სტრესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაძაბულობის მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება გამოწვევების შემცველ, მაფრუსტრირებელ სიტუაციებში ვიგრძნოთ. ტერმინი სტრესი უმეტესად უარყოფითი ელფერის განცდებთან არის დაკავშირებული; თუმცა, ოპტიმალური დოზებით სტრესი და მცირე შფოთვა მობილიზებასა და სხვადასხვა დავალებისთვის თავის უკეთ გართმევაში გვეხმარება.
სტრესი შეიძლება გამოიწვიოს როგორც არასასიამოვნო, ასევე დადებითმა მოვლენებმაც. მაგალითად, ისეთი სასიხარულო ამბავიც კი, როგორიც არდადეგების დაგეგმვაა, ხშირად დაძაბულობით სავსე საქმედ გადაიქცევა ხოლმე. პრობლემა სტრესი მას შემდეგ ხდება, რაც ის დიდ ხანს გრძელდება, ან სიტუაციისთვის შეუსაბამოდ ძლიერია, როდესაც, ჩვენი შეფასებით, ჩვენ სიტუაციასთან გამკლავების საჭირო რესურსი არ გაგვაჩნია. ამ დროს ჩვენი ფიზიკური, ემოციური და ქცევითი რეაქციები შეიძლება მთლიანად ამ მდგომარეობამ მოიცვას და ვეღარ მოვახერხოთ მისი მართვა, ადვილად გავღიზიანდეთ და აგრესიული ქცევით ვუპასუხოთ მცირედ პრობლემებს, ხშირად ვიგრძნოთ დათრგუნულობა და შეგვაწუხოს სხვადასხვა სახის ფიზიკურმა ტკივილმაც კი.
სტრესის გავლენა ჯანმრთელობაზე
ხანგრძლივი დროის მანძილზე სტრესში ყოფნა უარყოფითად აისახება ჩვენს როგორც ფსიქიკურ, ასევე, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა, იმუნური სისტემის ჯანმრთელობაზე, ძილის ხარისხზე, შრომისუნარიანობაზე, ემოციების მართვის უნარზე და ასე შემდეგ. ორგანიზმის მუდმივ მობილიზაციაში ყოფნის მდგომარეობა გამოფიტავს ყველა სისტემას, ამ დროს შეიძლება შეგვაწუხოს კონცენტრაციის სირთულეებმა, შეგრძნებამ, რომ რეალობას მოწყვეტილები ვართ; შეიძლება თავი იჩინოს უმართავმა ბრაზმა, ადვილად გაღიზიანებამ, მეხსიერებასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა; თავის ტკივილმა, მომნელებელი სისტემის პრობლემებმა, სხეულში მუდმივი დაძაბულობის შეგრძნებამ.
სტრესი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ მდგომარეობის საფუძველზე წარმოქმნილი ენერგია შეგვიძლია ჩვენ სასარგებლოდ ვმართოთ. სტრესული სიტუაცია მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის, ვხვდებით, რაღაც ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. შესაბამისად, სიტუაციაზე და საკუთარ თავზე დაკვირვების შემდეგ, შეგვიძლია მოვლენას სხვა კუთხით შევხედოთ, დავსახოთ შესაბამისი გეგმები და სიტუაციის ან ქცევის ცვლილებით გადავჭრათ პრობლემა.
სტრესის უარყოფით გავლენასთან ეფექტურად გამკლავების გზები
რჩევები, სტრესის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, გაითვალისწინეთ შემდეგი:
- საჭიროების შემთხვევაში, ითხოვეთ დახმარება − სამსახურში თუ სახლის საქმეებში, საქმის სამართლიანად და საჭიროდ გადანაწილება მისი ეფექტურად და დაძაბულობის გარეშე შესრულების საწინდარია;
- ნუ გაექცევით პრობლემას − ამა თუ იმ საკითხის გადაჭრის ხშირად გადავადებით და თავის არიდებით სტრესი, შესაძლოა, კიდევ უფრო ძლიერი გახდეს; იგივე შეიძლება ითქვას ემოციების გამოხატვაზე − დაგროვილ ემოციებს არასასურველ ადგილას ამოიფრქვევა ახასიათებთ ხოლმე; დათრგუნვის ნაცვლად, გამოხატეთ ემოციები − ეთიკური და სოციალურად მისაღები ფორმით;
- ესაუბრეთ სანდო ადამიანს;
- გარკვეულ სიტუაციებში, სტრესული სიტუაციისთვის/პრობლემისთვის სხვა კუთხით შეხედვა დაგეხმარებათ მის გადაფასებასა და გადაჭრაში;
- თუკი კონკრეტული სიტუაციები თქვენში მუდმივად დაძაბულობას იწვევს, შეზღუდეთ იქ ყოფნის დრო, ან, სულაც, თავი აარიდეთ; არის სიტუაციები, რომელსაც ჩვენ ვერ ვცვლით და, ზოგჯერ, გარიდება კარგი გამოსავალია;
- ისწავლეთ არა-ს თქმა − როგორც პროფესიულ, ისე ყოფით ვითარებაში ეს ძალიან საჭირო უნარია;
- დღეში რამდენიმე წუთი მაინც დაუთმეთ სარელაქსაციო სავარჯიშოებს; ეს შეიძლება იყოს სუნთქვა, კუნთური რელაქსაცია, აქ და ახლა ყოფნა. სუნთქვას მნიშვნელოვანი კავშირი აქვს ჩვენს ემოციურ მდგომარეობასთან;
- მოერიდეთ კოფეინის შემცველი სასმელის, ალკოჰოლის, ნიკოტინის და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჭარბად და საზიანოდ მოხმარებას;
- შეზღუდეთ ახალი ამბების გაცნობის სიხშირე;
- დაგეგმეთ შესასრულებელი სამუშაო და განსაზღვრეთ პრიორიტეტები;