პოზიტიური მშობლობა: ბალანსი აუცილებელ წესებსა და მოზარდის ჯანმრთელ განვითარებას შორის
როდესაც ტერმინი პოზიტიური მშობლობა გვესმის, ხშირად მისი ინტერპრეტაცია, როგორც ბავშვის/მოზარდის აღზრდის ძალიან ლიბერალური სტილის, ისე ხდება, სადაც აღმზრდელი ყველაფრის უფლებას იძლევა და არ აწესებს შეზღუდვებს. სინამდვილეში, პოზიტიური აღზრდა დამყარებულია სითბოსა და პოზიტიურ ოჯახურ ურთიერთობებზე, ეხმარება ბავშვს შექებით და წახალისებით წარმოაჩინოს თავისი საუკეთესო თვისებები, თუმცა, ახასიათებს გონივრული შეზღუდვებისა და ნათლად ჩამოყალიბებული წესების/
სანქციების არსებობაც.
ავტორიტეტული აღზრდის სტილი
მტკიცებულებების მიხედვით, ე.წ. ავტორიტეტული აღზრდის სტილი ეხმარება ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ინდივიდად ჩამოყალიბებაში, რომელსაც შეუძლია პრობლემების მოგვარება, აქვს ადეკვატური თვითშეფასება და შეუძლია აზრის თავისუფლად გამოხატვა. ავტორიტეტული აღზრდის სტილი ზრდასრულობაში ამცირებს დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის განვითარების რისკს.
ავტორიტეტული აღზრდის დროს დაცულია ბალანსი სიყვარულის და სითბოს გამოხატვას, ბავშვის სურვილების და საჭიროებების გათვალისწინებასა და დისციპლინას შორის. ეს გულისხმობს, რომ აღმზრდელსა და აღსაზრდელს შორის არის ნათლად განსაზღვრული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესები, რომელიც აუცილებლად სრულდება და ითვალისწინებს ბავშვის ან მოზარდის სურვილებსა და ინტერესებს.
განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა: მოზარდისთვის ცნობილია, რომ მეგობრებთან შეხვედრამდე უნდა მოამზადოს გაკვეთილები, მაგრამ, რიგ შემთხვევებში, აღმზრდელი ისმენს მეგობრებთან გაშვების თხოვნას ამ პირობის შესრულებამდე. ამ დროს, ავტორიტეტულ აღმზრდელს ესმის ბავშვის სურვილები და მოთხოვნილებები, თუმცა, წესების მნიშვნელობასაც არ ივიწყებს. ამიტომ, ის ახსენებს მოზარდს წესს მეცადინეობის შესახებ და, სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას გაკვეთილების სწრაფად მომზადებაში.
ავტორიტეტული აღზრდის მიზანია, ბავშვებმა იგრძნონ მშობლის ემპათია, სითბო და მხარდაჭერა, იყონ გარემოში, სადაც რთულ სიტუაციებს თანამშრომლობით და კონსტრუქციულად უმკლავდებიან. თანასწორობის განცდა ნებისმიერ ასაკში საკვანძოა ბავშვისთვის, თუმცა, მოზარდობის პერიოდში ეს გრძნობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ავტონომიურობის ცნება და მისი მნიშვნელობა
მოზარდობა არის ერთერთი გარდამტეხი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, როცა ცვლილებები ხდება როგორც ადამიანის ორგანიზმში, ასევე მის ურთიერთობებში სახლში, სკოლასა და მის გარეთ. მოზარდობის პერიოდი გოგონებისთვის 9.5 წლის ბიჭებისთვის კი 10 წლის ასაკში იწყება და ხასიათდება მრალაფეროვანი ცვლილებებით მათ სხეულში, ფსიქო-სოციალურ დონეზე კი, ამ დროს, ადრეული ასაკისგან განსხვავებით, მეტია ავტონომიურობის მოთხოვნილება, უფრო დიდი ხდება თანატოლთა ზეგავლენა, მოზარდი იწყებს საკუთარი თავის სხვებთან შედარებას, შეუძლია გრძელვადიანი გეგმები დაწყობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების უკეთ დადგენა მოვლენებს შორის. შესაბამისად, ბუნებრივიც არის, რომ მოზარდი უფრო მეტ დამოუკიდებლობას და ავტონომიურობას ითხოვს აღმზრდელებისგან.
კიდევ ერთი საკითხი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, განვითარების ეტაპებია. სასურველია ბავშვებს თავისი ასაკის და განვითარების ეტაპების შესაბამისად დავუწესოთ მოთხოვნები. მაგალითად, თუ 5 წლის ასაკში ბავშვს მაღაზიაში არ გავუშვებთ, 8 წელი ის ასაკი შეიძლება იყოს, როცა ის დამოუკიდებლად წავა საყიდლებზე; ან თუ 8 წლის ბავშვს არ ვუშვებთ მარტო მეგობრებთან ერთად, 12 წლის ასაკში შეიძლება გავუშვათ ხოლმე.
ავტონომიურობის წახალისებისთვის, შესაძლებელია აღსაზრდელთან ერთად შევთანხმდეთ იმ ძირითად წესებზე, რასაც დავიცავთ, იქნება ეს უსაფრთხოება თუ წესები ერთმანეთის პატივისცემის შესახებ.
ავტორიტეტული აღზრდა ეხმარება მშობელს ბავშვი და მოზარდი დამოუკიდებელ პიროვნებად აღიქვას და გაითვალისწინოს მისი მოსაზრებები, რაც ურთიერთობას უფრო კონსტრუქციულს და პატივისცემაზე დაფუძნებულს ხდის. გარდა ამისა, წესების ქონა და მათი თანმიმდევრულად დაცვა მოზარდს ეხმარება გამოიმუშავოს პასუხისმგებლობის გრძნობა და გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღოს შედეგები.
ავტორიტარული აღზრდის სტილის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: