უსაფრთხოება კრიზისის გაშუქებისას

უსაფრთხოება კრიზისის გაშუქებისას (დემონსტრაციების გაშუქების მაგალითზე)

ჯუდიტ მატლოფი

დემონსტრაციების გაშუქება შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი.  აქციის მონაწილეებისგან შემდგარი ხალხის მასა შესაძლოა მოულოდნელად ძალადობრივი გახდეს. ასეთ დროს პოლიცია შეიძლება ჟურნალისტებს დაუპირისპირდეს. განსაკუთრებით რთულია არეულობის დროს სოციალური დისტანციის დაცვა. ამიტომ, მიიღეთ დამატებითი უსაფრთხოების ზომები, რათა დარჩეთ განაპირას და სწრაფად გამოსვლა შეძლოთ. თან იქონიეთ ზედმეტი ნიღბები, ხელთათმანები და სადეზინფექციო საშუალება.

მომზადება

მუშაობის დაწყებამდე გამოიკვლიეთ როგორც პროტესტის ორგანიზატორების სამოქმედო გეგმები, ისე ტაქტიკა, რომელსაც ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები ატარებენ ხალხის გასაკონტროლებლად. გაარკვიეთ, იყენებენ თუ არა ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის ან რეზინის ტყვიებს – ამ საშუალებების გამოყენება შეიძლება განსხვავდებოდეს ქალაქების მიხედვით. ნებადართულია თუ არა პროტესტი და იმართება თუ არა ის საჯარო სივრცეში? ასეთმა ფაქტორებმა შეიძლება განსაზღვროს პოლიციის რეაგირება დემონსტრაციაზე.

თუ იცით, რა ტერიტორიაზე შეიძლება დაიწყოს არეულობა (ხშირად არის ხოლმე განმეორებადი პატერნები), მოინიშნეთ შენობა, სადაც შეგიძლიათ თავშესაფარი იპოვოთ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მეგობრულად განწყობილი ბინის მფლობელი. მოერიდეთ ქსელურ და მდიდრულ მაღაზიებს, ისინი ხშირად ხდება ხოლმე ძარცვის სამიზნე.

ყოველთვის თან იქონიეთ პრესის საბუთი და რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, მაგალითად, მართვის მოწმობა. თუ თქვენს ახალი ამბების სააგენტოს არ ჰყავს იურიდიული მრჩეველი, თან იქონიეთ ტელეფონის ნომერი, რომლიდანაც შეიძლება მიიღოთ სამართლებრივი დახმარება. დაიმახსოვრეთ ნომერი იმ შემთხვევისთვის, თუ ტელეფონს ჩამოგართმევენ. ეს ნომერი დაიწერეთ მაჯაზე წყალგამძლე მარკერით. თუ დაგაკავეს, ვინმეს დაუყვირეთ, რომ თქვენი სახელით დარეკოს. იყოლიეთ ადამიანი, რომელსაც პერიოდულად დაუკავშირდებით და რომელმაც იცის, ვის უნდა დაუკავშირდეს საგანგებო სიტუაციაში. 

ადგილის შერჩევა

დარჩით ხალხის განაპირას, რათა შეინარჩუნოთ სოციალური დისტანცია და შეგეძლოთ სწრაფად უკან დახევა. იმუშავეთ ორ ან სამკაციან გუნდში, უფრო მეტი – მოუხერხებელია. ფოტოგრაფებს და ვიდეოგადამღებებს განსაკუთრებით სჭირდებათ ვინმე, ვინც მათ მიხედავს. დარწმუნდით, რომ იცით ერთმანეთის საგანგებო საკონტაქტო პირების, მათ შორის, ახალი ამბების რედაქტორების და იურისტების საკონტაქტო ინფორმაცია.

ნუ ჩადგებით აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. წინასწარ მოათვალიერეთ გასასვლელი გზები. შეეცადეთ გადაიღოთ შემაღლებული პოზიციიდან, ხალხის ზემოდან.

იდექით მათ უკან ან გვერდით, ვინც ისვრის რეზინის ტყვიებს ან სხვა „არასასიკვდილო“ იარაღს. ისინი მტკივნეულია და შეიძლება მომაკვდინებელიც იყოს.

თქვენი პრესის სამკერდე ნიშანი და აკრედიტაცია იქონიეთ ხელმისაწვდომ ადგილას, მაგრამ არა ხილულად, რადგან შესაძლოა მომიტინგეებიც და სამართალდამცავებიც მტრულად იყვნენ განწყობილი მედიის მიმართ. არ ატაროთ საიდენტიფიკაციო ნიშნები კისერზე ჩამოკიდებული, რადგან შეიძლება მოგქაჩონ ან დაგახრჩონ, თუ ვინმე დაგეჭიდებათ. თუ პოლიციამ გაიწია მომიტინგეებისკენ, საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის იყვირეთ „პრესა, პრესა“. ნუ შეეკამათებით მათ, უბრალოდ გზიდან გაეცალეთ. თუ იყვირებთ „გადავდივარ! გადავდივარ!“, ამით დაუდასტურებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მათ ბრძანებას ასრულებთ.

გახსოვდეთ პოტენციური ჭყლეტის შესახებ. ხალხის მასა ადვილად შინდება და იწყებს გაქცევას. ჭყლეტის შემთხვევაში, წადით დიაგონალზე ხალხის დინების საწინააღმდეგოდ, ჩაჰკიდეთ ხელები ერთმანეთს ან/და ჩაეხუტეთ რაიმე საგანს. უფრო მეტი ადამიანი იღუპება ჭყლეტის დროს, ვიდრე გადათელვით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, იცოდეთ გასაქცევი გზა! 

