
ბრიუს შაპირო, დარტ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
ტრავმის შესახებ რეპორტაჟი ახალი ამბების ძირითადი ნაწილია. თუ ჟურნალისტი ხარ, რომელიც ამ სიტყვებს კითხულობს, ეს უკვე შესისხლხორცებული გექნება. ახალი ამბების თუ საგამოძიებო რეპორტაჟების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სიახლეების გაშუქების, ჩანახატების ან ფოტოების გადაღების დროს: ძალადობის, კრიზისისა და ტრაგედიის მცოდნე და ეთიკური გაშუქება დიდი გამოწვევაა ახალი ამბების შემქმნელთა პროფესიონალიზმისა და პირადი უნარებისთვის.
ბოლო წლების განმავლობაში, ჟურნალისტებმა დიდი სიახლეები შეიტანეს ტრავმის შესახებ რეპორტაჟებში: ინტერვიუებისა და წყაროების დამუშავების ახალი მიდგომები, გამოძიების მეთოდი, სიუჟეტის თხრობა, ეთიკა და თავად ახალი ამბების დღის წესრიგი. ამ ინოვაციებიდან ბევრი ეფუძნება სწრაფად განვითარებად მეცნიერულ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ძალადობა, კონფლიქტი და ქრონიკული საფრთხე დროთა განმავლობაში ადამიანის ტვინზე, სხეულსა და მთელ საზოგადოებაზე. სხვა ინოვაციები ემყარება ისტორიული ძალადობისა და მარგინალიზებული ან დაუცველი თემების გამოცდილების გაცნობიერებას. თავად საზოგადოება ახლა უფრო ხშირად საუბრობს ტრავმაზე, უფრო მეტადაა ჩართული. შედეგად, პასუხისმგებლობით სავსე გაშუქება და ახალ ამბებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვს საბაზისო წიგნიერებას ტრავმის კონცეფციებში და რეპორტაჟის კეთების სტანდარტების ცვლილებებში გარკვევას.
სტილის ეს ლაკონიური სახელმძღვანელო შედგენილია კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ტრავმის დარტ ცენტრის მიერ ახალი ამბების წამყვანი პროფესიონალების, კლინიკოსებისა და აკადემიური მკვლევრების ჩართულობით. ის შეიქმნა როგორც სწრაფად საძებნი, ავტორიტეტული ცნობარი რეპორტიორებისთვის, რედაქტორებისა და პროდიუსერებისთვის, რომლებიც შემჭიდროებულ ვადებში მუშაობენ. ეს არის მტკიცებულებებით ინფორმირებული მოკლე სახელმძღვანელო, რომელიც ეხება ინდივიდებზე, ოჯახებსა და საზოგადოებებზე ტრავმის გავლენის გასაშუქებელ რეპორტაჟებში ახალი ამბების შერჩევას, ენის გამოყენებასა და ეთიკას; რეკომენდაციებს შესაბამისი ფსიქოლოგიური და სამეცნიერო ტერმინოლოგიის სათანადო გამოყენების შესახებ; განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოწოდებას ისეთი მატრავმირებელი საკითხების გაშუქებისას, როგორიცაა რასიზმი და სექსუალური ძალადობა.
სტილის სახელმძღვანელოში ყველა ჩანაწერი ასახავს დარტ ცენტრის რეკომენდაციებს საუკეთესო პრაქტიკისთვის. ჩანაწერები, რომლებიც ეხება ტრავმის მეცნიერებას, ემყარება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეთანხმებას ექსპერტებს შორის, ან განსაზღვრავს საკამათო მოსაზრებებს ფუნდამენტურ კონცეპტუალურ საკითხებზე და ცოდნის სხვა სფეროებზე, რომლებიც ჯერჯერობით შესწავლის პროცესშია. რეპორტაჟის პრაქტიკაზე ჩანაწერები ასახავს დარტ ცენტრის თანამშრომლების, Dart Award-ის გამარჯვებულების და სხვა ჟურნალისტების დაგროვილ რეკომენდაციებსა და გამოცდილებას, რომლებიც საკუთარ პრაქტიკაში ტრავმას ფრთხილად და მტკიცებულებებით ინფორმირებულად განიხილავენ.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სფეროში ჩვენი მითითებები მკაცრადაა განსაზღვრული (მაგალითად, გარკვეული გარემოებები, რომლებშიც შეიძლება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ხსენება), უმეტეს შემთხვევაში ჩვენ მითითებებისა და რეკომენდაციების გაცემა გვირჩევნია და არა ხისტი განკარგულებებისა, რადგან ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჟურნალისტური გადაწყვეტილების მიღება ცვალებადია, კომპლექსურია და დავალების მიხედვითაა განსაზღვრული. ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ ჟურნალისტებს ტრავმაზე ინფორმირებული კრიტიკული აზროვნება ჩამოვუყალიბოთ და არა წესების ურყევი ერთგულება ვაიძულოთ.
სტილის დარტ ცენტრის სახელმძღვანელო არის ცვალებადი დოკუმენტი, რომელიც რეგულარულად გაფართოვდება და განახლდება, რათა ასახოს საუკეთესო პრაქტიკა, ახალი ამბების გაშუქების სიახლეები და მზარდი სამეცნიერო ცოდნა. ის ასევე არის დამატებითი რესურსების წყარო ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ცდილობენ უფრო ღრმად შეისწავლონ ტრავმის ჟურნალიზმი. ბმულები დაკავშირებულია დარტ ცენტრის ვრცელ ონლაინ ბიბლიოთეკასთან, რომელშიც ნახავთ სასარგებლო მინიშნებებს, ზოგად ინფორმაციას, ჟურნალისტების მიერ კოლეგებისთვის მიცემულ რჩევებს და სხვა ავტორიტეტულ რესურსებს.
ჟურნალიზმის სტილის ნებისმიერი სახელმძღვანელო აუცილებლად შეესაბამება დროს, ადგილსა და კულტურას. ტრავმის შესწავლაც არის სფერო, რომელშიც კულტურა და იდენტობა ვერ იქნება ნეიტრალური. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმძღვანელო ცდილობს ყველა შესაძლო შემთხვევაში ასახოს გლობალური, კულტურათშორისი და ინტერსექციური პერსპექტივები, მისი ავტორები არიან ინგლისურენოვანი ჟურნალისტები და მკვლევრები, რომლებიც აშშ-ს უნივერსიტეტთან თანამშრომლობენ; უნივერსიტეტი კი ხელმძღვანელობს ამერიკული და ინგლისური ახალი ამბების პროფესიონალებისა და ექიმების ნორმებითა და პერსპექტივებით. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ გამოხმაურებას, წინადადებას და კრიტიკას, რომელიც გაზრდის დარტის სტილის სახელმძღვანელოს შესაბამისობას ჟურნალისტთა მსოფლიო საზოგადოებასთან.
დარტის სტილის სახელმძღვანელო თავდაპირველად 2020-2021 წლებში შეადგინა რესურსების რედაქტორმა ისობელ ტომპსონმა. საწყისი ჩანაწერები შეამოწმეს, გააფართოვეს და რედაქტირება გაუკეთეს დარტ ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, კვლევების დირექტორმა და გლობალურმა პერსონალმა. ჩანაწერები განიხილებოდა ჟურნალისტებისა და კლინიკოსების ფართო საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად. გთხოვთ, შეგვატყობინოთ, სახელმძღვანელოს რა ნაწილი მიგაჩნიათ თქვენთვის სასარგებლოდ, რას არ ეთანხმებით და რა აკლია. კომენტარების გამოგზავნა შეგიძლიათ მისამართზე styleguide@dartcenter.org.
დარტ ცენტრის გაშუქების სტილის სახელმძღვანელო დაყოფილია ოთხ თემატურ ნაწილად:
ტრავმის მეცნიერება და ფსიქოლოგია, რომელიც გვასწავლის ისეთ ტერმინებსა და საკითხებს, როგორიცაა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა), მორალური ჭრილობა და გადამდები (ან, გადადებული) ტრავმა.
ძალადობა და მისი შედეგები, რომელიც მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა შეიარაღებული ძალადობა, კონფლიქტი და სექსუალური ძალადობა.
იდენტობა, რომელიც ფოკუსირებულია ისეთ თემებზე, როგორიცაა ასაკი, შეზღუდული შესაძლებლობა და გენდერული იდენტობა.
თემი და სოციალური საკითხები, რომელიც შეიცავს მითითებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია, სიკვდილი და ტრეფიკინგი.
თითოეულ განყოფილებაში საკითხები ანბანურადაა დალაგებული. ასევე, თითოეული განყოფილება შეიცავს საკითხთან დაკავშირებული სიღრმისეული რესურსების ბმულებს.
ძიების მოხერხებულობისთვის, სტილის სახელმძღვანელო გამოქვეყნებულია როგორც ერთიანი დოკუმენტი. კონკრეტული ტერმინის (მაგალითად, რთული პტსა) ან საკითხის (მაგალითად, ბავშვობის ტრავმა) სწრაფი ძიებისთვის გამოიყენეთ თქვენი ბრაუზერის Find ფუნქცია.
ტრავმის მეცნიერება და ფსიქოლოგია
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის ლექსიკა ახლა ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, ახალი ამბების გაშუქება ზუსტად უნდა ასახავდეს დადგენილ სამეცნიერო ჩარჩოებსა და გამოყენებას. ტრავმისა და სტრესმედეგობის ბუნების ასახვა და ტერმინოლოგიის ზუსტი გამოყენება მნიშვნელოვანია სიცხადისათვის.
ამ ნაწილში განვსაზღვრავთ და კონტექსტში წარმოვაჩენთ რამდენიმე საბაზო კონცეფციას ტრავმის მეცნიერებისა და ფსიქოლოგიის სფეროებიდან. ეს სექცია, ასევე, შეიცავს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ჟურნალისტებს გაითვალისწინონ ეს ცნებები საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში, ეთიკასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრასა და საკუთარ თავზე ზრუნვაში.
მწვავე სტრესული აშლილობა: მწვავე სტრესული აშლილობა (ASD – Acute Stress Disorder) არის მყისიერი ან მოკლევადიანი ფსიქოლოგიური რეაქცია მატრავმირებელ მოვლენაზე. იმის მიუხედავად, რომ ASD ჰგავს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას (პტსა), ამ მდგომარეობების ვადები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. სწორედ ვადები განასხვავებს ამ ორ მდგომარეობას: ASD თავს იჩენს მატრავმირებელი მოვლენიდან პირველი ოთხი კვირის განმავლობაში. ეს სიმპტომებია: შემაწუხებელი აზრები, უგუნებობა, შფოთვა, თავის არიდება, შემოჭრითი განცდები და დისოციაცია/გაუცხოება.
თუ სიმპტომები ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება, ექიმები განიხილავენ პტსა-ს დიაგნოზს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველას, ვინც გადაიტანს პოტენციურად მატრავმირებელ გამოცდილებას, არ განუვითარდება ASD. თანაც, ASD სულაც არ პროგნოზირებს პტსა-ს. ბევრი ადამიანი, ვინც ავლენს ASD რეაქციას, ბუნებრივად გამოჯანმრთელდება მკურნალობის გარეშეც. ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა კლასიფიკატორში (ICD-11) საუბარია მწვავე სტრესულ რეაქციებზე და არა აშლილობაზე. გაითვალისწინეთ, რომ ტრავმულ მოვლენებზე ინდივიდების რეაქციების აღწერისას, პტსა არასოდეს არის ზუსტი ტერმინი პირველი თვის განმავლობაში.
პტსა-ს და მწვავე სტრესული აშლილობის სიმპტომების ქონა არის ბუნებრივი რეაქცია იმ არანორმალურ გამოცდილებაზე, რაც ადამიანმა გამოიარა. თუ ეს სიმპტომები პირველი თვის მანძილზე ადამიანს არ უშლის ხელს რომ თავისი მოვალეობები შეასრულოს, აქ შესაძლოა გვქონდეს საქმე ბუნებრივი გაჯანსაღების პროცესთან. თუ ადამიანი ვეღარ ასრულებს თავის ყოველდღიურ მოვალეობებს და გამოსულია წონასწორობიდან – მაშინ გამოიყენეთ მწვავე სტრესული აშლილობა როგორც ტერმინი პირველი თვის განმავლობაში. თუ ერთი თვის შემდგომ სიმპტომები გრძელდება და მძაფრდება – შეგიძლიათ ისაუბროთ პტსა-ზე. არ გამოიყენოთ სამედიცინო ტერმინოლოგია საერთოდ, თუ თქვენ არ გაქვთ საქმე იმ შემთხვევასთან, როდესაც ეს დიაგნოზები ექიმმა დასვა. ჟურნალისტი არ არის სამედიცინო მუშაკი და არ აქვს დიაგნოსტირების უფლება. ამიტომ, რეპორტაჟში უპირატესობა მიანიჭეთ სპეციფიკური რეაქციებისა და სიმპტომების აღწერას და არა დიაგნოსტიკურ ჟარგონს.
ალოსტატიკური დატვირთვა: ეს არის ფიზიოლოგიური „სხეულის ცვეთა“, რომელიც გამოწვეულია ყველა სახის სტრესის ქრონიკული ზემოქმედებით, რაც ააქტიურებს სხვადასხვა ნეიროენდოკრინულ და იმუნურ რეაქციებს. როდესაც გარემოს გამოწვევები აღემატება ადამიანის უნარს, გაუმკლავდეს მათ, ხდება ალოსტატიკური გადატვირთვა.
ზემოქმედების ფორმები შეიძლება მოიცავდეს ჩვეულებრივ ყოველდღიურ სტრესს (მაგ., სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენები, როგორც მატრავმირებელი, ასევე, არამატრავმირებელი); გარემო ფაქტორები (მაგ., სიღარიბე, რასობრივი დისკრიმინაცია); ბავშვობის მძიმე გამოცდილებები; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევები.
კვლევა ალოსტატიკურ გადატვირთვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან აკავშირებს.
ბავშვობის მძიმე გამოცდილებები: ბავშვობის მძიმე გამოცდილებები (ACE – Adverse Childhood Experiences) არის ბავშვობის პერიოდის ნეგატიური გარემოებები (18 წლამდე განცდილი), რომლებიც მოიცავს საყოფაცხოვრებო დისფუნქციას ან ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას. საყოფაცხოვრებო დისფუნქციის მაგალითებია მზრუნველების მიერ ნივთიერების ავადმოხმარება, მათი ფსიქიკური დაავადება ან სუიციდის მცდელობა, ან/და მზრუნველების ოჯახში ძალადობა.
ACE-ის კონცეფცია წარმოიშვა კალიფორნიის დაავადებათა კონტროლის ცენტრებისა და Kaiser Permanente ჯანდაცვის სისტემის მიერ 1995 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად. თავდაპირველად ACE მხოლოდ შვიდი ტიპის მოვლენას გულისხმობდა, მაგრამ ზოგიერთმა მეცნიერმა და სააგენტომ მას შემდეგ დაამატა სხვა კატეგორიებიც, როგორიცაა ფიზიკური უგულებელყოფა (მაგ., საკვების უკმარისობა ან არასაკმარისი ჩასაცმელი), განქორწინება (თუ ეს იწვევს ოჯახის გაყოფას), უსახლკარობა და ძალადობის მოწმეობა საზოგადოებაში. სამეცნიერო ლიტერატურაში მოვლენები, რომლებიც არ შედის ACE-ის განმარტებაში, არის მასობრივი კატასტროფის და მასობრივი ძალადობის ზემოქმედება. ACE-ის ყველაზე ვიწრო განმარტებები ფოკუსირებულია უშუალო ოჯახურ დისფუნქციაზე და ოჯახურ ძალადობაზე.
ვარაუდობენ, რომ ACE აზიანებს ტვინის განვითარების ფუნდამენტურ არქიტექტურას და უკავშირდება სხვადასხვა დაავადებისა და ნაადრევი სიკვდილიანობის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს.
როდესაც ინტერვიუს დროს იყენებენ ტერმინს „ბავშვობის მძიმე გამოცდილებები“, ან როდესაც ამ ტერმინს თქვენს სიუჟეტში იყენებთ, უნდა დაურთოთ სამუშაო განმარტება. ACE-ის გავლენის გაგება დაგეხმარებათ, შეარჩიოთ ისტორიების თხრობის სტილი ბავშვის ან იმ ზრდასრულის შესახებ, რომლებსაც ბავშვობაში მძიმე გამოცდილებები ჰქონდათ.
ბავშვები დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან და რასიზმის, დისკრიმინაციის ან მარგინალიზაციის გავლენის მქონე საზოგადოებებიდან, უფრო მეტად ექვემდებარებიან ACE-ს, რაც მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდება.
