო მახაშვილი, ილიას სახელმწიფო უნიევრსიტეტის პროფესორი
-
ეს პრინციპები ეყრდნობა დიდი მასშტაბის საექსპერტო კვლევასა და საექსპერტო კონსენსუნსს: Stevan E. Hobfoll, Patricia Watson, Carl C. Bell, Richard A. Bryant, Melissa J. Brymer, Matthew J. Friedman, Merle Friedman, Berthold P.R. Gersons, Joop T.V.M de Jong, Christopher M. Layne, Shira Maguen, Yuval Neria, Ann E. Norwood, Robert S. Pynoos, Dori Reissman, Josef I. Ruzek, Arieh Y. Shalev, Zahava Solomon, Alan M. Steinberg, and Robert J. Ursano (2007). Five Essential Elements of Immediate- and Mid-Term Interventions: Empirical Evidence. Psychiatry 70 (4)
-
Inter-Agency Standing Committee (IASC) (2008). Mental Health and Psychosocial Support: Checklist for Field Use. Geneva: IASC. https://
interagencystandingcommittee. org/system/files/legacy_files/ Checklist%20for%20field%20use% 20IASC%20MHPSS.pdf