აზარტული თამაშები, იგივე გემბლინგი
აზარტული თამაშის, იგივე გემბლინგის სხვადასხვა სახეობებს არსებობის შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ ქრისტესშობამდელ წყაროებში ვხვდებით. ეს არის თამაში, სადაც მოგება ალბათობაზე და შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. სხვადასხვა კულტურაში ხსენებული სახის გასართობი აქტივობები წარმოდგენილია სპორტულ ღონისძიებებზე ფსონების დადებით, იქნება ეს ფეხბურთი თუ დოღი, ბანქოს თუ კამათლის თამაში. ინტერნეტის ეპოქაში აზარტულმა თამაშმა ვირტუალურ სივრცეში გადმოინაცვლა და მომხმარებელს ამ ფორმით შესთავაზა დროის გატარება. ფორმამ გაამარტივა გემბლინგზე ხელმისაწვდომობა.
რეკლამის გავლენა ჩვენს ქცევაზე?
აზარტულ თამაშებში ადამიანები სხვადასხვა ფორმით ერთვებიან, იქნება ეს კაზინოში, მეგობრებთან ერთად სიარული თუ ონლაინ თამაში. აზარტული თამაშები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად რეგულირდება. ქართველი კანონმდებლობა მას ნაკლებად ზღუდავს და ბიუჯეტის გარკვეულ წილს მისგან შესული გადასახადებით ავსებს. მაგრამ აქვე აშკარაა, რომ არცთუ იშვიათად, გლამურულ აზარტად ფართოდ რეკლამირებული ქცევა პრობლემურ გემბლინგში გადადის და ხშირად ადამიანებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემად იქცევა. ამ დროს, ადამიანი კარგავს თამაშის ქცევაზე კონტროლს, დღის უმეტესი ნაწილი მოცულია თამაშზე ფიქრით და აგრძელებს მას სერიოზული ფინანსური დანაკარგის მიუხედავად. ეს მდგომარეობა უარყოფით გავლენას ახდენს როგორც უშუალოდ პრობლემის მქონე ადამიანზე, ასევე მის ოჯახის წევრებსა თუ სხვა ახლო ადამიანებზე.
აზარტული თამაშების რეკლამა, მოწოდება, ჩავერთოთ ამა თუ იმ სახის გემბლინგში, გვხვდება ყველგან, ბილბორდებზე, ონლაინ სივრცეში, პირად ტელეფონებშიც კი მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით. ყველა ეს ხერხი გვარწმუნებს, რომ ფულის მოგება ადგვილია და თან – ძალიან სახალისო. თუმცა, რომ დავფიქრდეთ, როგორ გააგრძელებს წლების მანძილზე ამხელა ინდუსტრია არსებობას, თუკი მომხმარებლები მას რეგულარულად „აჯობებენ“? ალბათ ყველას გვინახავს ერთი ფილმი მაინც ან წაგვიკითხავს წიგნი, სადაც ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული ადამიანები მათი უნარების წყალობით კაზინოში თუ სხვა მსგავს დაწესებულებაში უამრავ თანხას იგებენ. რა თქმა უნდა, მოგების შანსები არსებობს, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში ეს შანსები საკმაოდ დაბალია და აქტიური მოთამაშე მუდმივად წამგებიან პოზიციაშია.
გემბლინგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა
პრობლემურ გემბლინგზე, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაზე საუბარი გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან დაიწყო; ხსენებული აშლილობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში პირველად 1978 წელს გამოჩნდა, სახელმძღვანელოს მეცხრე გამოცემაში; დღეისთვის, ხსენებული კლასიფიკაციის მე-11 გამოცემაში, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული აშლილობა ადიქტური ქცევების კატეგორიაშია მოქცეული, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეულ აშლილობებთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი ამ ქცევაზე დამოკიდებული შეიძლება გახდეს და ვეღარ შეძლოს ქცევის მართვა, უარყოფითი შედეგების მიუხედავად. აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული აშლილობა აღწერილია, როგორც თამაშებში ჩართვის განმეორებადი, მდგრადი ქცევა, ვირტუალურ სივრცეში ან რეალურ სიტუაციებში, რომელსაც ახასიათებს:
- თამაშზე კონტროლის დაკარგვა (თამაშში ჩართვა მას მერე, რაც ის გადაწყვეტს, თავი დაანებოს ამ ქცევას; სიხშირე, ანუ, თამაშში ჩართვა უფრო ხშირად, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო; ასევე, უფრო ხანგრძლივი დროით და ქცევის შეწყვეტის გაძნელებით);
- გემბლინგისთვის პრიორიტეტის მინიჭება ცხოვრებისეული სხვა ინტერესებისა და ყოველდღიური საქმიანობების ხარჯზე;
- თამაშის გაგრძელება ან გახშირებაც კი, უარყოფითი შედეგების მიუხედავად.
თუკი საკუთარ თავს ან თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს შეატყობთ ჩამოთვლილ სირთულეებს, აუცილებლად მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს. ფსიქოთერაპია ადამიანებს პრობლემური ქცევის მართვას და ამ ქცევის შედეგებთან ეფექტურად გამკლავებაში ეხმარება.
გემბლინგთან გამკლავება
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული აშლილობის დროს, გემბლინგის პატერნი პირად, ოჯახურ, სოციალურ, საგანმანათლებლო, სამსახურეობრივ და ცხოვრებისეულ სხვა მნიშვნელოვან სფეროებზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს. უმეტეს შემთხვევებში, დიაგნოზის დასასმელად აღწერილი სიმპტომები 12 თვე მაინც უნდა გრძელდებოდეს, თუმცა, შესაძლოა ამ პერიოდის შემცირებაც, თუკი პრობლემა მწვავეა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია, მე-11 გადასინჯვა).
ასაკობრივი თავისებურებების გამო, აზარტული თამაშის პრობლემურ გემბლინგად გადაქცევის რისკი უფრო მაღალია მოზარდების ჯგუფში. ემოციების და ქცევის მართვის, დაგეგმვის უნარები საშუალოდ 25 წლამდე ჩამოყალიბების პროცესშია, ამიტომაც კანონი კრძალავს არასრულწლოვანი მოქალაქეების აზარტულ თამაშებში ჩაბმას, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები თამაშის დაწყების გადავადებას პრევენციულ მექანიზმად მიიჩნევენ (პრევენციაში იგულისხმება პრობლემის თავიდან არიდება, სხვადასხვა სახის სამუშაოს გატარება და ზომების წინასწარ მიღება). ონლაინ თამაშებზე მარტივი ხელმისაწვდომობა და კონტროლის ფაქტობრივი არარსებობა განსაკუთრებული რისკის ქვეშ აყენებს მოზარდებს, ამიტომ, სასურველია, თუკი აღმზრდელები ყურადღებას გამოიჩენენ ამ ქცევის მიმართ.
პრობლემური გემბლინგი უამრავ ადამიანს უქმნის ფინანსურ, სოციალურ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. ამ სირთულეების დაძლევისთვის აუცილებელია როგორც კანონის სათანადო აღსრულება, ისევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები და თერაპიული ჩარევები.