გადაწვა: მიუხედავად იმისა, რომ გადაწვა ყოველდღიურ საუბრებში ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც დაღლილობის სინონიმი, ის ამავდროულად კლინიკური ტერმინიცაა, რომელიც კონკრეტულად ეხება სამუშაო ადგილზე გაჭიანურებული და უკონტროლო სტრესის შედეგებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასე განსაზღვრავს გადაწვას: „სამუშაო ადგილზე ქრონიკული სტრესის შედეგად ჩამოყალიბებული სინდრომი, რომელიც წარმატებით ვერ იმართა. მას სამი რამ ახასიათებს: 1) ენერგიის ამოწურვის ან გადაღლილობის განცდა; 2) სამუშაოდან გონებრივი დისტანცირება, ნეგატიური ან ცინიკური დამოკიდებულება, რომელიც სამუშაოს უკავშირდება; და 3) საკუთარი არაეფექტურობისა და არაპროდუქტიულობის განცდა. გადაწვა ეხება კონკრეტულად პროფესიულ საქმიანობას/სამსახურს და არ უნდა იქნას გამოყენებული ცხოვრების სხვა სფეროებში გამოცდილების აღსაწერად.“
ზოგადად, გადაწვა შეიძლება მოგვარდეს პროფესიული გარემოს შეცვლით – მაგალითად, გადაწყვეტილებების მიღების წესის ცვლილებით ან სამუშაოზე კონტროლის ცვლილებით; დასვენებისა და აღდგენის შესაძლებლობების მატებით; თანამშრომლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებით; სამსახურებრივი მოვალეობების შეცვლით. ის ასევე შეიძლება მოგვარდეს პირადი ჩვევების შეცვლით – კვების გაუმჯობესებით; მეტი ძილით და ვარჯიშით; ან/და სტრესის დაძლევის სტრატეგიების გადასინჯვა-ცვლილებით.
სიუჟეტებში ჟურნალისტებმა გადაწვა უნდა მოიხსენიონ მხოლოდ პროფესიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის კონტექსტში.
ახალი ამბების სტუდიასა და პროფესიულ ცხოვრებაში, ჟურნალისტებმა და მენეჯერებმა უნდა იცოდნენ: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გადაწვის რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ, უწყვეტი სტრესის გავლენა ხშირად შეიძლება იმართოს და შერბილდეს.
თანაგრძნობით დაღლილობა (compassion fatigue): ტრავმის ზემოქმედებაზე საუბრისას, ამ ზოგად ფრაზას ორი ძალიან განსხვავებული მნიშვნელობა აქვს.
ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, პირველადი რეაგირების და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც ავადმყოფ ან ტრავმირებულ ადამიანებზე ზრუნავენ, უჩნდებათ თანაგრძნობით დაღლილობა, რაც ფსიქოლოგმა ჩარლზ ფიგლიმ განმარტა, როგორც „ბიოლოგიურად, ფიზიოლოგიურად და ემოციურად გამოფიტვისა და დისფუნქციის მდგომარეობა, რომელიც ჩნდება სხვისი სტრესის მიმართ თანაგრძნობის/თანაგანცდის გახანგრძლივებული ზემოქმედების შედეგად.“ თავდაპირველად, თანაგრძნობით დაღლილობას უკავშირებდნენ გადარჩენილ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად ემპათიის უნარის და ემოციური რეაქციების შემცირებას.
ამ კონტექსტში, თანაგრძნობით დაღლილობა არის გადამდები ტრავმის, მეორეული ტრავმისა და გადაწვის მსგავსი რამ. ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიაში კამათობენ მათ შორის ზუსტ მსგავსებებსა და განსხვავებებზე. სხვადასხვა პროფესიონალი სხვადასხვაგვარად განსაზღვრავს და ზომავს თანაგრძნობით დაღლილობას. ზოგიერთები უბრალოდ მეორეულ ტრავმულ სტრესზე (STS) საუბრობენ (მაგ., პტსა-ს მსგავსი სიმპტომები იმ ადამიანებთან, ვინც უშუალოდ არ ექვემდებარება მატრავმირებელ სტრესს), სხვები კი ამბობენ, რომ თანაგრძნობით დაღლილობა შეიცავს მეორეული ტრავმული სტრესის სიმპტომებს, სხვა სიმპტომებსა და ასევე, გადაწვას.
ექიმებისა და გადაუდებელი დახმარების მუშაკების თანაგრძნობით დაღლილობის მნიშვნელობა საკამათოა ზოგიერთი მკვლევრისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გადამწყვეტი ფაქტორი პაციენტებთან და კლიენტებთან ემოციური იდენტიფიკაცია კი არა, სამუშაო ადგილისთვის დამახასიათებელი ქრონიკული ფუნქციური სტრესია.
ამისგან ძალიან განსხვავებულ კონტექსტში, მედიის კვლევებში, თანაგრძნობით დაღლილობა, ჩვეულებრივ, ეხება ახალი ამბების მიმართ მგრძნობელობის დაკარგვას (როგორც ჟურნალისტის, ასევე აუდიტორიის მხრიდან). შემცირებული თანაგრძნობა და ჩართულობა შემაშფოთებელი ამბებისა და კადრების მიმართ, განსაკუთრებით ომის, შიმშილის ან კატასტროფის შემთხვევაში. გამომდინარე კრიტიკოს სუზან ზონტაგის 1977 წლის მტკიცებიდან „ფოტოები ანესთეზიას გვიკეთებენ“ (ეს შეხედულება მოგვიანებით თავად ზონტაგმა უარყო), მედია-გავლენების ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ თანაგრძნობით დაღლილობა არ არის მხოლოდ ტრავმით გაჟღენთილი საინფორმაციო ციკლის თანმდევი მოვლენა, არამედ ის ასახავს მედია კორპორაციების ფუნდამენტურ მავნე ზემოქმედებას. „დამნაშავე მედიაა. ჩვეულებრივ, ისინი კრიზისებს იმგვარად აშუქებენ ხოლმე, რომ ერთდროულად ზედმეტ სტიმულირებასაც ვგრძნობთ და მოწყენილობასაც“ (Susan Moeller, 1999).
თანაგრძნობის გადაღლილობაზე საუბრისას ყურადღება მიაქციეთ კონტექსტს და ზუსტად განსაზღვრეთ, რომელი განმარტებაა მოწოდებული. განმარტებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, თანაგრძნობით დაღლილობა ჟურნალისტებისთვის რამდენიმე მიზეზის გამოა აქტუალური: შეიძლება, ახალი ამბების პროფესიონალები თავადაც განიცდიდნენ ამ რეაქციებს; ამგვარი რეაქციის შესახებ ცოდნა შეიძლება დაეხმაროს ჟურნალისტებს, წინასწარ განსაზღვრონ და მოემზადონ რესპონდენტებთან ან მათთან მომუშავე პროფესიონალებთან ინტერვიუსთვის და გაშუქებისთვის; როდესაც თანაგრძნობით გადაღლილობა სავარაუდო ფაქტორია რომელიც გავლენას ახდენს სიტუაციაზე, ამ ფენომენში გარკვევა შეიძლება დაეხმაროს ჟურნალისტს უკეთესი კითხვების დასმაში.
კომპლექსური პტსა: კომპლექსური პტსა (კპტსა) ეხება ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმის მოდელს, რომელიც გამოწვეულია დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განმეორებითი ან ქრონიკული ინტერპერსონალური ვიქტიმიზაციითა და უძლურების განცდით. კპტსა ყველაზე ხშირად ეხება გაჭიანურებული ფიზიკური ან სექსუალური ვიქტიმიზაციის შედეგებს, როგორიცაა ინტიმური პარტნიორის მხრიდან ხანგრძლივი ძალადობა, წამება ან ტრეფიკინგი.
კომპლექსური პტსა-ს დიაგნოზი პირველად 1992 წელს შემოიღო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ჯუდიტ ლუის ჰერმანმა. ჰერმანმა შენიშნა, რომ ქრონიკულ ტრავმასა და მაკონტროლებელ ძალადობას გადარჩენილ ადამიანებს ხშირად აქვთ ემოციური და ურთიერთობის სირთულეები, რომელიც სცილდება პტსა-ს კრიტერიუმებს და არ ექვემდებარება სტანდარტულ მკურნალობას. ეს კი იწვევს მცდარ დიაგნოსტიკას, მაგალითად, მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის დიაგნოზს.
როგორც ჰერმანმა და მისმა შემდგომმა მკვლევრებმა დაადგინეს, გაჭიანურებული ვიქტიმიზაციის ან ტოტალური კონტროლის მკაფიო შედეგები, ერთჯერადი ტრავმისგან განსხვავებით, შეიძლება მოიცავდეს ბრაზის ან სხვა ემოციების რეგულირების სირთულეებს; ყოვლისმომცველი სირცხვილის, უმწეობისა ან დანაშაულის განცდას; ცვლილებებს ცნობიერებაში (მაგ., გაუცხოება გარემოდან და საკუთარი თავიდან, მოვლენების მეხსიერების დაქვეითება), მოძალადის დამახინჯებულ აღქმას; სირთულეებს ნდობასა და ურთიერთობებში.
კპტსა შედის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის სახელმძღვანელოში (ICD-11). ამისგან განსხვავებით, ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო (DSM-5) არ ცნობს ცალკე აღებულ კპტსა დიაგნოზს და მის ზოგიერთ მახასიათებელს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაში აერთიანებს.
იმ ადამიანების გაშუქებისას, ვინც ქრონიკული ძალადობა, სასტიკი მოპყრობა ან ტყვეობა გადაიტანა, ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება განსაკუთრებულ სიფრთხილე დასჭირდეთ ტრავმირებულ რესპონდენტთან ნდობის ჩამოსაყალიბებლად და შესანარჩუნებლად. ისტორიები, რომლებიც მოიცავს ხანგრძლივ შეურაცხყოფასა და ტრავმას, უნდა ასწავლიდეს მკითხველს ამ გამოცდილების რთული გავლენის შესახებ; ამავდროულად, დიაგნოსტიკური სახელდება ზედმეტად არ უნდა იყოს გამოყენებული. ინდივიდებზე რეპორტაჟის კეთებისას, ჟურნალისტებმა კპტსა მხოლოდ მაშინ უნდა ახსენონ, როდესაც გადარჩენილები მიუთითებენ, რომ ჯანდაცვის პროფესიონალმა მათი მდგომარეობა კპტსა-დ ჩათვალა.
ბავშვობის ტრავმა: აშშ-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი განსაზღვრავს ბავშვობის ტრავმას, როგორც „ბავშვის მიერ ემოციურად მტკივნეული ან სტრესული მოვლენის გამოცდილებას, რაც ხშირად იწვევს ხანგრძლივ ფსიქიკურ და ფიზიკურ შედეგებს“.
თუ თქვენ ესაუბრებით ბავშვებს, რომლებმაც ტრავმა განიცადეს, ფრთხილად იყავით და არ გამოიყენოთ სიტყვები ან ფრაზები, რამაც შეიძლება გააღიზიანოს ისინი ინტერვიუს პროცესში. Washington Post-ის რეპორტიორი ჯონ ვუდრო კოქსი დიდ დროს უთმობს რეპორტაჟისთვის მომზადებას და მზრუნველებთან საუბარს, რათა გაიგოს, რა შეკითხვებისა და სიტყვების თავიდან აცილებაა საჭირო. ყველა დაუცველ ადამიანთან, განსაკუთრებით კი ბავშვებთან, ლექსიკისა და სტილის შესახებ მოსაზრებები მხოლოდ დასრულებულ ამბავს არ ეხება – ეს რეპორტაჟის მთელი პროცესის განმავლობაში მნიშვნელოვანია.
კოლექტიური ტრავმა: კოლექტიური ტრავმა ეხება კატასტროფულ მოვლენას, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანთა დიდ ჯგუფზე. ასეთი მოვლენების მაგალითებია პოლიტიკური რეპრესიები, მასობრივი კატასტროფები, სამოქალაქო ომები, გენოციდები და მონობა. Covid-19 პანდემია წარმოადგენს კოლექტიურ ტრავმას გლობალური მასშტაბით.
ფართომასშტაბიან კოლექტიურ ტრავმას შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური შედეგები, მან შეიძლება შეცვალოს საზოგადოებების სტრუქტურა. როდესაც კოლექტიური ტრავმა გამოწვეულია ან მძაფრდება მთავრობების ან სხვა ადამიანთა ქმედებების შედეგად, შეიძლება სოციალური ნდობა და ერთიანობა შეირყეს და ანგარიშვალდებულებაც გაქრეს.
კოლექტიური ტრავმის შემდეგ საზოგადოების გაჯანსაღება შეიძლება რთული იყოს, რადგან ბევრი ადამიანი იზიარებს ტკივილს და შფოთვას და ქცევები შეიძლება მასობრივად შეიცვალოს. ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტერვენციები კოლექტიური ტრავმის დროს ემყარება საზოგადოებაზე დაფუძნებულ, კულტურით განპირობებულ მიდგომებს. მაგრამ მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის ჩარევები აქ არაეფექტურია. კოლექტიური მოქმედებები, როგორიცაა სათემო შემოქმედებითი ხელოვნება, საერთო საუბრები, თეატრი და მემორიალიზაცია, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაეხმარონ თემის წევრებს მწუხარების მონელებაში, მოვლენებზე დაფიქრებასა და მათი მნიშვნელობის გააზრებაში, სოლიდარობის პოვნაში.
დეპრესია: აშშ-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი განსაზღვრავს დეპრესიას, როგორც განწყობის ფართოდ გავრცელებულ, მაგრამ სერიოზულ აშლილობას მძიმე სიმპტომებით, რომლებიც გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ გრძნობს თავს ადამიანი, როგორ ფიქრობს და უმკლავდება ყოველდღიურ საქმიანობას. გავრცელებული სიმპტომები მოიცავს მუდმივ სევდას, უძილობას, დარღვეულ ძილს და კონცენტრაციის დაქვეითებას.
დეპრესიის (ამჟამად ოფიციალური სახელწოდებაა დეპრესიული აშლილობა) დიაგნოზის დასადგენად სპეციფიკური სიმპტომები უნდა არსებობდეს მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში. მკურნალობა, რომელიც შეიძლება დაეხმაროს დეპრესიის მქონე ადამიანებს, მოიცავს ფსიქოთერაპიას და ანტიდეპრესანტულ მედიკამენტებს. დეპრესიას ხშირად თან ახლავს პტსა.
დეპრესიის განმარტებისა და მისი ბიოლოგიური და ფიზიკური სიმპტომების გაგებასთან ერთად, უნდა იცნობდეთ მის სხვადასხვა ფორმებს, როგორებიცაა ქრონიკული და მუდმივი დეპრესიული აშლილობა (დისთიმია), ნივთიერებით/მედიკამენტებით გამოწვეული დეპრესიული დარღვევები და მშობიარობის შემდგომი დეპრესია.
სიუჟეტში ზოგადად ნუ დააკავშირებთ ერთმანეთთან თვითმკვლელობასა და დეპრესია, თუ ეს კავშირი არ არის დადასტურებული კლინიკის მიერ და თუ ეს ინფორმაცია შესაბამისი არაა სტატიის კონტექსტთან. კლინიკურად დეპრესიული ადამიანების უმეტესობა არ ცდილობს თვითმკვლელობას.
კატასტროფა: კატასტროფები საზოგადოდ ორ კატეგორიად იყოფა: ბუნებრივი კატასტროფები (მაგ., ცუნამი) და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები 9მაგ., ტერორისტული თავდასხმები და სამრეწველო უბედური შემთხვევები). ორივე კატეგორია აღწერს მოულოდნელ ან უკონტროლო მოვლენებს, რომლებიც ადამიანთა ჯგუფს ზიანსა და ტანჯვას აყენებს. ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები ზოგადად პტსა-ს უფრო მაღალ მაჩვენებლებთან ასოცირდება.
კატასტროფები საზოგადოების რეაგირების უნარებს არღვევს ან ართულებს. მასობრივი კატასტროფის შემთხვევაში ძალიან ბევრია ადამიანი საჭიროებს დახმარებას.
ნებისმიერი კატასტროფა სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანების ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ფსიქოლოგიური ჩარევის გარეშეც გამოჯანმრთელდება და განიკურნება. შედარებით მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა (საყვარელი ადამიანების თუ მატერიალური) ან ვისაც მანამდეც ჰქონდათ ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები – მათ შეიძლება მიიღონ ფსიქიკური ჯანმრთელობის გრძელვადიანი არასასურველი შედეგები და საჭიროებდნენ დახმარებას. ანალოგიურად, მათაც, ვინც პირველად დახმარებას უწევდა დაზარალებულებს, შეიძლება შეექმნათ ფსიქიკური ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები და საჭიროებდნენ დახმარებას.
კატასტროფის გაშუქებისას გაითვალისწინეთ, რომ მისი ზემოქმედება დაკავშირებული იქნება არსებულ გარემო ფაქტორებთან. ფაქტორები, როგორიცაა სიღარიბე, უხარისხო მშენებლობა ან ცუდად მართული საჯარო სერვისები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება. შესაბამისად, საზოგადოების სტრესმედეგობა (საზოგადოების უნარი გაუძლოს და თავი დააღწიოს უბედურებას) პრიორიტეტულია ზოგიერთი საქველმოქმედო ფონდისთვის, ორგანიზაციისთვის და სამთავრობო უწყებისთვის კატასტროფებისთვის მომზადების სფეროში. ფაქტორების ერთობლიობასთან დაკავშირებით, რომელიც ქმნის საზოგადოების სტრესმედეგობას, არ არსებობს შეთანხმებული კონსენსუსი, თუმცა, როგორც წესი, ის მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა სოციალური ერთიანობა, ძლიერი ადგილობრივი მმართველობა, ეკონომიკური სიმტკიცე და დეტალური დაგეგმვა.
გენდერული ძალადობა: გენდერული ძალადობა არის ქოლგა ტერმინი. მას იყენებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროპის საბჭო და სხვა სამთავრობათაშორისო უწყებები ძალადობის აღსანიშნავად, რომელიც მიმართულია ინდივიდისკენ მისი ბიოლოგიური სქესის ან გენდერული იდენტობის გამო. გენდერული ძალადობა მოიცავს ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და შევიწროება, იძულებითი ქორწინება, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება, იძულებითი აბორტი და სტერილიზაცია, ეკონომიკური ან განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმები. გაითვალისწინეთ, რომ გენდერული ძალადობა უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ქალთა მიმართ ძალადობა.
თაობათაშორისი ტრავმა: თაობათაშორისი ტრავმა, რომელსაც ზოგჯერ ტრანსგენერაციულ ტრავმას უწოდებენ, არის ძალადობის ან მუქარის გავლენა მათზე, ვინც ტრავმას გადარჩენილი ადამიანების შთამომავლები არიან. კონცეფციის ავტორია კანადელი ფსიქიატრი ვივიან რაკოფი, რომელმაც 1966 წელს პირველად დააფიქსირა ფსიქოლოგიური სტრესის მაღალი დონე ჰოლოკოსტის გადარჩენილთა შვილებს შორის. ისტორიული ტრავმა არის თაობათაშორისი ტრავმის სპეციფიკური ფორმა კულტურულ ჯგუფში, რომელსაც სისტემატური ჩაგვრის ისტორია აქვს.
არსებობს მთელი რიგი თანამედროვე კვლევები, რომლებიც ფოკუსირებულია ინდივიდუალური და კოლექტიური ტრავმის თაობათა შორის გადაცემის მექანიზმების აღმოჩენაზე. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ტრავმა შეიძლება გადაეცეს თემებსა და ოჯახებს, თუმცა, ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ეს. ზოგიერთი თეორია ამტკიცებს, რომ ტრავმაზე რეაქციები ძირითადად კულტურული და გარემო ფაქტორებით გადადის. ეპიგენეტიკის ახალი და განვითარებადი სფერო კი ვარაუდობს, რომ ძლიერმა ძალადობამ, მუქარამ ან შეურაცხყოფამ შეიძლება შეცვალოს გენის გამოხატულება, შეცვალოს ინდივიდის სტრუქტურული ან ბიოქიმიური რეაქცია საფრთხესა და სტრესზე ისე, რომ გადაეცეს შთამომავლობას.
გაითვალისწინეთ, რომ ეს თეორიები არ არის ურთიერთგამომრიცხავი: სავარაუდოდ, „თაობათაშორისი ტრავმის“ საუკეთესო ახსნაა ეპიგენეტიკური, განვითარების და კულტურული ფაქტორების რთული ურთიერთქმედება.
თუ თქვენ აკეთებთ სიუჟეტს თაობათაშორის ტრავმაზე, მის კონტექსტუალიზაციას შეეცადეთ დარგის წამყვანი თეორიების შესაბამისად. განიხილეთ შესაძლო ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ჩამოაყალიბონ პირადი და საზოგადოებრივი ტრავმის მემკვიდრეობა და გაითვალისწინეთ, რომ ეს ფაქტორები, სავარაუდოდ, განსხვავდება კულტურისა და ქვეყნის მიხედვით.
ინსტიტუციური ღალატი: ინსტიტუციური ღალატი ეხება დაწესებულების მიერ ჩადენილ არასწორ ქმედებებს მათ მიმართ, ვინც ამ ინსტიტუტზეა დამოკიდებული საბაზისო უსაფრთხოებისა და დაცვისთვის. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც უშუალოდ ინსტიტუციური უფლებამოსილების მქონე პირების მიერ მიყენებულ შეურაცხყოფას – მაგალითად, მასწავლებლების ან სასულიერო პირების მიერ ბავშვების შეურაცხყოფას – ასევე, ბიუროკრატიის უფრო ფართო თანამონაწილეობას ისეთ ქმედებებში, როგორიცაა მოძალადისთვის ხელის დაფარება ან უარი სექსუალურ ძალადობას გადარჩენილის მხარდაჭერაზე.
ტერმინი 2008 წელს შემოიღო ორეგონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ჯენიფერ ფრეიდმა, რომლის კვლევამ ინსტიტუციური ღალატი დაუკავშირა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა შორის ტრავმული რეაქციების გამწვავებას.
ფრეიდი ამტკიცებს, რომ მოძალადეები ზოგჯერ უარყოფენ პასუხისმგებლობას ეგრეთ წოდებული „DARVO“-ს სტრატეგიების გამოყენებით: უარყოფა, თავდასხმა და მსხვერპლისა და დამნაშავის როლების შეცვლა. ინსტიტუციური DARVO, მისი მტკიცებით, არის ინსტიტუციური ღალატის მავნე ფორმა: მაგალითად, პასუხისმგებლობის აღების ან მისი წევრების დაცვის ნაცვლად მსხვერპლთა დადანაშაულება ცრუ ბრალდებებით. სააგენტოებსა და დაწესებულებებში ძალადობის გაშუქებისას, ჟურნალისტებს შეიძლება სურდეთ განიხილონ, არის თუ არა ჩართული DARVO-ს დინამიკა მოცემულ სიტუაციაში და მოერიდონ ისეთი კითხვების დასმას, რამაც შეიძლება გააძლიეროს ასეთი ტაქტიკა.
2014 წელს ფრეიდმა შემოიტანა ინსტიტუციური გამბედაობის კონცეფცია, რაც ინსტიტუციური ღალატის საპირისპირო ცნებაა. ინსტიტუციური გამბედაობა განმარტებულია, როგორც „ინსტიტუციის ვალდებულება, ეძიოს სიმართლე და ჩაერთოს მორალურ ქმედებებში, მიუხედავად უსიამოვნებისა, რისკისა და მოკლევადიანი ხარჯებისა“.
მორალური სტრესი: 1984 წელს მკვლევარმა ენდრიუ ჯემეტონმა განსაზღვრა მორალური სტრესი სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც შედეგი სიტუაციისა, როდესაც მედდამ „იცის, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ინსტიტუციური შეზღუდვები თითქმის შეუძლებელს ხდის მის სწორად მოქმედებას“.
მორალური სტრესის გავლენა ფსიქიკური ჯანმრთელობის შედეგებზე სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება სხვა ჯანდაცვის პროფესიონალებს, თერაპევტებსა და პირველადი რეაგირების სპეციალისტებს შორის.
მორალური ჭრილობა: პტსა-ს ეროვნული ცენტრის (აშშ) თანახმად, „მორალური ჭრილობა შეიძლება აღმოცენდეს ისეთი მოქმედების ჩადენის ან მისი უშუალოდ ხილვის საპასუხოდ, რომელიც ეწინააღმდეგება ინდივიდის ღირებულებებსა და მორალურ შეხედულებებს“. მორალური ჭრილობა არ არის დიაგნოზი და ტრავმის მკვლევრები ვერ თანხმდებიან მის ზუსტ განმარტებაზე. მორალური ჭრილობა პირველად 1990-იან წლებში გამოავლინა ფსიქიატრმა ჯონათან შეიმ ვიეტნამის ომის ამერიკელ ვეტერანებთან მუშაობისას. შეიმ განსაზღვრა მორალური ჭრილობა, როგორც მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ჯარისკაცები არღვევენ საკუთარ ფასეულობებს ლიდერების არასათანადო ბრძანების შესრულებისას. შეის მოდელში მორალური ჭრილობა ასოცირდება ექსკლუზიურად ხელმძღვანელობის ღალატით განპირობებულ სისასტიკესთან. ცოტა ხნის წინ, ფსიქოლოგმა ბრეტ ლიცმა და სხვებმა გააფართოვეს განმარტება. ამჯერად, ის მოიცავს ჯარისკაცების რეაქციას მსგავს ეთიკურ დარღვევებზე, რაც გამოწვეულია მათივე ქმედებებით ან უმოქმედობით. სხვები მორალურ ჭრილობას აღიქვამენ, როგორც არაადაპტირებულ რეაქციას მორალურ ტკივილზე ან სპეციფიკურ რეაქციას ეთიკური დარღვევების აღიარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ განმარტებები განსხვავდება, ყველა განმარტება ასახავს სიმპტომებს, რომლებიც წარმოიქმნება მორალური დარღვევების განცდის, ჩადენის ან უშუალოდ ხილვის შედეგად.
ზოგადად, მორალური ჭრილობა უკავშირდება სოციალური იზოლაციის გამომწვევ ემოციებს, როგორიცაა დანაშაული და სირცხვილი. მორალური ჭრილობა შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, ქცევითი ან სულიერი მდგომარეობა.
რეპორტაჟის კეთებისას მორალური ჭრილობა შეიძლება გამოირჩეოდეს ჩვეულებრივი დანაშაულისგან სიტუაციების მნიშვნელოვნებით; ფრონტის ხაზზე მებრძოლების მიერ ეთიკური დარღვევის ან ძალადობის შერწყმა ძლიერ ტრავმულ მოვლენებთან; ინდივიდუალური ან ინსტიტუციური თანამონაწილეობის განცდა.
კვლევა აჩვენებს, რომ ზოგიერთი ჟურნალისტიც შეიძლება დაექვემდებაროს მორალურ ჭრილობას. „ჟურნალისტებს აქვთ ეთიკური ვალდებულებები, გააშუქონ ძალიან რთული ტრავმული მოვლენები, რომლებიც არღვევს სოციალურ კონტრაქტს, მაგალითად, მასობრივი სროლები, იძულებითი მიგრაცია ან ინსტიტუციური რასიზმი. ხანდახან, ჟურნალისტებმა დამსაქმებლების ზეწოლით თუ საკუთარი გადაწყვეტილებით, შეიძლება გააკეთონ ისეთი რამ, რაც არღვევს მათ საკუთარ სტანდარტებს, ან შეიძლება, უფრო ფართო გაგებით, იგრძნონ, რომ მათი რეპორტაჟი ან მათი დამსაქმებელი პრობლემის ნაწილია“ – ამბობს ბრუს შაპირო, დარტ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი – არსებობს მზარდი მტკიცებულებები, რომ ეს იწვევს გრძელვადიან ემოციურ სტრესს.“
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა: პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა), რომელიც პირველად განსაზღვრა ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ 1980 წელს, არის ფსიქოლოგიური ზიანი, რომელიც გამოწვეულია ექსტრემალური ტრავმული სტრესის ზემოქმედებით, როდესაც ადამიანმა თავად განიცადა ან შეესწრო საკუთარი თავის ან სხვების ფიზიკური მთლიანობისადმი რეალურ ზიანის ან საფრთხის შემცველ მოვლენას ან მოვლენებს.
დიაგნოზის დასადგენად, სიმპტომების გარკვეული რაოდენობა ქვემოთ ჩამოთვლილ ოთხ სფეროში უნდა გაგრძელდეს მატრავმირებელი მოვლენის ზემოქმედებიდან ერთი თვის მერე და ხელი შეუშალოს ადამიანს ფუნქციონირებაში. ეს სფეროებია მოვლენის ხელახლა განცდა (შემოჭრითი აზრების, ემოციებისა თუ განმეორებითი ქცევების სახით), თავის არიდება (გრძნობების გაშეშება, სოციალური იზოლაცია და ა.შ.), აზროვნებისა და ემოციების უარყოფითი ცვლილებები, და ზეაგზნებადობა. ზოგიერთი მატრავმირებელი სტრესული რეაქცია შეიძლება არსებობდეს პტსა დიაგნოზის კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშეც.
პტსა არ უნდა გამოვიყენოთ ტრავმასთან დაკავშირებული რეაქციების ზოგადი აღწერილობის მაგივრად. გაითვალისწინეთ, რომ ტრავმაგანცდილი ადამიანების უმეტესობა ბუნებრივად უმკლავდება სტრესს და არ უვითარდება პტსა. გამოიყენეთ ტერმინი პტსა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიაგნოზი ოფიციალურად დასმულია. პირველად ხსენებისას დაწერეთ სრულად „პოსტტრავმული სტრესული აშლილობა“, შემდეგ კი შეგიძლიათ შემოკლებით პტსა წეროთ.
შესაძლო პტსა-თი დაზარალებულთან ინტერვიუს დროს მიეცით მას დრო, რომ დაგისვათ ნებისმიერი შეკითხვა ინტერვიუს დაწყებამდე. თუ თქვენ აპირებთ ჰკითხოთ მატრავმირებელი ინციდენტის შესახებ, აცნობეთ ამის შესახებ წინასწარ, მიიღეთ თანხმობა და უთხარით, რომ შეუძლია ნებისმიერ დროს შეაჩეროს ინტერვიუ ან თავი შეიკავოს საუბრისგან. ყოველთვის პატივი ეცით მისგან უარის თქმის გადაწყვეტილებას. კითხვები დაუსვით ნელა ან გაიმეორეთ ხოლმე ნათქვამი, რადგან პტსა-ს მქონე ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს კონცენტრაციის სირთულეები.
პოსტტრავმული ზრდა: 1990-იანი წლების შუა ხანებში რიჩარდ ტედესკიმ და ლოურენს კოენმა პირველად გამოიყენეს ეს ტერმინი ტრავმის რეაქციებთან გამკლავების შემდეგ პოზიტიური ტრანსფორმაციის აღსაწერად. პოსტტრავმული ზრდა აღწერს დადებით ცვლილებას, რაც შეიძლება მოხდეს ტრავმის ან უბედურების დაძლევის შემდეგ. ისინი, ვინც განიცადა პოსტტრავმული ზრდა, განიცდის ცვლილებებს საკუთარ თავსა და სამყაროს აღქმაში. ისინი ხშირად აღნიშნავენ უფრო დიდ შემოქმედებით ზრდას, თანაგრძნობას, სულიერ განვითარებას, სხვებთან გაძლიერებულ კავშირს, საკუთარი სტრესის გაზრდილ შეგრძნებას და ცხოვრების ღირებულების დაფასებას.
პოსტტრავმული ზრდა ხშირად ხდება პტსა-ს და სხვა ფსიქოლოგიური ზიანის პარალელურად. არ აღწეროთ პოსტტრავმული ზრდა, როგორც „პტსა-ს საპირისპირო“. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა შეიძლება განიცადონ ამგვარი ზრდა, ეს არ ნიშნავს, რომ ტანჯვა არ არსებობს, და არც იმას, რომ ტანჯვა გარდაუვალი ან დადებითია.
რასა და ტრავმა: ინსტიტუციური რასიზმი ძალადობასა და სოციალური თანასწორობის დარღვევაზეა დაფუძნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებლად დაკავშირებულია ტრავმასთან. რასასა და ტრავმას შორის ურთიერთობის შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს. ამის გამო, ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ რამდენიმე ტერმინი და ფრთხილად მოეკიდონ მათ გამოყენებას.
რასის საფუძველზე ტრავმული სტრესი შეიძლება აღმოცენდეს, როდესაც ადამიანს პირადად შეეხება ან შეესწრება საკუთარი საზოგადოების მიმართ სახიფათო რასისტულ მოვლენას ან რასობრივ დისკრიმინაციას. ამ მოვლენის შედეგად მათ შეიძლება განუვითარდეთ პტსა-ს მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ჰიპერსიფხიზლე, დეპრესია და გადაღლილობა.
ზოგიერთი მკვლევარი და მეცნიერი იყენებს ტერმინს „რასის საფუძველზე ტრავმული სტრესი“ იმავე მნიშვნელობით, როგორც „რასობრივ ტრავმას“. სხვები თვლიან, რომ რასის საფუძველზე ტრავმული სტრესი ეხება კონკრეტულ ინციდენტს, ხოლო რასობრივი ტრავმა არის მიმდინარე, მუდმივი რასიზმის კუმულაციური ეფექტი, რომელიც შეიძლება მოხდეს სიცოცხლისთვის საშიში მოვლენების არარსებობის შემთხვევაშიც. შედეგად, რასობრივი ტრავმა შეიძლება რამდენიმე თაობას მოიცავდეს.
ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკის სტატისტიკის სახელმძღვანელოს ეს სტატია (2021) არ აღიარებს რასიზმს PTSD-ის ეტიოლოგიაში.
ჟურნალისტებმა, რომლებიც აშუქებენ რასასა და ტრავმას შორის ურთიერთობას, შესაძლოა ისეთ საზოგადოებრივ მიდგომებსა და პოლიტიკურ ინტერვენციებს მიაქციონ ყურადღება, რომლებიც მიზნად ისახავს რასიზმის და ისტორიული ძალადობის შემცირებას და თავიდან აცილებას; ასევე, შეეხონ ისტორიულ ძალადობას და გამოავლინონ ექიმები, რომლებსაც აქვთ გამოკვეთილი ინტერესი ან თერაპია ნასწავლი აქვთ რასობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
ამ განვითარებად სფეროში წამყვანი თეორეტიკოსები არიან რობერტ ტ. კარტერი, ლილიან კომას-დიასი, თემა ბრაიანტ-დევისი და მონიკა უილიამსი.
სტრესმედეგობა: ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია განსაზღვრავს სტრესმედეგობას, როგორც „კარგად ადაპტირების პროცესს უბედურების, ტრავმის, ტრაგედიის, საფრთხეების ან სტრესის მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზების წინაშე“.
სტრესმედეგობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებზე გავლენას არ ახდენს უბედურება, არამედ იმას, რომ მათ შეუძლიათ წარმატებით გაუმკლავდნენ ტრავმისა და სტრესის შედეგებს და ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდნენ.
გამოკვლევებით გამოვლინდა მრავალი ფაქტორი, რამაც შეიძლება ზოგიერთი ადამიანი სხვებზე უფრო გამძლე გახადოს, მათ შორისაა ფიზიკური სიჯანსაღე, გენეტიკა, შემეცნებითი და ემოციური მოქნილობა, სოციალური კავშირები, მყარი მორალური კოდექსი და სხვა.
ტრავმის კარგად გააზრებული რეპორტაჟი აღწერს მატრავმირებელი ზემოქმედების ნეგატიურ და რთულ ასპექტებს და იმ გზებს, რომლითაც ინდივიდები, ოჯახები და საზოგადოებები უმკლავდებიან, იზრდებიან და ადაპტაციას აკეთებენ უბედურების წინაშე. დაიმახსოვრეთ, რომ არ განსაზღვროთ ადამიანები ყველაზე უარესი მოვლენებით, რაც მათ შეემთხვათ.
რეტრავმატიზაცია: რეტრავმატიზაცია არ არის იგივე, რაც ტრავმის შემახსენებელი მოვლენა. შემახსენებლები აბრუნებენ მტკივნეულ მოგონებებს, ზოგჯერ კი ხელახლა განცდასაც. რეტრავმატიზაცია უფრო ძლიერი და ყოვლისმომცველია: ეს ხდება მაშინ, როდესაც ცნობიერი ან არაცნობიერი შეხსენება აიძულებს ადამიანს, ხელახლა განიცადოს წარსული ტრავმის განცდები, აზრები და მოგონებები, ისე ნათლად და სრულად, თითქოს ეს აწმყოში ხდება.
მაგალითად, თუ ჟურნალისტი ატარებს ინტერვიუს ტრავმას გადარჩენილთან, მას კი ჟურნალისტის წვერ-ულვაში და სუნი ახსენებს ტრავმული მოვლენის დამნაშავეს და შიში ეუფლება, ეს არის შემახსენებელი მოვლენა. მაგრამ თუ ჟურნალისტი აიძულებს გადარჩენილს ინტერვიუს მიცემას და აგრძელებს მას შემდეგაც, რაც გადარჩენილი ითხოვს შეჩერებას, ამ დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს უსუსურობისა და ექსპლუატაციის იგივე გრძნობები და რეაქციები, რაც ტრავმული მოვლენის დროს ჰქონდა – ეს არის რეტრავმატიზაცია.
ტრავმა: ტრავმა რთული და ორაზროვანი არსებითი სახელია, როგორც ყოველდღიურ, ისე კლინიკურ გამოყენებაში. ტრავმა შეიძლება ეხებოდეს ფიზიკურ ჭრილობას ან ფსიქოლოგიურ ზიანს; თავად ძალადობრივ ან მავნე მოვლენას; ასეთი მოვლენების ფსიქოლოგიურ შედეგებს; გარდაცვალებით ან ვიქტიმიზაციით გამოწვეულ საერთო გრძნობას. ეს შეიძლება ეხებოდეს აბსოლუტური შიშის ერთჯერად გამოცდილებას ან შედეგებს, ან მიმდინარე ძალადობისა და მუქარის დაგროვილ, კომპლექსურ გავლენას, ან ორივეს ერთად.
ამ გაურკვევლობას ისიც ემატება, რომ როგორც მეცნიერება გვეუბნება, ერთსა და იმავე მოვლენას ექნება ძალიან განსხვავებული ბიოფსიქოსოციალური გავლენა სხვადასხვა ინდივიდზე. ერთი და იგივე ავტოკატასტროფა შეიძლება იყოს ადვილად გადასატანი მოვლენა ერთი ადამიანისთვის, მეორეში კი გამოიწვიოს პტსა ან სხვა ფსიქოლოგიური დაზიანება.
ამ მიზეზის გამო, ფრთხილად გამოიყენეთ „ტრავმა“, როგორც არსებითი სახელი (და მისი ზმნისა და ზედსართავის ფორმები: ტრავმირება და მატრავმირებელი) და ყოველთვის ნათელი გახადეთ მნიშვნელობა და კონტექსტი. მოერიდეთ „ტრავმის“ განზოგადებულ გამოყენებას ჩვეულებრივი მწუხარების ან უბედურების აღსანიშნავად, ან იმ შემთხვევებში, როდესაც ემოციურ გამოწვევებთან ერთად სტრესმედეგობაც არაა ნახსენები.
თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ უფრო სპეციფიკური ფრაზები, რომელიც გადმოსცემს მოვლენის, რეაქციის ან მდგომარეობის კონკრეტულ შინაარსს (ანუ, უმჯობესია თქვათ „მას უჭირდა დაძინება ან კონცენტრირება“ ვიდრე „იგი ტრავმირებული იყო“). მოერიდეთ „ტრავმის“ ან „ტრავმირებულის“ ზედმეტად გამოყენებას, რომ სტრესულ მოვლენებზე ერთგვაროვანი რეაქცია არ გამოგივიდეთ და აუცილებლად განასხვავეთ მოკლევადიანი სტრესი გრძელვადიანი ტრავმული სტრესის რეაქციებისგან.
პოტენციურად მატრავმირებელი მოვლენა (PTE – Potentially Traumatic Event): პოტენციურად მატრავმირებელი მოვლენა არის ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ადამიანს რამენაირად უკავშირდება და რომელიც მოიცავს რაიმე სახის მძიმე დანაკარგს, დაზიანებას ან დაზიანების საფრთხეს, იქნება ეს რეალური თუ აღქმული. აქ სიტყვა „პოტენციურად“ მნიშვნელოვანი მოდიფიკატორია, ვინაიდან ადამიანის რეაქცია მუქარასა და ძალადობაზე ძალიან მრავალფეროვანია და ბევრი ადამიანი ჩარევის გარეშეც კი გამოჯანმრთელდება. მოვლენის, როგორც მატრავმირებლის აღწერისას, ჟურნალისტებმა უნდა განიხილონ, მათ მიერ აღწერილი ინციდენტი ფაქტობრივად აბსოლუტური და მძიმე შედეგის მომტანი იყო თუ უფრო წარმავალი ზემოქმედების მქონე, მიუხედავად იმ მიზეზებისა, რომლებმაც გამოიწვია მოკლევადიანი უბედურება.
შემახსენებელი მოვლენის გაფრთხილება: კონკრეტული, მნიშვნელოვანი ტრავმის შეხსენებამ შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს ან „შეგვახსენოს“ მოგონებები, სტრესული რეაქციები ან პტსა სიმპტომები.
გაითვალისწინეთ, რომ თუ შემახსენებელი მოვლენების გაფრთხილებებს გადაჭარბებულად გამოვიყენებთ, ამან შეიძლება შეამციროს მათი მნიშვნელობა ახალი ამბების მომხმარებლების ყველაზე მეტად შემაშფოთებელი შინაარსის შესახებ გაფრთხილებისას. ასევე, განიხილეთ განსხვავება შემახსენებელ მოვლენასა და ინფორმაციას შორის, რომელიც შეიძლება ვინმესთვის აღმოჩნდეს არასასიამოვნო, უსიამოვნო ან, უბრალოდ, რთული.
გადამდები ტრავმა: ტერმინი „გადამდები ტრავმა“ აღწერს იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას (სიმპტომებს), რომლებიც ვითარდება ტრავმირებულ ადამიანებთან პროფესიული მუშაობისას, თანაგრძნობით ჩართულობის პირობებში. ტერმინი თავდაპირველად შემოიღეს ფსიქოთერაპევტების გამოცდილების აღსაწერად, თუმცა შემდგომში გაფართოვდა და ახლა ეხება სოციალურ მუშაკებს, ჰუმანიტარულ მუშაკებსა და ჟურნალისტებსაც. გადამდები ტრავმა შეიძლება იწვევდეს ფსიქოლოგიურ ზიანს, მათ შორის სოციალურ გაუცხოებას, შფოთვას და პტსა-ს.
ჟურნალისტები რეგულარულად ამზადებენ ძალადობის შესახებ რეპორტაჟებს საზოგადოების ყველა დონეზე. ამ რეპორტაჟების საზოგადოების მიერ გაგება დამოკიდებულია ტერმინოლოგიის ზუსტად და აზრიანად გამოყენებაზე. ეს ჩანაწერები მიზნად ისახავს ძალადობასთან და მის შედეგებთან დაკავშირებული ტერმინების გარკვევას. ამ განყოფილებაში ასევე მოცემულია მოკლე სახელმძღვანელო მითითებები, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ასეთ თემებზე რეპორტაჟი სენსიტიურად, ზუსტად და ნიუანსების გათვალისწინებით.
დახურვა (Closure): „დახურვა“ არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ადამიანის განცდის აღსაწერად, რომ მის ცხოვრებაში ტრავმული ან შემაშფოთებელი მოვლენა მოგვარებულია. მას ხშირად იყენებენ განკურნების სინონიმად. ქართულ ენაში ანალოგი არ გვაქვს.
ტერმინის „დახურვა“ გამოყენებამ შეიძლება უნებლიედ დაარწმუნოს ახალი ამბების მსმენელები, რომ გადარჩენილის გამოცდილება და უბედურება აღარ მოითხოვს ყურადღებას, ან ხელი შეუშალოს საზოგადოებას ძალადობისა და მისი გრძელვადიანი გავლენის გაგებაში.
ჟურნალისტებს ზოგჯერ სურთ აღწერონ ტრავმით გადარჩენილის განკურნების განცდა დროთა განმავლობაში, ან კმაყოფილება სასამართლო პროცესის, პანაშვიდის ან სხვა რიტუალისა თუ ღონისძიების დასრულების შემდეგ. ასეთ შემთხვევებში არ შეაფასოთ შედეგი, როგორც „დახურვა“ (ან „განკურნება“ ან „სამართლის ზეიმი“), თუ ეს გრძნობები კონკრეტულად არ არის გამოხატული გადარჩენილების ან ოჯახის წევრების მიერ. თუ წყარო თვითონ არ იყენებს ტერმინს, მოერიდეთ სიტყვა „დახურვის“ გამოყენებას თქვენს სიუჟეტებში ან ინტერვიუს დროს.
კონფლიქტი: ომებისა და საერთაშორისო კონფლიქტების გაშუქებისას (თუნდაც შორეულ წარსულში დარჩენილის) იზრუნეთ, რომ თავიდან აიცილოთ განზოგადებები, ევფემიზმები ადამიანური მსხვერპლის რაოდენობის შეფასებისას, ან მითები რომელიც ფარავს ძირითადი აქტორების პასუხისმგებლობას. დაასახელეთ ჩართული ქვეყნები ან ჯგუფები, კონფლიქტის მიმდინარეობის პერიოდი და ძირითადი კონტექსტუალური ფაქტორები. ზუსტად ჩამოთვალეთ დაღუპულები და სხვა ზემოქმედება ყველაზე მკაცრი და დამოუკიდებელი არსებული მონაცემების გამოყენებით და გამოავლინეთ ომის პოტენციური დანაშაულები ან საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევები ყველა მხრიდან.
მოერიდეთ არასაჭირო გრაფიკული ენის ან გამოსახულების გამოყენებას, რამაც შეიძლება მოახდინოს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დეჰუმანიზაცია. ამავე დროს, ნუ „გაფილტრავთ“ რეალობას და ნუ გაამარტივებთ ძალადობის წამახალისებლებს. „ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ვრცელი ტერმინების მიღმა ადამიანები დგანან და რომ ადამიანებზე ან ჯგუფებზე ფიქრი, რომ ისინი მხოლოდ კარგი ან ცუდი, უდანაშაულო ან დამნაშავე არიან, ხელს უშლის ამბის სრულად გაგებას“, – ამბობს New Yorker-ის ჟურნალისტი ალექსის ოკეოვო.
„არსებობს ტენდენცია, რომ განვსაზღვროთ ადგილები და ადამიანები ყველაზე უარესი მოვლენებით, რაც მათ ოდესმე შემთხვევიათ, ნაცვლად იმისა, რომ ექსტრემალური მოვლენები ცხოვრებისეული ისტორიებისა და ამბების კონტექსტში მოთავსდეს“, ამბობს ოკეოვო. „ჟურნალისტებს უნდა აინტერესებდეთ კონფლიქტისა და ტერორიზმის კონტექსტი ამა თუ იმ ადგილას, და აწარმოონ ამ კონტექსტის გამოკვლევა რეპორტაჟებისა და კვლევის მეშვეობით, რათა სიმართლე თქვან ჩართული სუბიექტების ცხოვრებაზე.“
გენოციდი: გაერთიანებული ერების გენოციდის კონვენციის მეორე მუხლი (1948) განსაზღვრავს გენოციდს, როგორც „ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის, როგორც ასეთი, მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით: ჯგუფის წევრების მკვლელობა; ჯგუფის წევრებისთვის მძიმე სხეულის ან ფსიქიკური ზიანის მიყენება; ჯგუფის ისეთ ცხოვრებისეულ პირობებში განზრახ ჩაყენება, რომლის მიზანია მისი ფიზიკური განადგურება მთლიანად ან ნაწილობრივ; ჯგუფში ბავშვების გაჩენის პრევენციისთვის განკუთვნილი ზომების დაწესება; ერთი ჯგუფის ბავშვების სხვა ჯგუფში იძულებით გადაყვანა“.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გენოციდისთვის პასუხისმგებლობა ვრცელდება მათზე, ვინც წაახალისებს, გეგმავს, ბრძანებას გასცემს, ახორციელებს ან სხვაგვარად ხელს უწყობს გენოციდის ქმედებებს. მთავრობისა და კერძო სექტორის ლიდერები პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ქვეშევრდომების გენოციდურ ქმედებებზე, თუ მათ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ განზრახვის შესახებ.
ტერმინი „გენოციდი“ უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანთა კონკრეტული ჯგუფი სამიზნეა საერთო მახასიათებლის ან თვისებების გამო. გენოციდი არ განისაზღვრება იმ ადამიანების რაოდენობით, რომლებიც მოკლეს ან მოკვლა ემუქრებათ.
მნიშვნელოვანია კონკრეტული ადგილობრივი ან რეგიონული მოვლენების კონტექსტუალიზაცია, რამაც გამოიწვია გენოციდური აქტები. მაგრამ, დარწმუნდით, რომ თქვენ არ გამოიყენებთ ისტორიას, რაც უნდა საშინელი იყოს ის, დღევანდელი სისასტიკის ნორმალიზებისთვის. დაუპირისპირდით მოვლენების ოფიციალურ ანგარიშებს და არ წარმოადგინოთ გენოციდი, როგორც სამოქალაქო ომი. მოერიდეთ ქაოსის ან „ომის ნისლის“ (ბრძოლის ველზე გაურკვევლობა და დაბნეულობა) ხსენებას გენოციდის აღსაწერად, რომელიც განსაზღვრების თანახმად მიზანმიმართული და ორგანიზებულია.
ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობა: ეს არის ნებისმიერი სახის ძალადობა, რომელიც ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით, მიუხედავად იმისა, კანონით არის თუ არა დანაშაულად აღიარებული. იგი მოიცავს როგორც შეიარაღებულ თავდასხმას, რომელიც მიმართულია სხვა ინდივიდზე ან ადამიანთა ჯგუფზე, ასევე თვითდაზიანებას ან თვითმკვლელობას ცეცხლსასროლი იარაღით. იარაღით ძალადობა ასევე მოიცავს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებითა და მკვლელობით საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ასახულ შედეგებს, რაც განსხვავდება ქვეყნების მიხედვით – ადგილობრივი კანონმდებლობის, კულტურისა და იარაღის გამოყენების ნორმების შესაბამისად.
თუ თქვენ აშუქებთ იარაღს და იარაღით ძალადობას, დარწმუნდით, რომ იცით ცეცხლსასროლი იარაღის შესაბამისი ლექსიკა. ზუსტად აღწერეთ ინციდენტებში გამოყენებული იარაღი, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაღალ რისკებთან, მისი კონკრეტული მექანიზმები, კალიბრი და ა.შ.
ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის შესახებ ემოციურად დატვირთულ დებატებში შეეცადეთ ზუსტად აღწეროთ აქტივისტების კონკრეტული მოტივები ან მიზნები. მაგალითად, დარწმუნდით, რომ განასხვავეთ იარაღის კონტროლის დამცველები (რომლებიც მხარს უჭერენ პოლიტიკის ინიციატივებსა და კანონმდებლობას იარაღით ძალადობის აღკვეთის მიზნით) და ისინი, ვინც კამპანიას უწევს იარაღით ძალადობის პრევენციას (და ვინც შეიძლება უფრო მეტად იყოს ორიენტირებული საზოგადოების აღორძინებასა და განახლებაზე). ანალოგიურად, გაითვალისწინეთ განსხვავებები იარაღის უფლების მხარდამჭერ ორგანიზაციებსა, რომლებიც მხარს უჭერენ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან რეგულირებას და მათ შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრაქტიკულად ნებისმიერ რეგულირებას.
იარაღით ძალადობის აღსაწერად გამოყენებული ტერმინოლოგია ხშირად მიკერძოებულია, განსაკუთრებით, დაბალშემოსავლიანი და ფერადკანიანი საზოგადოების კონტექსტში. მოერიდეთ ანონიმურ, კლინიკურ ტერმინოლოგიას, რომელიც დეჰუმანიზაციას უკეთებს მსხვერპლს, გადააქვს ბრალი მასზე ან აჩენს გარდაუვალობის განცდას – მაგალითად, „არასწორ ადგილას არასწორ დროს ყოფნა“. ამ ტიპის ტერმინოლოგია განსაკუთრებით პრობლემურია, თუ ჟურნალისტები უფრო მეტი თანაგრძნობით წარმოაჩენენ თეთრკანიანთა ან მდიდარი უბნების კონტექსტს, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობა უფრო იშვიათად ხდება. ემპათიური, ზუსტი ტერმინოლოგია თავიდან აგვარიდებს მსხვერპლთა იერარქიის შექმნას.
იარაღით ძალადობის შესახებ რეპორტაჟი შეიძლება ასახავდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტებსაც. ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობისადმი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომა არის პრევენციული პოზიცია, რომელიც გამოავლენს და უმკლავდება პრობლემის მიღმა არსებული ძირითადი ფაქტორების კომპლექსურ ქსელს. ამიტომ, ჟურნალისტებმა, რომლებიც იყენებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომას, უნდა დაამყარონ ნდობა ცეცხლსასროლი იარაღის ძალადობით ყველაზე მეტად დაზარალებულ თემებში და გამოიკითხონ მათი მოსაზრებები მიყენებული ზიანისა და შესაძლო გამოსავლის შესახებ. გადაამოწმეთ ოფიციალური ანგარიშები ამ თემის წევრებთან სროლების შესახებ და ჰკითხეთ, როგორ აღწერენ მსხვერპლებს და დამნაშავეებს. გაითვალისწინეთ, რომ „მსხვერპლი“ და „მოძალადე“ ბუნდოვანი ტერმინებია, რომლებიც ხშირად ერთმანეთშია გადახლართული.
მასობრივი სროლები: მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ოფიციალური განმარტებები არსებობს, მასობრივი სროლა არის მრავალი ადამიანის მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით ერთსა და იმავე ადგილას და დროს. FBI-ის თანახმად, მასობრივი მკვლელობა არის ინციდენტი, რომლის დროსაც ოთხი ან მეტი ადამიანი იღუპება მკვლელობებს შორის გარკვეული დროის გასვლის გარეშე.
მასობრივი სროლის პირველადი შეტყობინების ეტაპზე განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ფაქტების გადამოწმებისას და მოერიდეთ სოციალურ მედიაში გავრცელებული გადაუმოწმებელი ჭორების, დაღუპულთა რაოდენობის ან მათი იდენტიფიკაციის გამეორებას. აქტიური სროლების მსვლელობისას რეპორტაჟის დროს მოერიდეთ ისეთ სტრატეგიებს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას იქ მყოფ პირებს, მაგალითად, ნუ დარეკავთ შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანების მობილურ ტელეფონებზე. უშუალოდ სროლების შემდეგ მოწმეების გამოკითხვისას, ძირითადი ფაქტებისა და მოვლენების დადგენაზე უფრო იზრუნეთ და ნუ დაიწყებთ მათ გრძნობებში ჩაღრმავებას. დარწმუნდით, რომ ნამდვილად წარუდგინეთ საკუთარი თავი გადარჩენილებს, რომლებიც შეიძლება დაბნეული ან დეზორიენტირებული იყვნენ.
მასობრივი სროლის მსხვერპლთა შესახებ რეპორტაჟისას, შეეცადეთ, მოძებნოთ დეტალები მათი ცხოვრებისა და პიროვნული თვისებების შესახებ – ხაზი გაუსვით იმას, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი და არა იმას, როგორ დაიღუპნენ. იფიქრეთ არა მხოლოდ სასაუბრო ტექსტზე, არამედ კარგად დაფიქრდით საჩვენებელ კადრებზეც. მაგალითად, თუ აზიარებთ ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან, აუცილებლად გაითვალისწინეთ რასა და კლასი. ჰკითხეთ საკუთარ თავს, სხვაგვარ კადრებს ხომ არ გამოიყენებდით, თუ დაზარალებულები იქნებოდნენ შეძლებული ფენიდან და არა დაბალი შემოსავლის მქონე ან შავკანიანი ადამიანები.
მასობრივი სროლიდან გადარჩენილების ან მოწმეების გამოკითხვისას, ეცადეთ, მათ სანდო შუამავლის საშუალებით დაუკავშირდეთ. მაშინაც კი, თუ თქვენ მცირე დრო გაქვთ რეპორტაჟის მოსამზადებლად, იყავით მაქსიმალურად მგრძნობიარე და შეეცადეთ, აქტიურად გადააბაროთ კონტროლი ინტერვიუს პროცესში – მაგალითად, წინასწარ წააკითხეთ წამყვანის ტექსტი.
ძირითადი გამოწვევა მასობრივი სროლების გაშუქებისას არის ის, თუ როგორ წარმოვაჩინოთ მოძალადის მოტივები ზუსტად (როდესაც ისინი ცნობილია) მათი ქმედებებისა და იდეების შელამაზების გარეშე.
შეერთებულ შტატებში, მასობრივ სროლაში გადარჩენილი ზოგიერთი ოჯახი მხარს უჭერს „No Notoriety“ („ნუ გახდი ცნობილს“) პოლიტიკას და მოუწოდებს მედია ორგანიზაციებს, თავი აარიდონ მოძალადის სახელის ან სურათის გამოყენებას. ეს მიდგომა მისაღებია ზოგიერთი ჟურნალისტისთვის, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ეს ხელს უშლის საზოგადოების უფლებას, იცოდეს.
არსებობს გზები ამ განსხვავებული შეხედულებების დასაბალანსებლად. მაგალითად, ახსენეთ მოძალადის სახელი მხოლოდ მაშინ, როდესაც ის დაკავშირებულია სასამართლო პროცესებთან; არ გამოიყენოთ იგი სათაურებში ან სოციალურ მედიაში. ან, თუ არსებობს ლეგიტიმური და აშკარად გამოხატული საზოგადოებრივი ინტერესი მსგავსი მასალის გაზიარების შესახებ, გამოაქვეყნეთ მხოლოდ ყველაზე აქტუალური ნაწილი და არა მთლიანად მასალა. მოერიდეთ მასობრივი სროლების აღწერას, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას იმ მეთოდებისა და ლოგისტიკის შესახებ, რომლებიც შესაძლოა მომავალმა დამნაშავეებმა გამოიყენონ.
ფრთხილად მოეკიდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის როლის შესახებ საუბარს მასობრივ სროლაში: ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზის მქონე ადამიანების უმეტესობა არ არის მოძალადე.
სექსუალური ძალადობა: სექსუალური ძალადობა ეხება ყველა სახის იძულებით სექსუალურ აქტს ან ქმედებას. სექსუალური ძალადობის ზოგიერთი ფორმა ფიზიკურია, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებიც იყენებენ ემოციურ ან ფსიქოლოგიურ ტაქტიკას. გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა ყოველთვის უნდა იყოს გაგებული და განმარტებული, როგორც ძალადობა და არა როგორც სექსი.
მნიშვნელოვანია, კონტროლის უფლება მივცეთ მათ, ვინც განიცადა სექსუალური ძალადობა. ეს შეიძლება განხორციელდეს რეპორტაჟის პროცესის მეშვეობით (მაგალითად, წყარომ თავად დაადგინოს ინტერვიუს პირობები). ეს შეიძლება გაკეთდეს ტერმინოლოგიის საშუალებითაც.
ProPublica-ს ჟურნალისტი ადრიანა გალარდო მუშაობდა Unheard-ზე, სერიალზე სექსუალური ძალადობის შესახებ ალასკაში. ის გვირჩევს, არ გამოვიყენოთ სიტყვა „მსხვერპლი“. მაგრამ ასევე გვაფრთხილებს, არ ვივარაუდოთ, რომ სიტყვა „გადარჩენილი“ საუკეთესო ალტერნატივაა. მისი მიდგომა არის ის, რომ მოუსმინოს იმ ტერმინებს, რომელსაც თავად გამოკითხულები გამოიყენებენ საკუთარი თავის განსაზღვრისთვის და მიჰყვეს მათ. იგივე ეხება ტერმინს „დამნაშავე“. ბევრ ადამიანზე ძალადობს მათივე ნათესავი ან ნაცნობი და ამიტომ მოიხსენიებენ დამნაშავეს იმ ტერმინით, რომლითაც ყოველთვის იცნობდნენ – მამა, ბიძა, ნაცნობი. გამოყენებული ტერმინის შესახებ წყაროს მიყოლა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ კატეგორიზაცია. ეს მოგცემთ უფრო ზუსტ, ნიუანსურ ისტორიას. ეს გამოიყვანს თქვენს რეპორტაჟს აბსტრაქტული მსხვერპლი-მოძალადის სქემიდან და საშუალებას მოგცემთ, გამოიკვლიოთ რთული რეალობები, რომლებიც ხშირად თან ახლავს სექსუალურ ძალადობას და მის შედეგებს.
გამომძიებელ ჟურნალისტ კრისტენ ლომბარდის სექსუალური ძალადობის ისტორიების გაშუქების დიდი გამოცდილება აქვს. ის გვირჩევს, ინტერვიუებში არ გამოვიყენოთ სიტყვები, როგორიცაა „სავარაუდო“ ან „დაუსაბუთებელი“. თუმცა, ის აღნიშნავს, რომ ზოგჯერ თქვენ მაინც მოგიწევთ ამ ტერმინების გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავდასხმა არ დასრულებულა სისხლის სამართლის განაჩენით. თუ წყარო ამ ტერმინებს მათი ისტორიისადმი რწმენის ნაკლებობად მიიღებს, ნათლად აუხსენით, რომ ეს ასე არ არის და რომ ეს ტერმინები დაგიცავენ როგორც თქვენ, ასევე მათ მასალის გამოქვეყნების შემდეგ.
იყავით მგრძნობიარე კულტურული ნორმების მიმართ, თუ აშუქებთ სექსუალურ ძალადობას რეგიონში, საიდანაც თქვენ არ ხართ. გამოიკვლიეთ სიტყვები და ფრაზები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხმყოფლად ან შეუსაბამოდ და გაიაზრეთ, რომ წყაროებს შეიძლება ისეთი შედეგები დაუდგეთ, რომლებიც არ გაგითვალისწინებიათ ან არ გესმით.
არ გამოიყენოთ ტერმინი „ისტორიული“ წარსულში მომხდარი სექსუალური ძალადობის აღსაწერად: ის არ ასახავს ძალადობის ხანგრძლივ გავლენას. ამის ნაცვლად, შეეცადეთ დააკონკრეტოთ თარიღი, როდესაც მოხდა დანაშაული.
სექსუალური ძალადობა და კონფლიქტი: როდესაც სექსუალური ძალადობა ხდება კონფლიქტის ფარგლებში, ის ხშირად დაიყვანება პირად აქტზე, ან ომის გარდაუვალ თანმდევ შედეგზე. არც ერთი არაა სწორი. პირიქით, ეს არის ომის დანაშაული, ზოგჯერ განსაზღვრული სტრატეგიული მიზნით. მაგალითად, ბოსნიის ომის დროს გაუპატიურება გამოიყენებოდა ეთნიკური წმენდის პროგრამის ფარგლებში. სექსუალური ძალადობა კონფლიქტში განიხილება, როგორც ომის დანაშაული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ და 2008 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ გამოაცხადა, რომ „გაუპატიურება და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები შეიძლება იყოს ომის დანაშაული, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ან გენოციდის შემადგენელი აქტი.“
როგორც რეპორტიორმა, უნდა გააცნობიეროთ, როგორ უკავშირდება სექსუალური ძალადობა კონფლიქტის კონკრეტულ კონტექსტს, რომელსაც თქვენ აშუქებთ და ასევე იმ საზოგადოების კონტექსტს, რომელსაც აშუქებთ.
ინტერვიუების ჩაწერისას გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება იყოს სიტუაციები, როდესაც წყაროები დაგთანხმდნენ ინტერვიუზე, თუმცა, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ან თემის ლიდერების მხრიდან ზეწოლის გამო. ასევე, მათ შეიძლება არ იცოდნენ, რას ნიშნავს იყო რეპორტაჟის ნაწილი. მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ გაცნობიერებული თანხმობა: დაუთმეთ დრო და აუხსენით, ვინ ხართ და სად გაშუქდება ამბავი. ისიც აუხსენით, რომ თქვენი, როგორც რეპორტიორის ამოცანა ისტორიების მოყოლაა და არა ცვლილებების განხორციელება.
თუ თარჯიმანს იყენებთ, დარწმუნდით, რომ მას ნამდვილად გააცნეს ტრავმისადმი მგრძნობიარე ინტერვიუს ტექნიკისა და ტერმინოლოგიის სათანადო გამოყენების შესახებ.
ქალთა მიმართ ძალადობა: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქალთა მიმართ ძალადობას განმარტავს, როგორც „გენდერული ძალადობის ნებისმიერ აქტს, რომელიც იწვევს ან რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს ქალების ფიზიკური, სექსუალური ან ფსიქიკური ზიანი ან ტანჯვა, მათ შორის, ასეთი ქმედებების მუქარას, იძულებას ან თავისუფლების თვითნებურ აღკვეთას, იქნება ეს საჯარო თუ პირად ცხოვრებაში“.
ტერორიზმი, ტერორისტი: განმარტებები განსხვავდება, მაგრამ ტერორიზმი ზოგადად არის წინასწარ განზრახული, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, ჩადენილი არა-მებრძოლი სამიზნეების წინააღმდეგ, რომელიც ზიანის მიყენებასა და ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად. ტერორიზმის ძირითადი კომპონენტია ფართოდ გავრცელებული პანიკისა და შიშის წარმოქმნა.
ასეთი შიშის გავრცელების საშუალება ხშირად ჟურნალისტები არიან, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. იცოდეთ, რომ სიტყვები ტერორი და ტერორიზმი ჩახლართულია რთული, სუბიექტური კითხვებით პოლიტიკის, მორალის, პერსპექტივისა და იდეოლოგიის გარშემო. ვის აღწერენ, როგორც ტერორისტს და ვის – როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლს, ხშირად პოლიტიკური ალიანსების საკითხია, განსაკუთრებით სამოქალაქო კონფლიქტის, კოლონიზაციის ან ძალადობრივად შენარჩუნებული ავტოკრატიული მმართველობის სიტუაციებში. კარგად დაფიქრდით ამ ტერმინების გამოყენებაზე და ყურადღება გაამახვილეთ საჭირო ინფორმაციის მაქსიმალურად ნეიტრალურ ენაზე მიწოდებაზე.
