საუკუნეების მანძილზე, ადამიანები და ცხოველებიც კი უამრავ სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ტკივილის გასაყუჩებლად თუ უბრალოდ ენერგიაზე მოსასვლელად. ყველაფერი, რასაც მივირთმევთ, ვსვამთ თუ სხვა სახით ვიღებთ, ამა თუ იმ გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე.
ამჯერად გვინდა ვისაუბროთ ფსიქოაქტიურ საშუალებებზე, ნივთიერებებზე, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაზე; ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელსაც ყოფით ენაზე ხშირად ნარკოტიკებს ეძახიან, ცვლის ჩვენი ცნობიერების მდგომარეობას, გავლენას ახდენს აღქმაზე, ქცევაზე, ემოციებზე. ამ ნივთიერებებს დამოკიდებულების გამოწვევის საკმაოდ ძლიერი პოტენციალი აქვს, რაც ნიშნავს, რომ გარკვეული დროის მოხმარების შემდგომ ადამიანი ამ ნივთიერებების კვლავ მიღების ძალიან ძლიერ სურვილს გრძნობს, იმის მიუხედავად, რომ ეს მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ერთმნიშვნელოვნად საზიანოა; ხშირად ეს ლტოლვა იმდენად ძლიერია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი სხვა მეორეხარისხოვანი ხდება.
ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავლენა
ფსიქოაქტიური საშუალებების გავლენა მოზარდ და ზრდასრულ ადამიანზე საკმაოდ განსხვავებულია. თანამედროვე კვლევების თანახმად, არ არსებობს ამ ნივთიერებების მცირე დოზაც კი, რომელიც ჩვენს ორგანიზმს გარკვეული ზიანის რისკის ქვეშ არ დააყენებს, მაგრამ, ეს რისკი ბევრად მაღალია მოზარდი, ჩამოუყალიბებელი სისტემის შემთხვევაში. წარმოიდგინეთ გამშრალი, გამაგრებული ცემენტი − ძლიერი დაწოლა ან დარტყმა მასზე, შესაძლოა, ბზარს დატოვებს ან მცირე ნაწილს ჩამოატეხავს; მაგრამ, როგორი იქნება იგივე სახის ზემოქმედება ახლადდასხმული, ჯერაც სველი ცემენტის შემთხვევაში? ზიანი და შემდგომი კვალი ბევრად მკაფიო იქნება. სწორედ ამიტომ, კანონით დაშვებული ნივთიერებების მიყიდვა აკრძალულია არასრულწლოვანი მოქალაქეებისთვის. მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქალაქეებს ალკოჰოლური სასმელის შეძენა მხოლოდ 21 წლიდან შეუძლიათ.
საქართველოს კანონმდებლობით ფსიქოაქტიური საშუალებების უმეტესობა აკრძალული ნივთიერებების სიაშია; მათი შეძენა, შენახვა და მოხმარება ისჯება კანონით. თუმცა, გვაქვს ასევე ფართოდ გავრცელებული ლეგალური/კანონით დაშვებული საშუალებებიც, როგორიცაა ალკოჰოლი და თამბაქო. ყოველდღიური მოხმარების სასმელიც კი, როგორიც ჩაი და ყავაა, ფსიქოაქტიურ საშუალებებს მიეკუთვნება − მათში შემავალი ნივთიერება, კოფეინი, ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.
საზოგადოების წარმოდგენა მოხმარების შესახებ
ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს ხშირად საკმაოდ გაზვიადებული წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ მოსახლეობის რა ნაწილი მოიხმარს ამა თუ იმ ნივთიერებას. უმეტეს შემთხვევებში, წარმოსახვითი მაჩვენებელი რეალურზე მაღალია ხოლმე, რაც ამ ქცევის არასასურველი მიმართულებით ნორმალიზებას უწყობს ხელს, ანუ, ეს ქცევა ფართოდ გავრცელებულად და, შესაბამისად, ნორმალურად მიიჩნევა. სინამდვილეში, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, განსაკუთრებით მოზარდ ასაკში, იშვიათი ქცევაა, სულაც არ წარმოადგენს ნორმას და ზოგად მოსახლეობაშიც მომხმარებლები სულაც არ წარმოადგენენ უმრავლესობას.
თანამედროვე სამყაროში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ უამრავი მითი და არასწორი შეხედულებაა გავრცელებული. მოზარდებმა და მათმა მშობლებმა ეს ინფორმაცია შეიძლება მიიღონ სხვადასხვა არასანდო წყაროებიდან, მედიიდან თუ ფილმებიდან. მეცნიერულად გამართული და ასაკისთვის შესაბამისი, გასაგები ინფორმაციის ქონა დაგვიცავს როგორც არაზუსტი წარმოდგენებისგან, ისე საზიანო ქცევაში ჩაბმისგან; სოციალური უნარების განვითარება, როგორიცაა ასერტულობა, საკუთარ თავზე დაკვირვება და ემოციური წიგნიერება, პრობლემის გადაჭრის და არა-ს თქმის უნარები კი საშუალებას მოგვცემს ჩვენთვის სასარგებლო, გაცნობიერებული არჩევანი გავაკეთოთ.
დამატებითი წყაროები ქართულ ენაზე:
- მშობლებისთვის: https://altgeorgia.ge/ka/drug-info/items/%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1/?fbclid=IwAR084sKbjMHC_gIagJeqP4QiLh4l_EzO0FU8AW-H9WjWzAq9rnuaevnCGuw
- მოზარდებისთვის (წყაროები ინგლისურ ენაზე): https://teens.drugabuse.gov/
- მშობლებისთვის: https://teens.drugabuse.gov/parents