პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა
როდესაც ადამიანის ცხოვრებაში სტრესული მოვლენა ხდება, იქნება ეს ახლობელი ადამიანის უეცარი გარდაცვალება, ავტოსაგზაო შემთხვევა თუ ძალადობის გამოცდილება, უმეტეს შემთხვევებში, მას სიტუაციის შესაბამისი რეაქციები აქვს: ეს შეიძლება იყოს გუნება-განწყობის დაქვეითება, მოტივაციის დაკარგვა ჩვეული საქმიანობების მიმართ, აქტივობის შემცირება და ემოციების მართვის სირთულეები, მაგალითად, როგორიცაა მომატებული შფოთვა, ძლიერი ბრაზი.
ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური სხეული გამოჯანმრთელების ბუნებრივი უნარით არის აღჭურვილი; თუკი დაზიანება ძლიერი არ არის ან რაიმე სახის პათოლოგიური მიმართულებით არ ვითარდება, ჩვენი სისტემა, გარკვეული დროის შემდეგ, დამოუკიდებლად, საკუთარი უნარებით უმკლავდება ამ გამოწვევებს. მაგალითისთვის, ხელის გაჭრის შემთხვევაში, თუ ინფექცია არ შეგვეჭრა, ჭრილობა გარკვეული დროის შემდეგ მოშუშდება. ასეა სტრესული მოვლენის გამოვლის შემდეგაც: ადამიანების უმრავლესობისთვის სტრესზე რეაქცია ხანმოკლეა, შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს და შემდგომ ადამიანი უბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას. როგორც აღვნიშნეთ, ამ პერიოდში ჩვენს განწყობაში გარკვეული ცვლილებები ნორმალური და მოსალოდნელია.
რა არის პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა?
პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) ადამიანს განსაკუთრებული ინტენსივობის სტრესული მოვლენის შემდეგ შეიძლება განუვითარდეს. ბუნებრივი (წყალდიდობა, მიწისძვრა), და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები (ომი, ძალადობა, ავტოსაგზაო შემთხვევა), მოვლენები, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ მთლიანობას, ბუნებრივია, ყველა ჩვენგანზე უარყოფით გავლენას იქონიებს. სტრესული მოვლენის შემდგომ ერთი თვის მანძილზე რეაქციები, როგორიცაა დაქვეითებული გუნება-განწყობა, შემცირებული აქტივობა, ემოციების მართვის სირთულეები, ტრავმული მოვლენის ხატების შემოჭრა გონებაში ან, პირიქით, მოვლენების გახსენების უუნარობა, ბუნებრივადაც კი მიიჩნევა − ეს ჩვენი ფსიქიკის ბუნებრივი რეაქციაა არაბუნებრივ მოვლენაზე. მაგრამ, თუკი ეს მდგომარეობა გრძელდება ტრავმული მოვლენის შემდეგ თვეზე მეტხანს და მნიშვნელოვნად უშლის ადამიანს ხელს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში, აუცილებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს მივმართოთ.
პოსტ-ტრავმული აშლილობის სიმპტომები
პოსტ-ტრავმული აშლილობის სიმპტომების გამოვლენა შეიძლება მოხდეს ტრავმული მოვლენიდან ძალიან მალე, რამდენიმე საათშიც კი, ან რამდენიმე დღეში, იშვიათ შემთხვევებში − 6 თვეში. გასული 12 თვის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნების მაჩვენებლები პტსა გავრცელებისთვის 1.3%-დან 3.6%-მდე მერყეობს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ არ არის აუცილებელი, ადამიანი თავად იყოს სტრესული მოვლენის შემსწრე − სიმპტომები, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება მძიმე ამბის გაგების შემდეგაც განვითარდეს.
პოსტ-ტრავმულ აშლილობას სიმპტომების ძირითადი სამი ჯგუფი გამოარჩევს:
ზესიფხიზლე − ადამიანი მუდმივად შფოთავს და აქვს საფრთხის შეგრძნება, ადვილად ღიზიანდება, აწუხებს უძილობა და უჭირს კონცენტრაცია;
შემოჭრები − განმეორებადი, უნებლიე ხატები, ხმები ან სხვა მოვლენები ტრავმული მოვლენიდან, რომელიც უნებლიედ ეჭრება ადამიანს გონებაში; შეიძლება მას ჰქონდეს განცდა, რომ ისევ იქ არის, იმ სიტუაციაში, სადაც ტრავმა გადაიტანა; შემოჭრებს შეიძლება ჰქონდეს სიზმრების სახეც;
განრიდება − ადამიანი თავს არიდებს იმ ადგილებს, ადამიანებს, საუბრებს, ყველაფერს, რაც ტრავმულ სიტუაციას ახსენებს.
ამ აშლილობის მქონე ადამიანებს ხშირად უჭირთ ტრავმული მოვლენის დეტალების, მიმდინარეობის გახსენება. შექმნილი სირთულეები, როგორიცაა ემოციების მართვის პრობლემები და ძლიერი შფოთვა უარყოფით გავლენას ახდენს მათი ცხოვრების ყველა ასპექტზე, ოჯახში ურთიერთობების გაუარესებიდან სამსაურეობრივი მოვალეობების შესრულების სირთულეებამდე. ხშირად ისინი ჭარბად მოიხმარენ ალკოჰოლსა და სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, აწუხებთ დეპრესია და სომატიზებული აშლილობები, რომელიც ფიზიკური ჩივილების სახით ვლინდება.
პოსტ ტრავმული აშლილობის მკურნალობა
მიმდინარე პერიოდში პტსა მკურნალობის ოქროს სტანდარტად ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია მიიჩნევა. სხვა ჩარევებიც, როგორიცაა, მაგალითად, თვალის მოძრაობით დესენსიტიზაციისა და გადამუშავების თერაპია (eye movement desensitization and reprocessing, EMDR), ეფექტურია ტრავმული მოვლენის შემდგომ სირთულეებთან გასამკლავებლად. თერაპიის პროცესში, ადამიანი სწავლობს ემოციების მართვას, შფოთვასთან, სიმპტომებით გამოწვეულ სტრესთან გამკლავებას, თანმიმდევრულად ამუშავებს ტრავმულ მოვლენას, იქამდე, სანამ მოგონება წარსულში არ გადაინაცვლებს. ადამიანს გარკვეული დრო დასჭირდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიში დასაბრუნებლად და ნაცნობ აქტივობებში ჩასართავად, რაზეც შემაწუხებელი სიმპტომების გამო უარს ამბობდა.
ესაუბრეთ თქვენს ახლობლებს თქვენი ემოციების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!