ტერმინები „ტერორისტული თავდასხმა“ ან „ტერორისტული აქტი“ შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ სიფრთხილით.
მიმდინარე ინციდენტის შესახებ რეპორტაჟის დროს გამოიყენეთ კონკრეტული ტერმინები, როგორიცაა „ბომბი“ ან „გამტაცებელი“. დარწმუნდით, რომ ყოველთვის ამოწმებთ ინფორმაციას, რომელიც ხალხისგან ან სოციალური მედიიდან არის მოპოვებული.
იყავით გულახდილი აუდიტორიასთან თუკი თქვენს რეპორტაჟში ხარვეზებია ან თუ მუშაობთ მთავრობის შეზღუდვების გათვალისწინებით. არ გამოაქვეყნოთ მეტისმეტად მკაფიო გამოსახულება ან ინფორმაცია, რომელიც ლახავს მსხვერპლის ღირსებას.
გრძელვადიანი გაშუქება ტერორისტულ თავდასხმებს უფრო ფართო კონტექსტში და ისტორიაში უნდა ათავსებდეს. ციტატებში გამოიყენეთ მხოლოდ ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ომი ტერორთან“ და ნათლად მიუთითეთ, რომ ეს მიდგომა იყო პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი. მოერიდეთ ტერორისტული აქტების რასასა და რელიგიასთან დაკავშირებას. ასეთმა წარმოდგენებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს იმ ჯგუფების ცხოვრებაზე, რომლებიც თავდასხმასთან დაკავშირებული გამოჩნდება.
ინდივიდუალური და საზოგადოებრივი იდენტობა მთავარი საკითხებია ტრავმის გაშუქებისას – იქნება ეს იდენტობაზე დაფუძნებული ძალადობის, თემში არსებული სტრესმედეგობის თუ ტრავმის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განზომილებების გაშუქება. ეს სექცია მიზნად ისახავს, დაეხმაროს ჟურნალისტებს ზუსტად და პატივისცემით გააშუქონ ცალკეული ადამიანები ან ჯგუფები.
აბორიგენი, ძირძველი მოსახლე: ძირძველ ამერიკელ ჟურნალისტთა ასოციაცია (NAJA) მოუწოდებს ახალი ამბების სააგენტოებს, საკუთარი სახელებივით დაწერონ სიტყვები „ძირძველი მოსახლე“ და „აბორიგენი“, რადგან ისინი იდენტობებია და არა ზედსართავი სახელები. NAJA ასევე გვირჩევს, არ მოიხსენიონ ადამიანები, როგორც სახელმწიფოების ან ქვეყნების საკუთრება. მაგალითად, „ძირძველი მოსახლეობა არიზონადან“ უფრო სასურველია, ვიდრე „არიზონას ძირძველი მოსახლეობა“.
ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციისთვის დაწერილ სახელმძღვანელოში, ალან კლარკი, ეროვნებით მურუვარი და ჯილდოს მფლობელი გამომძიებელი ჟურნალისტი, აღნიშნავს, რომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და თავიდან ავირიდოთ ისეთი ტერმინებისა და გამოსახულებების გამოყენება, რომლებიც აძლიერებს ძირძველი ხალხის და მათი კულტურის მიმართ ნეგატიურ სტერეოტიპებს.
კლარკი ასევე გვთავაზობს კონკრეტულ რჩევებს ძირძველი მცხოვრებლების რეპორტაჟში ხსენების შესახებ:
- გამოიკვლიეთ საზოგადოება/თემი, რომელშიც შედიხართ – ქვეყანა, ხალხი და შესაბამისი პროტოკოლები. თუ თქვენ არ გაქვთ ურთიერთობა ადგილობრივ საზოგადოებასთან, შეეცადეთ იპოვოთ ადამიანი, რომელსაც აქვს კავშირი და დაგეხმარებათ გაცნობაში.
- ნუ ელით, რომ ეს საზოგადოებები მარტივად გაიხსნებიან და გეტყვიან ყველაფერს, რისი ცოდნაც გჭირდებათ. გამონახეთ დრო ამისთვის, შეიძლება რამდენიმე ვიზიტი დაგჭირდეთ.
- საზოგადოების ლიდერებს და ყველა სხვას მიმართეთ პატივისცემით. დაუთმეთ დრო, რათა გაიცნოთ ადამიანები და თავადაც გაეცნოთ მათ.
- გულწრფელად და მკაფიოდ ისაუბრეთ თქვენთვის სასურველი შინაარსის შესახებ, როგორ შეგროვდება მასალა, როგორ და სად გავრცელდება ის.
- ხშირად საჭიროა ნებართვის აღება ძირძველ მიწებსა და საზოგადოებებზე წვდომისთვის და წმინდა ქალაქების, კულტურული ობიექტებისა და ცერემონიების გამოსახულების ჩასაწერად და გადასაღებად.
- ადგილმდებარეობებსა და საზოგადოებებზე წვდომის ნებართვის მიღებისას, სადაც ეს შესაძლებელია და მიზანშეწონილია, დარწმუნდით, რომ უხუცესები და საზოგადოების სხვა ლიდერები სათანადოდ გაიცანით და მათ იციან, რატომ ხართ იქ.
კლარკი ავსტრალიაში მუშაობს, მაგრამ მისი რჩევები შეიძლება მთელ მსოფლიოში იქნას გამოყენებული.
ეიჯიზმი: ეს ტერმინი გამოიგონა 1969 წელს რობერტ ნ. ბატლერმა, დაბერების ეროვნული ინსტიტუტის პირველმა დირექტორმა. ბატლერს სჯეროდა, რომ ეიჯიზმი მოქმედებს როგორც ინდივიდუალურ, ისე ინსტიტუციურ დონეზე და განმარტა, როგორც „ხანდაზმულობის ნიშნით ადამიანების სისტემური სტერეოტიპების შექმნის ან დისკრიმინაციის პროცესი – ისეთივე, როგორც რასიზმი კანის ფერით, ხოლო სექსიზმი – სქესით განპირობებული. ეიჯიზმი საშუალებას აძლევს ახალგაზრდა თაობებს, ხანდაზმული ადამიანები საკუთარი თავისგან განსხვავებულებად დაინახონ; ამგვარად, ისინი წყვეტენ უფროსებთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას.“ სოციალური ცვლილებების აქტივისტმა მეგი კუნმა, რუხი პანთერების დამფუძნებელმა, ეიჯიზმს უწოდა უთანასწორობის ფუნდამენტური ძრავა, ისეთივე ძლიერი, როგორც რასიზმი, სექსიზმი ან ჰომოფობიაა.
მოერიდეთ განზოგადებებს დაბერების შესახებ თემების გაშუქებისას, ასევე სტერეოტიპული ენისა და სურათების გამოყენებას. ნუ მოეპყრობით წყაროს მფარველობითად, ნურასოდეს ჩათვლით, რომ ის უკვე მოწყვეტილია რთულ ფიზიკურ და ემოციურ ცხოვრებას, რომელსაც ახალგაზრდა თაობები გადიან.
დაბერების გაშუქება ყოველთვის უნდა იყოს ორიენტირებული იმ ფაქტზე, რომ დაბერება ბუნებრივი პროცესია და იწყება ჩასახვისთანავე. გაითვალისწინეთ განსხვავება ქრონოლოგიურ ასაკსა და ბიოლოგიურ ასაკს შორის, ასევე ადამიანის დაბერების ჰეტეროგენულობა, რომელიც სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა ტემპით ვითარდება. გაზრდილი დღეგრძელობა არის შესაძლებლობა როგორც ინდივიდებისთვის, ასევე საზოგადოებებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ხანდაზმულთა სოციალური კაპიტალით. ეს ხშირად შეუმჩნეველია რეპორტაჟებში, რომელიც ეხება დამოკიდებულების წილს და ქრონიკულ დაავადებებს ხანდაზმულ ასაკში. სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად იცვლება აღქმა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს სიბერე.
„ხანდაზმულები“ და „მოხუცები“ – მოერიდეთ ამ ტერმინების გამოყენებას ინდივიდების ან ჯგუფების აღსაწერად.
გამოიყენეთ სამედიცინო ტერმინოლოგია ასაკთან დაკავშირებული საერთო სამედიცინო მდგომარეობების აღსაწერად, მაგალითად, კოგნიტიური ცვლილებები მხოლოდ დიაგნოზის შემთხვევაში ახსენეთ. გადაამოწმეთ ინდივიდთან, საჭიროების შემთხვევაში კი მის მომვლელთან, რათა გაიგოთ, როგორ უნდა მოიხსენიოთ მათი მდგომარეობა.
აუტიზმი, აუტისტი: აუტისტური სპექტრის აშლილობა არის ტვინის განვითარებასთან დაკავშირებული რთული ნევროლოგიური მდგომარეობების ჯგუფი. სიმპტომები განსხვავებულია და შეიძლება მოიცავდეს კომუნიკაციის სირთულეებს და განმეორებითი ქცევის მოდელებს.
შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჟურნალიზმის ეროვნული ცენტრი გვირჩევს, რომ რეპორტიორებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსენიონ ადამიანი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონედ, თუ მას აქვს ოფიციალური დიაგნოზი და ინფორმაცია შეესაბამება სიუჟეტს. გარდა ამისა, ჰკითხეთ ადამიანებს, რა აღწერა სურთ. ზოგს შეიძლება უნდოდეს, რომ აუტისტად მოიხსენიონ, ზოგს კი შეიძლება ერჩივნოს აუტიზმის მქონე ან ნეიროატიპურ ადამიანად მოხსენიება.
ყოფილი სახელი: ეს არის სახელი, რომელსაც ტრანსი ადამიანი აღარ იყენებს. არ გამოაქვეყნოთ ყოფილი სახელები სიუჟეტში, თუ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის რელევანტური; არ მოითხოვოთ ეს ინფორმაცია, თუ არ დგას აუცილებლობა სიტუაციის შესასწავლად. თუ მაინც უნდა იკითხოთ, იყავით სენსიტიური – აუხსენით, რატომ გჭირდებათ ამის კითხვა, როგორ იქნება გამოყენებული ინფორმაცია და დაარწმუნეთ წყარო, რომ არ გამოაქვეყნებთ მას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე; შეზღუდული შესაძლებლობები: მოერიდეთ მოძველებულ ტერმინებს, რომლებიც ამყარებენ ნეგატიურ სტერეოტიპებს ან იწვევენ სიბრალულს. მაგალითად, არ აღწეროთ, რომ ინდივიდი „იტანჯება“ ამ მდგომარეობით და მოერიდეთ ტერმინებს, როგორიცაა „უნარშეზღუდული“ ან „ინვალიდი“.
ამის ნაცვლად, ზუსტად აღწერეთ კონკრეტული მდგომარეობა. ადამიანებზე ორიენტირებული ლექსიკა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ პიროვნების განსაზღვრა მათი შეზღუდული შესაძლებლობის მიხედვით (მაგ., „ინვალიდობის მქონე პირი“). ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზოგი ადამიანი, მაგალითად, როგორიც ყრუთა საზოგადოების წევრები არიან, უპირატესობას ანიჭებენ იდენტობაზე ორიენტირებულ ლექსიკას. თუ შესაძლებელია, გადაამოწმეთ წყაროსთან, რა არის მისთვის სასურველი.
ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობები მხოლოდ იმ შემთხვევაში ახსენეთ, თუ ეს დაკავშირებულია ამბავთან. თუ არ ხართ დარწმუნებული, რამდენად არის დაკავშირებული, ჰკითხეთ.
კრისტინ გილგერი, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჟურნალიზმის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მოუწოდებს ჟურნალისტებს, დარწმუნდნენ, რომ მათ თავიანთ საქმიანობაში გაითვალისწინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხმები: „ნამდვილ ექსპერტს კარგავთ, თუ არ ესაუბრებით ადამიანებს, რომლებსაც თავად აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები ან არიან სიტუაციაში, რომელსაც აშუქებთ.“
გენდერული იდენტობა: გენდერული იდენტობა მიუთითებს იმაზე, თუ როგორ გრძნობენ ან წარმოაჩენენ საკუთარ თავს ადამიანები. ეს შეიძლება შეესაბამებოდეს ან განსხვავდებოდეს სქესისგან, რომელიც მათ დაბადებისას მიენიჭათ. მიუთითეთ ინდივიდის სქესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამბავს რაიმეთი უკავშირდება. მიიღეთ ნებართვა წყაროსგან სქესის შესახებ დეტალების გამოქვეყნებისას, თუ არსებობს რისკი, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს არასასურველი შედეგები ამ ადამიანისთვის.
ძირძველი ამერიკელი: ძირძველი ამერიკელები ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი ხალხია. ტერმინი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ორი ან მეტი ადამიანისგან შედგენილი ჯგუფის აღსაწერად, რომლებიც სხვადასხვა ტომობრივი კუთვნილებიდან არიან. თუ თქვენ იღებთ ინტერვიუს ინდივიდებისგან, ან აწვდით ინფორმაციას ცალკეული ტომების შესახებ, მაშინ დაასახელეთ ისინი მათთვის სასურველი ტომობრივი კუთვნილების მიხედვით.
სათაურებში ტომები მათი შესაბამისი სახელებით უნდა მოიხსენიოთ, ხოლო ჟურნალისტებმა, რომლებიც ამ საზოგადოებას გარედან აშუქებენ, უნდა გამონახონ დრო ვრცელი კვლევისთვის.
ტრისტან აჰტონი, Texas Observer-ის რედაქტორი და მკვიდრი ამერიკელი ჟურნალისტების ასოციაციისყოფილი პრეზიდენტი, ხაზს უსვამს გაშუქების დაწყებამდე ტომის მმართველობის, კანონის, სტრუქტურის, კულტურის, საზავო ხელშეკრულების ისტორიისა და ეკონომიკური შემადგენლობის გაგების მნიშვნელობას.
გეტო: გეტო არის გეოგრაფიული ტერიტორია, სადაც ცხოვრობენ უმცირესობის ჯგუფის წევრები, რომლებიც იქ ცხოვრობენ სოციალური, პოლიტიკური ან ფინანსური ზეწოლის გამო. ეს ტერმინი ყველაზე ადრე გამოიყენეს ვენეციაში, სადაც 1516 წელს ქალაქის ებრაელი მოსახლეობა იძულებით იყო სეგრეგირებული. ჰოლოკოსტის დროს ნაცისტებმა დააარსეს 1000-ზე მეტი გეტო ებრაელი და ბოშა მოსახლეობის დასასახლებლად.
დღეს ეს ტერმინი განსაკუთრებით რეზონანსულია აშშ-ში. იგი აღნიშნავს განცალკევებულ გარეუბნებს ქალაქებში, სადაც ცხოვრობენ მრავალრიცხოვანი თემები დაბალშემოსავლიანი ფერადკანიანი მოსახლეობით.
ზოგადად, არ გამოიყენოთ სიტყვა „გეტო“ ან მასთან დაკავშირებული ზედსართავები – „ცნობილი“, „ურბანული“ და „ჯურღმული“ – გეოგრაფიული არეალის აღსაწერად. ეს კლიშეები ხშირად რასის ევფემიზმია. მოერიდეთ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარებას სამეზობლოს ან სხვა ტერიტორიის ზუსტი აღწერით, საზოგადოებრივი ინსტიტუციებისთვის ყურადღების მიქცევით, ან სოციალურ-ეკონომიკური პირობების აღნიშვნით. ეს გულისხმობს სტრუქტურული მიზეზების აღნიშვნას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დანაშაული ან სიღარიბე, ასევე შეკრებისა და გამძლეობის წყაროების იდენტიფიცირებას, როგორიცაა სათემო ჯგუფების მუშაობა.
„ფრთხილად იყავი. ჩვენ ყველას გვაქვს ცრურწმენები,“ – ამბობს ჟურნალისტი გარი იანგი, ავტორი წიგნისა Another Day in the Death of America. „კარგი რეპორტიორი ცდილობს მათ შერბილებას.“
ბანდა, ბანდასთან დაკავშირებული: შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი განსაზღვრავს ძალადობრივ ბანდებს, როგორც სამ ან მეტ პიროვნებას, რომლებიც იღებენ ჯგუფურ იდენტობას და ერთვებიან კრიმინალურ საქმიანობაში თავიანთი ძალაუფლების, რეპუტაციის და ეკონომიკური რესურსების გაძლიერების ან შენარჩუნების მიზნით.
ბანდების, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის ურთიერთობის შესახებ მოხსენება აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ტერმინი ხშირად არასწორად გამოიყენება.
„სიტყვა ბანდა ძირითადად უაზრო სიტყვაა. როგორც წესი, ეს ტერმინი აღნიშნავს შავკანიან, ქალაქის უბანში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც ერთად მოძრაობენ“ – ამბობს ჟურნალისტი გარი იანგი. „ბანდასთან დაკავშირებული: რას ნიშნავს ეს? ეს შეიძლება უბრალოდ ნიშნავდეს „ცხოვრობდა კორპუსში, რომელსაც ბანდის ლიდერი მართავდა“… ანალოგიურად, ისეთი ფრაზები, როგორიცაა „ნარკოტიკებთან დაკავშირებული“, „უსახლკარობასთან დაკავშირებული“ – ეს მძიმე სიტყვებია და ამიტომ რბილად უნდა იქნას გამოყენებული“.
რასა და ეთნიკური კუთვნილება: გამოიყენეთ მითითებები ინდივიდის რასაზე ან ეთნიკურ კუთვნილებაზე მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს დაკავშირებულია ამბავთან. აუცილებლობის მაგალითებია მნიშვნელოვანი მოვლენის გაშუქება (როგორიცაა Black Lives Matter პროტესტი) ან ინციდენტი, როდესაც ინდივიდი დისკრიმინაციას განიცდის თავისი რასის გამო.
როდესაც ვინმეს რასა ან ეთნიკურობა აქტუალურია, მოერიდეთ ზოგად ტერმინებს, როგორიცაა „უმცირესობა“. ამის ნაცვლად, ჰკითხეთ თქვენს წყაროს, თუ როგორ ურჩევნია იდენტიფიცირება და ყოველთვის შეეცადეთ, აღწეროთ რაც შეიძლება კონკრეტულად. მაგალითად, თქვით, რომ ეს კონკრეტული ადამიანი ჰონდურასელია და არა ლათინო. ან, თუ ადამიანი აფრიკული წარმოშობისაა, შეამოწმეთ, როგორ სურს მას, რომ მოიხსენიონ, როგორც შავკანიანი თუ როგორც აფროამერიკელი.
ზოგადად, განიხილეთ რასა და ეთნიკურობა, როგორც საკუთარი არსებითი სახელები, რომლებიც იდენტობას გამოხატავს. ეს არ არის უბრალო ზედსართავი სახელი: ამ კონტექსტში შავკანიანი, ლათინო და მკვიდრი ისეთივე ტერმინია, როგორიცაა ირლანდიელი ამერიკელი ან აშკენაზი ებრაელი. ეროვნული მემკვიდრეობის ხსენებისას არ გააკეთოთ აქცენტი.
რასისტი, რასიზმი: მოერიდეთ ევფემისტურ ენას, როგორიცაა „რასობრივად მოტივირებული“. თუ დამოკიდებულება ან ქმედება რასისტულია, ის შეიძლება აღვწეროთ, როგორც რასისტული. თუმცა, კარგად დაფიქრდით და გაიარეთ კონსულტაცია კოლეგებთან ამ ტერმინის გამოყენებისას; დარწმუნდით, რომ მას შესაბამის კონტექსტში იყენებთ.
ტრანსგენდერი, ტრანსი: ტრანსგენდერი არის ქოლგა ტერმინი, რომელიც აღწერს ადამიანებს, რომელთა გენდერული იდენტობა არ ემთხვევა მათთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს.
ფრთხილად იყავით, რომ არ გაამჟღავნოთ წყაროს გენდერული იდენტობა მათი თანხმობის გარეშე და იცოდეთ, რომ ზოგიერთი ტრანს ადამიანი შეიძლება ამჟღავნებს იდენტობას მათი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში, მაგრამ არა სხვებში. გააცანით ტრანს წყაროებს თქვენს რეპორტაჟში ჩართვის შედეგები და დააზუსტეთ, არის თუ არა სენსიტიური ინფორმაცია თქვენს ჩანაწერებში. ნუ გამოიყენებთ რეპორტაჟში ტრანს ადამიანის სახელს წყაროსთან და რედაქტორებთან განხილვის გარეშე და თუ უშუალოდ არ ეხება თქვენს გასაშუქებელ ამბავს.
ტრანს ადამიანზე წერისას ნუ აღწერთ მათ, როგორც „იდენტიფიკაციას ახდენს კონკრეტულ სქესთან“. უბრალოდ თქვით „არის“, როგორც ამას გააკეთებდით სისგენდერი ადამიანის შემთხვევაში, რომლის გენდერული იდენტობა ემთხვევა დაბადებისას მისთვის მინიჭებულ სქესს.
გამოიყენეთ ინდივიდისთვის სასურველი ნაცვალსახელი. თუ ამის გარკვევის შესაძლებლობა არ გაქვთ, გამოიყენეთ ნაცვალსახელი, რომელიც მათ საჯარო ცხოვრებას ასახავს.
ტრავმა კვეთს სოციალური საკითხების ფართო სპექტრს და განუყოფლად არის დაკავშირებული უთანასწორობასა და უსამართლობასთან. ეს სექცია გვთავაზობს სპეციალიზებულ მითითებებს სოციალური სამართლიანობის სხვადასხვა საკითხის ტრავმის ჭრილში გაშუქებაზე, საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და სიღრმისეული გაშუქებისთვის.
ბავშვზე ძალადობა, უგულებელყოფა: უგულებელყოფა არის ბავშვის საბაზო საჭიროებების შეუსრულებლობა. მიუხედავად იმისა, რომ უგულებელყოფას შეიძლება მრავალი ფორმა ჰქონდეს, არსებობს ოთხი ძირითადი კატეგორია: ფიზიკური, საგანმანათლებლო, სამედიცინო და ემოციური. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი შეიძლება ავლენდეს უგულებელყოფის ნიშნებს (მაგალითად, ჩაცმაში) უგულებელყოფის გარეშე, მაგ., სიღარიბის გამო. უგულებელყოფა ძირითადად უმოქმედობიდან გამომდინარეობს, ხოლო ძალადობა არის ბავშვის განზრახ დაზიანება ფიზიკურად, სექსუალურად ან ემოციურად. ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობა გულისხმობს 18 წლამდე ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და უგულებელყოფას მზრუნველის როლში მყოფი პირის მიერ.
ამ საკითხებზე რეპორტაჟის კეთებისას, ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მოახდინოთ არასრულწლოვანის იდენტიფიცირება. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ იმ დეტალებთან, რომლებმაც შეიძლება ბავშვის ვინაობა გამოავლინოს. ასევე, დარწმუნდით, რომ თქვენი რეპორტაჟი უნებურად არ გულისხმობდეს თანხმობას ან ბრალის გადატანას. ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის შესახებ რეპორტაჟის მზადებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული უფროსებსა და ბავშვებს შორის განსხვავებები, თუნდაც ახალგაზრდა უკვე დიდივით გამოიყურებოდეს და, შესაბამისად, განსხვავებები ძალთა თანაფარდობაში. მაგალითად, სექსუალური ძალადობის გაშუქებისას არ უნდა ვთქვათ, რომ ბავშვმა (რომელიც არ უნდა მოვიხსენიოთ, როგორც „არასრულწლოვანი“) თანხმობა განაცხადა უფროსთან „სექსუალურ ურთიერთობებზე“ ან „შეთანხმებულ ურთიერთობაზე“ – ეს არის ერთმნიშვნელოვნად ძალადობა, ხოლო თანხმობა განპირობებულია სხვაობით ძალთა თანაფარდობაში.
მოერიდეთ ევფემიზმებს. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ მკაფიო, ზუსტი აღწერილობები და თავიდან აიცილეთ არასაჭირო დეტალები. მაგალითად, უფრო ზუსტია „გაუპატიურების“ გამოყენება, ვიდრე „თანხმობის გარეშე სექსის“.
დაავადება: დაავადება არის ავადმყოფობა, რომელიც ხასიათდება სპეციფიკური ნიშნებით ან სიმპტომებით. ნუ გამოიყენებთ ტერმინებს, რომლებიც აძლიერებს სტიგმას, ან გულისხმობს უმწეობას ან მსხვერპლობას. მაგალითად, დაწერეთ „შიდსის მქონე ადამიანები“ და არა „ადამიანები, რომლებიც შიდსით იტანჯებიან“.
ტერმინები, როგორიცაა „ნარკომანი“ ან „წამალდამოკიდებული“ ზოგადად არ უნდა გამოიყენებოდეს, როგორც არსებითი სახელი. მოერიდეთ პიროვნებების იდენტიფიცირებას მათი დაავადების მიხედვით. „ჰეროინზე დამოკიდებულება ჰქონდა“ უკეთესია, ვიდრე „ჰეროინდამოკიდებული იყო“.
სიკვდილი: სიკვდილის გაშუქება მოითხოვს სიზუსტესაც და მგრძნობელობასაც. გამოიყენეთ მკაფიო, ფაქტობრივი ენა და მოერიდეთ ევფემიზმებს, როგორიცაა „მშვიდად განისვენებს“. ასევე, იფრთხილეთ სიკვდილის მიზეზების დასახელებისას, განსაკუთრებით ისეთ მგრძნობიარე სფეროებში, როგორიცაა თვითმკვლელობა ან სტიგმატიზებული დაავადება. ბევრი საინფორმაციო ორგანიზაცია აღნიშნავს სუიციდის ცხელი ხაზის ნომრის ჩართვის საჭიროებას თვითმკვლელობის შესახებ სიუჟეტებში. მკვლელობის შემთხვევაში პრაქტიკად დანერგეთ ჯერ მსხვერპლის სახელის, შემდეგ კი მკვლელის დასახელება.
გარდაცვალების შესახებ ყველა ისტორიაში მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ადამიანის სიცოცხლეს და არა მხოლოდ მის სიკვდილს. სად მუშაობდა ადამიანი? როგორი ოჯახი დარჩა მას?
სიკვდილი უნივერსალურია, მაგრამ ადამიანების მიერ სიკვდილზე რეაგირების გზები კულტურის მიხედვით სპეციფიკურია. თუ თქვენ რეპორტაჟს აკეთებთ თქვენთვის უცხო საზოგადოებაში, ან საიდანაც თქვენ არ ხართ, გამოიკვლიეთ გლოვის ნორმები და გარდაცვალების აღნიშვნის ტრადიციები – მაგალითად, ატარებენ თუ არა ისინი დაკრძალვებს, ხსოვნის ცერემონიებს, შინ დაბრუნების ცერემონიას (აფრიკულ-ამერიკული რიტუალი სიმღერებით და ხუმრობით)? ოჯახებისთვის მწუხარება ძლიერ პირადულია, თუ საჯაროდ გასაზიარებელი პროცესია?
ყურადღებით შეარჩიეთ კადრებიც, რომლებიც თან ახლავს თქვენს რეპორტაჟს. თუ ფიქრობთ, რომ სურათი ლახავს გარდაცვლილის ღირსებას, მაგრამ ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს, ესაუბრეთ თქვენს რედაქტორებს და განიხილეთ, რამდენად მიზანშეწონილია მისი გამოქვეყნება.
ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი): ადამიანებით ვაჭრობა არის ადამიანების შეძენა, სარგებლის მისაღებად, მათი ექსპლუატაციის მიზნით. ყიდვა შეიძლება მოხდეს ძალის გამოყენებით, თაღლითობის ან მოტყუების გზით, მიზანი შეიძლება იყოს იძულებითი შრომა ან სექსუალური ტრეფიკინგი. ადამიანებით ვაჭრობა ხშირად დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან. ტრეფიკინგი შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს მიღმა.
ნუ აურევთ ტრეფიკინგს ადამიანების კონტრაბანდასთან – კონტრაბანდა არის სერვისის მიწოდება, რომლის დროსაც ადამიანები თანხმდებიან და ჩვეულებრივ, თანხასაც იხდიან საერთაშორისო საზღვრებზე ტრანსპორტირებისთვის.
ზოგადად, მოერიდეთ ტერმინებს, როგორიცაა „გადარჩენა“ ან „ხსნა“ ადამიანებით ვაჭრობის კონტექსტში. ეს წარმოაჩენს ძალაუფლების დისბალანსს, გადარჩენილს უძლურად წარმოაჩენს და ამცირებს მათ რთულ გამოცდილებას. ასევე, ნუ გამოიყენებთ სურათებს, რომლებიც ძალადობას აშკარად აჩვენებს, სტერეოტიპულია, ან გადარჩენილს პასიურ მსხვერპლად წარმოაჩენს.
მიგრაცია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიგრანტს განმარტავს, როგორც პირს, რომელიც გადადის ან გადავიდა საერთაშორისო საზღვრებზე ან ქვეყნის შიგნით მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით, მიუხედავად (1) პირის სამართლებრივი სტატუსისა; (2) მისი გადასვლა ნებაყოფლობითია თუ არანებაყოფლობითი; (3) რა არის გადასვლის მიზეზები; ან (4) როგორია მისი იქ ყოფნის ხანგრძლივობა.
მიგრაცია არის ქოლგა ტერმინი და არსებობს მრავალი განმარტება, რომელიც მის ქვეშ ხვდება, მაგალითად:
- თავშესაფრის მაძიებელი: ადამიანი, რომელიც ეძებს საერთაშორისო დაცვას, მაგრამ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა არ არის გადაწყვეტილი.
- ლტოლვილი: პირი, რომელიც აღიარებულია ლტოლვილად ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციით. ეს განსაზღვრავს ლტოლვილს, როგორც პირს, რომელიც იმყოფება მისი ქვეყნის ან საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ; აქვს დევნის საფუძვლიანი შიში მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო; არ შეუძლია ან არ სურს ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან დაბრუნდეს იქ, დევნის შიშით.
- იძულებით გადაადგილებული პირები: ისინი, ვინც დევნილები არიან საკუთარ ქვეყნებში.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს განსხვავებები ამ ტერმინებს შორის, რადგან ისინი განსაზღვრავენ ადამიანების უფლებებს და აკონკრეტებენ სახელმწიფოთა პასუხისმგებლობებს. ამასთან, ჟურნალისტები უნდა ცდილობდნენ, გადმოსცენ იძულებით გადაადგილებულთა ადამიანური მხარე მათი სტატუსის სამართლებრივი განსაზღვრის მიღმა.
ეს მოითხოვს კულტურული განსხვავებების პატივისცემას ღირსების უნივერსალური გრძნობის საფუძველზე. ტანჯვისა და გაჭირვების გაშუქება მნიშვნელოვანია, მაგრამ მოერიდეთ მიგრანტების ცხოვრების გამარტივებულად წარმოდგენას, მათ მხოლოდ მსხვერპლად ან პირიქით, გმირებად ჩამოყალიბებას, ან მხოლოდ მათი გამოცდილების უკიდურესობებზე ფოკუსირებას. დააფიქსირეთ რეალობის მთლიანი სპექტრი გამძლეობის, იმედისა და გადარჩენის ისტორიების მოყოლით. რაც შეიძლება მეტად მიაქციეთ ყურადღება ვინმეს ცხოვრებისა და ისტორიის უნიკალურ დეტალებს. ეს დაეხმარება აუდიტორიას, აღიქვას ისინი, როგორც მთლიანი პიროვნება და არა როგორც ლტოლვილი ან თავშესაფრის მაძიებელი.
დარწმუნდით, რომ ეს მიდგომა ვრცელდება სათაურებსა და ვიზუალურ გამოსახულებებზე. სათაურები არ უნდა იყოს სენსაციური. ეცადეთ, არ გამოიყენოთ სურათები ინტერნეტიდან ან ახალი ამბების არქივებიდან, როდესაც ინდივიდებთან ინტერვიუს ატარებთ – შედეგად შეიძლება მიიღოთ პიროვნულობისა და ინდივიდუალობის მინიმუმამდე შემცირება.
ჰანა დრეიერი, პულიცერის პრემიის ლაურეატი რეპორტიორი, რომელიც მიგრაციაზე აკეთებს რეპორტაჟებს, აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ თარგმანისადმი მიდგომაზე დაფიქრებას. არ იფიქროთ, რომ ციტატის სიტყვასიტყვით თარგმნა ყველაზე ეთიკური მიდგომაა, თუ ეს შედეგად მოიტანს, რომ ადამიანი უფრო ცუდად გამოხატავდეს სათქმელს, ვიდრე სინამდვილეშია.
მოერიდეთ ტერმინებს, როგორიცაა არალეგალური იმიგრაცია. სანაცვლოდ გამოიყენეთ არალეგალური ან უსაბუთო მიგრაცია, რომელიც აღნიშნავს ადამიანების გადაადგილებას კანონებისა და საერთაშორისო შეთანხმებების მიღმა.
ფსიქიკური აშლილობა: ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია განსაზღვრავს ფსიქიკურ აშლილობას, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც მოიცავს ცვლილებებს ემოციებში, აზროვნებაში ან ქცევაში (ან მათ კომბინაციაში). ამ განმარტებით, ფსიქიკური აშლილობები ასოცირდება სტრესთან ან/და პრობლემებთან, რომლებსაც ადგილი აქვს სოციალურ, სამუშაო ან ოჯახურ საქმიანობაში.
ამერიკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი განასხვავებს ნებისმიერ ფსიქიკურ დაავადებას (AMI) და სერიოზულ ფსიქიკურ დაავადებას (SMI). SMI არის ფსიქიკური, ქცევითი ან ემოციური აშლილობა, რომელიც იწვევს სერიოზულ ფუნქციურ დაქვეითებას, რომელიც ხელს უშლის ერთ ან რამდენიმე ძირითად ცხოვრებისეულ საქმიანობას.
ამის გამო, სიფრთხილეა საჭირო, და უნდა გარჩევადი იყოს, რეპორტაჟში გავრცელებულ ფსიქიკურ აშლილობას თუ „სერიოზულ ფსიქიკურ დაავადებას“ გულისხმობთ. ზოგადად, როდესაც ეს შესაძლებელია, ახსენეთ კონკრეტული მდგომარეობა. არ აღნიშნოთ კონკრეტული მდგომარეობა, თუ ის არ არის სიუჟეტისთვის საჭირო და ოფიციალურად არ არის დიაგნოზი დასმული. როდესაც ეს შესაძლებელია, გაარკვიეთ, ვინ დაადგინა დიაგნოზი და როდის, რა სიმპტომები აქვს ინდივიდს. თუ ეს შეუძლებელია, სანამ მეტი არ გახდება ცნობილი, გამოიყენეთ ტერმინი, როგორიცაა „პირი, რომელიც ამჟამად იღებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებს“.
მდგომარეობისა და მისი სიმპტომების აღწერისას გამოიყენეთ მკაფიო, ადამიანებზე ორიენტირებული ლექსიკა, მაგალითად, „მას შიზოფრენია აქვს“ და არა „შიზოფრენიკია“.
ნუ დააკავშირებთ ფსიქიკურ ჯანმრთელობის მდგომარეობას ძალადობასა და სახიფათო ქცევებთან: ასეთი კავშირები ხშირად არაზუსტია. მაგალითად, ხშირად აკავშირებენ მასობრივ სროლებსა და ფსიქიკურ დაავადებას, მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები უფრო ხშირად ხდებიან სროლის მსხვერპლნი, ვიდრე დამნაშავენი.
ციხეები და პატიმრები: მნიშვნელოვანია, რომ ღირსება შევუნარჩუნოთ პატიმრობაში მყოფ პირებს, მაგრამ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმ ლექსიკასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ღირსებას უნარჩუნებს.
„მგრძნობიარე საკითხია, როგორ მოვიხსენიებთ გისოსებს მიღმა მყოფ ადამიანებს“ – ამბობს ბილ დრამონდი, ჟურნალისტიკის პროფესორი UC Berkeley-ში და ავტორი წიგნისა Prison Truth: The Story of San Quentin News. „ესენი პატიმრები არიან, მსჯავრდადებულები თუ ტუსაღები? ჩემს წიგნში მე უარი ვთქვი პოლიტიკურად კორექტული ტერმინის, „დაპატიმრებული ადამიანების“ გამოყენებაზე. ეს ხელოვნურად და უცნაურად ჟღერდა… მე განზრახ ავარიდე თავი „მსჯავრდადებულს“. ეს ტერმინი ზუსტად ჰამფრი ბოგარტის ფილმებიდანაა და სხვა დატვირთვა აქვს. ანალოგიურად, ყოფილი მსჯავრდადებული… ციხე სავსეა ევფემიზმებით… როგორც წესი, ვცდილობ, რომ რეალურობა შევინარჩუნო“.
სხვები თვლიან, რომ ტერმინი პატიმარი დეჰუმანიზაციას იწვევს და უპირატესობას ანიჭებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა დაპატიმრებული პიროვნება, პატიმრობაში მყოფი ინდივიდი, მართლმსაჯულების სისტემაში მყოფი ახალგაზრდა ან პიროვნება, რომელზეც გავლენას ახდენს სისხლის სამართლის სისტემა.
შეეცადეთ გაარკვიოთ, ემხრობა თუ არა ინდივიდი / პიროვნება რომელიმე კონკრეტულ ტერმინს; თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გარკვევა უშუალოდ მასთან, იფიქრეთ ოჯახთან ან მათი საზოგადოების ლიდერთან დაკავშირებაზე.
აშშ-ს კონტექსტში, ციხეები არის სახელმწიფო ან ფედერალური დაწესებულებები, სადაც დანაშაულისთვის მსჯავრდადებული ადამიანები ერთ წელზე მეტხანს ჰყავთ დაკავებული, ხოლო საპატიმროებს ადგილობრივი სამართალდამცავები აკონტროლებენ და, როგორც წესი, აქ არიან ადამიანები, რომლებიც სასამართლოს ელოდებიან ან ერთ წელზე ნაკლებ სასჯელს იხდიან. ამიტომ ტერმინი პატიმარი არ არის შესაფერისი საპატიმროში მყოფი ადამიანებისთვის. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ორივე ტიპის დაწესებულების აღსანიშნავად იყენებს ქოლგა ტერმინს „ინსტიტუციური კორექციის საშუალებები“, რომელიც წარმოიშვა 1960-იან და 1970-იან წლებში, როდესაც რეაბილიტაციაზე უფრო დიდი აქცენტი იყო.
გარდა ამისა, განიხილეთ საკითხი კოლეგებისა და მეგობრების მრავალფეროვან სპექტრთან, რათა მოისმინოთ მათი აზრიც, რა არის შესაბამისი ტერმინი იმ კონტექსტისთვის, რომელშიც თქვენ მუშაობთ.
ეცადეთ, არ განამტკიცოთ სტერეოტიპები ციხეების, საპატიმროების და სხვა ადგილების გაშუქებისას, სადაც ადამიანი საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ცხოვრობს და იფიქრეთ უფრო ფართო კულტურულ კონტექსტზე, რომელშიც ხდება დანაშაულები და დაპატიმრება.
ასევე, მნიშვნელოვანია შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენება სისხლის სამართლის სისტემის მიერ მათი ნების საწინააღმდეგოდ დაპატიმრებული ან გადაადგილების უფლებაშეზღუდული პირების აღსაწერად, რომლებიც არ არიან ციხეებში ან საპატიმროებში. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც იმყოფებიან სარეაბილიტაციო სახლებში, განრიდების პროგრამებში, იძულებითი მკურნალობის პროგრამებში, ოჯახის მონიტორინგის ქვეშ და სასამართლოს მიერ დადგენილ სხვა პირობებში.
სექს სამუშაო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განსაზღვრავს სექსმუშაკებს, როგორც ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც იღებენ ფულს ან პროდუქტს ნებაყოფლობითი სექსუალური სერვისების ან ეროტიკული სანახაობის სანაცვლოდ, რეგულარულად ან ზოგჯერ. ტერმინი „მეძავი“ არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ არ აკეთებთ კონკრეტულ ისტორიულ ან იურიდიულ მითითებას.
დარწმუნდით, რომ თქვენს საქმიანობაში ითვალისწინებთ სექს-მუშაკების ხმებს და შეხედულებებს და არა მხოლოდ იმ ადამიანების აზრებს, რომლებსაც არ აქვთ ამ ინდუსტრიაში პირდაპირი გამოცდილება. დაუდასტურეთ წყაროებს, რომ მათი სახელის გამოყენება უსაფრთხოა და ანონიმურობაც მიენიჭებათ, თუ არსებობს შანსი, რომ მათი სახელით იდენტიფიცირება ზიანს მიაყენებს მათ. ასევე, თუ გსურთ გამოიყენოთ ინდივიდის ფოტო, აუცილებლად მოიპოვეთ თანხმობა და მზად იყავით, შენიღბოთ მისი იდენტობა მოთხოვნის შემთხვევაში. მოერიდეთ კლიშე სურათების გამოყენებას, რომლებიც ამყარებს ნეგატიურ სტერეოტიპებს სექსის შესახებ და ვერ გადმოსცემს მდგომარეობის სირთულეს.
არ გამოიყენოთ ტერმინები „სექს-მუშაკი“ ან „მეძავი“, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანს. არასრულწლოვანის შემთხვევაში, ეს არის ძალადობა.
თვითმკვლელობა: მიუხედავად იმისა, სიკვდილის მიზეზი ინდივიდუალურია თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხი, სუიციდი ყოველთვის აჩენს ტერმინოლოგიასა და ეთიკასთან დაკავშირებულ სენსიტიურ კითხვებს.
რეპორტაჟისას აირჩიეთ ზუსტი, ნეიტრალური ტერმინები, როგორიცაა „თვითმკვლელობის შედეგად გარდაიცვალა“. ნაცნობი ტერმინი „თავი მოიკლა“ სტიგმატიზაციას უწყობს ხელს, რადგან მას იმ დროს იყენებდნენ, როდესაც სუიციდი უკანონო იყო და რადგან ის გულისხმობს, რომ თვითმკვლელობა არჩევანია და არა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა. მოერიდეთ „თავი მოიკლას“, გარდა პირდაპირი ციტირებისა. ასევე, როდესაც ცნობილია, რომ გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა, მოერიდეთ ევფემიზმებს, როგორიცაა „გარდაიცვალა“, რაც შეიძლება შერცხვენასავით ჟღერდეს.
ფსიქოლოგები თვითმკვლელობას განიხილავენ, როგორც კომპლექსურ ფენომენს, რომლის მიზეზიც დაკავშირებულია ბევრი სხვადასხვა ფაქტორის კუმულაციასთან და არა ერთ კონკრეტულ მოვლენასთან. ამ მიზეზით, მოერიდეთ თვითმკვლელობის ერთი, გამარტივებული მიზეზით ახსნას; მოერიდეთ სპეკულაციებს იმის შესახებ, თუ „რატომ“ აირჩია ადამიანმა თვითმკვლელობა. სიფრთხილე გამოიჩინეთ თვითმკვლელობით დაღუპული ადამიანების მიერ დატოვებული წერილების შინაარსის გასაჯაროებისას, ისინი შეიძლება ასახავდეს არაჯანსაღ ფსიქიკურ მდგომარეობას, ან საკუთარი გადაწყვეტილების გამართლების მცდელობას სხვების დადანაშაულების ხარჯზე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევა აჩვენებს, რომ სოციალური ჯგუფის ან მედიის საშუალებით სუიციდის ჩვენებამ, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობისა და სუიციდური ქცევების ზრდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამას უწოდებენ თვითმკვლელობის გადამდებობას. ამრიგად, ჟურნალისტებს შეუძლიათ შეამცირონ ამ გადადების რისკი მოკლე, ფაქტობრივი გაშუქებით. მაგალითად, ნუ გადააქცევთ თვითმკვლელობას სენსაციად, ნუ გამოიყენებთ არაზუსტ, ზედმეტად დრამატიზებულ ლექსიკას თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და მონაცემების აღსაწერად. ნუ ახსენებთ „თვითმკვლელობის ეპიდემიას“ და ამის ნაცვლად გამოიყენეთ ტერმინი, როგორიცაა „მზარდი მაჩვენებლები“.
სუიციდით სიკვდილის შესახებ შეტყობინებისას, მოიფიქრეთ, რამდენად საჭიროა დეტალები სიუჟეტის შინაარსის გადმოსაცემად. კერძოდ, განსაკუთრებულად უნდა მოერიდოთ თვითმკვლელობის ისეთი დეტალების გამჟღავნებას, რომლებიც მოწყვლადმა ინდივიდმა საკუთარი თვითმკვლელობის მცდელობის გზამკვლევად შეიძლება გამოიყენოს; ეს ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს, მაგალითად, მეთოდის დეტალებს ან სასიკვდილო ნახტომის ზუსტ ადგილს.
თვითმკვლელობის გადამდებობა ზოგჯერ ასოცირდება ცნობილი ადამიანების სიკვდილთან. ეს შეიძლება იმის გამო ხდებოდეს, რომ ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობაზე ფიქრობს, ხედავს საზოგადოების ემოციებს ცნობილი ადამიანების გარდაცვალების შემდეგ და ხედავს მსგავს საზოგადოებრივ პასუხს საკუთარზე.
თვითმკვლელობის გადამდები ზოგჯერ ასოცირდება ცნობილი ადამიანების სიკვდილთან. ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობაზე ზრუნავს, ხედავს ემოციურ საზოგადოებას ცნობილი პიროვნების გარდაცვალების შემდეგ და წარმოიდგენს მსგავს სოციალურ რეაქციას საკუთარ გარდაცვალებაზე.
ახალ ამბებში თვითმკვლელობის გაშუქებას შეიძლება გადამდებობის საპირისპირო გავლენა ჰქონდეს: პრევენცია. სუიციდით გარდაცვლილთა შესახებ ამბები ყოველთვის უნდა გვაწვდიდეს ინფორმაციას იმის შესახებ, სად შეიძლება დახმარების მიღება საჭიროების შემთხვევაში. ეს ინფორმაცია თავად სიუჟეტში შეიძლება იყოს, ან ცალკე სვეტში, ან სიუჟეტის ბოლო კადრებში. რეპორტაჟის გაკეთებას თვითმკვლელობაზე, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაზე, შეიძლება მოჰყვეს ცნობიერების ამაღლება, რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდების ან მათი ოჯახების განათლება, ადამიანების წახალისება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსები მოიძიონ.
სუიციდის გაშუქებისას, დაფიქრდით, რა ადგილას განათავსოთ ამბავი პუბლიკაციაში ან ახალ ამბებში. მოიფიქრეთ, სიკვდილის ამბავი რამდენად საჭიროებს პირველ გვერდზე გაშუქებას, ან უნდა იყოს თუ არა ეს მთავარი ამბავი საინფორმაციო გამოშვებაში. მაშინაც კი, თუ ის იმსახურებს თვალსაჩინო გაშუქებას, გახსოვდეთ, რომ სურათები, რომლებიც ამბავს ახლავს, ძლიერ ემოციებს იწვევს. დაფიქრდით, შეიძლება თუ არა სიუჟეტი გაკეთდეს გარდაცვლილის ფოტოს გარეშე და განსაკუთრებით გაითვალისწინეთ, რომ პანაშვიდის ან დამწუხრებული საყვარელი ადამიანების ფოტოებმა შეიძლება ძლიერი გავლენა მოახდინოს ნებისმიერზე, ვინც შეიძლება ფიქრობდეს ამ საქციელის გამეორებაზე. ამის შეფასებისას დაფიქრდით ორ სიტყვაზე: „ტონი და სიხშირე“. თქვენი რეპორტაჟის ტონი ფაქტებს ასახავს თუ სენსაციური და დამწუხრებულია?
ამ გამაფრთხილებელმა ინსტრუქციებმა არ უნდა დააბრკოლოს ჟურნალისტები და არ უნდა გადააფიქრებინოს თვითმკვლელობის შესახებ რეპორტაჟის გაკეთება. პირიქით, მათ უნდა იზრუნონ, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ თვითმკვლელობის თემის გაშუქებას. სუიციდის შესახებ რეპორტაჟს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ახლდეს პრევენციის შესახებ რეპორტაჟიც. მოყევით იმ ადამიანების ისტორიები, რომლებმაც განიზრახეს საკუთარი სიცოცხლის დასრულება, მაგრამ შემდეგ განსხვავებული არჩევანი გააკეთეს, დაასახელეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
დამატებითი ცნობებისთვის, იხილეთ რესურსი: თვითმკვლელობის შესახებ რეპორტაჟი.
რედაქტირებულია ბრიუს შაპიროსა და ელანა ნიუმენის მიერ
სარედაქციო მრჩევლები: ტრისტან აჰტონი, რობერტ ტ. კარტერი, ალან კლარკი, ჯონ ვუდრო კოქსი, ჰანა დრეიერი, ბილ დრამონდი, ისმაილ ეინაშე, ადრიანა გალარდო, კრისტინ გილგერი, არი გოლდმანი, კეიტლინ ჰოუკი, კაილ ჰოპკინსი, კიმინა ლაიალი, კრისტენ ლომბარდი, ჯიმ მაკმილანი, კეიტ მაკმაჰონი, ელანა ნიუმანი, ალექსის ოკეოვო, კეტრინ პორტერფილდი, გევინ რისი, ემილი საქსი, ალ ტომპკინსი, კონი უოკერი, გარი იანგი
დარტ ცენტრის გაშუქების სტილის სახელმძღვანელო არის განახლებადი დოკუმენტი, რომელიც განახლდება ტერმინოლოგიის განვითარებასთან ერთად. თუ ფიქრობთ, რომ რაღაც აკლია ამ სახელმძღვანელოს ან გაქვთ მოსაზრება რომელიმე ჩანაწერთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტის მისამართზე: styleguide@dartcenter.org.
პროექტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა მედიის წარმომადგენლებისთვის“ სახელით, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტის სახელობის ცენტრს (Dart Center for Journalism and Trauma) მოცემული მასალის თარგმნის ნებართვისთვის.
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. ამ მასალის შინაარსი ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.