სურათები რიგრიგობით გადაიღეთ, ერთი ადამიანი მეორის უკან იდგეს. მას შეეძლება უკან გამოგწიოთ, თუ პოლიცია თავს დაგესხმით.

უფრთხილდით მომწყვდევას – როცა პოლიცია მომიტინგეებს ყველა მხრიდან ალყაში აქცევს. თუ ეჭვობთ, რომ ასე მოხდება, სასწრაფოდ გაიქეცით და დააღწიეთ თავი.

მუდმივად დააკვირდით განწყობას. თუ ადამიანები აგრესიულები ხდებიან, მოშორდით და გადით ისეთ ადგილას, საიდანაც პერიმეტრის დანახვას შეძლებთ. ნუ გარისკავთ არეულობაში მოხვედრას. გახსოვდეთ, რომ დაბრუნებას ყოველთვის შეძლებთ.

იყავით სწრაფი და მოქნილი. არავითარი შტატივი. ნუ დაიმძიმებთ თავს მძიმე კამერებითა და აღჭურვილობით.

ტანსაცმელი

ჩაიცვით ნეიტრალური ტანსაცმელი, რომელიც არ ყვირის „მომიტინგე“. მოერიდეთ შავის ჩაცმას.

ჩაიცვით თასმებიანი ყელიანი ფეხსაცმელი, რომლითაც სირბილს შეძლებთ. ისინი უკეთესად დაგიცავთ, ვიდრე სარბენი ფეხსაცმელი და იმ შემთხვევაშიც დაიცავს თქვენს ფეხებს, თუ თქვენს გვერდით მიწაზე მაშხალა დაეცემა.

ნუ შეიკრავთ თმას კუდად (კიკინად), ნუ გაიკეთებთ შარფებს, გრძელ სამკაულებს ან სხვა რამეს, რისი მოქაჩვაც შესაძლებელია. სათვალეებისთვის წაიკარით თასმა თავზე.

ატარეთ ჩაფხუტი და თუ ეს შესაძლებელია, რეზინის ტყვიის ამსხლეტი ქურთუკი. პოლიცია ისვრის განურჩევლად, აქციის მონაწილეები კი ცუდად უმიზნებენ ქვებს, წყლის ბოთლებსა და მაშხალებს. 

გაიკეთეთ თვალების დამცავი რაიმე საშუალება. ბალისტიკური სათვალე ყველაზე ეფექტურია. 

ატარეთ ერთჯერადი საწვიმარი, ხელთათმანები და ნიღაბი, რომლებიც შეგიძლიათ გადაყაროთ ცრემლსადენი გაზის ან წიწაკის სპრეის მოხვედრის შემთხვევაში.

აირწინაღები და დამცავი ნიღბები უზრუნველყოფს კარგ დაცვას, მაგრამ ბევრ ადამიანში კლაუსტროფობიას იწვევს და მათში მუშაობაც ჭირს.

პოლიციის აკუსტიკური იარაღისგან თავდაცვისათვის ატარეთ სროლის ხმის ჩამხშობი ყურსაცვამები. ჩვეულებრივი ხმაურისგან დამცავი ყურსაცვამები არ გამოგადგებათ. 

ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი

თან იქონიეთ წყლის ბოთლი ან ფიზიოლოგიური ხსნარი ცრემლსადენი გაზისგან და წიწაკის სპრეისგან თვალის გამოსაწმენდად. მტკივნეულია, მაგრამ ჩამობანის ერთადერთი გზაა. არ გამოიყენოთ რძე, რადგან მჟავას შეიცავს. წიწაკის სპრეით დაზიანებული კანისთვის (არა თვალებისთვის) აიღეთ ნახევრად წყლით და ნახევრად მაგნიუმის ჰიდროქსიდით შევსებული ბოთლი და შეისხურეთ დამწვარ ადგილზე. 

კანზე არ უნდა გქონდეთ წასმული ვაზელინი, სახის კრემი, მაკიაჟი ან თუნდაც მზისგან დამცავი ლოსიონი, რადგან ცრემლსადენი გაზი ან წიწაკის სპრეი მას შეიძლება მიემაგროს. ასევე, ნუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს.

თან იქონიეთ ზედმეტი სახის ნიღბები. შეიძლება დაგჭირდეთ ბევრი ნიღაბი, თუ ერთი დაიხევა ან დაიფარება წიწაკის სპრეით ან ცრემლსადენი გაზით. ასევე, უამრავი ადამიანი ახველებს, როდესაც პოლიციელები გაზს უშვებენ. ასე რომ, ასეთ შემთხვევაშიც უნიღბოდ ყოფნა არ ღირს.

აღჭურვილობა და საკვები

სრულად დატენეთ თქვენი ტელეფონი თავშეყრის ადგილზე მისვლამდე. ჩამორთმევის გათვალისწინებით ატარეთ დამატებითი ტელეფონი. ყოველთვის გქონდეთ სარეზერვო ბატარეები.

ზურგჩანთაზე უკეთესია ჯვარედინად გადაკიდებული ჩანთა – უფრო ერგონომიულია, ჩანთის ყველა ჯიბე მისაწვდომია სხეულის წინა მხარეს და უკნიდანაც ვერ მოქაჩავენ.

თან იქონიეთ წყალი, ენერგეტიკული ბატონი (energy bars) და ტუალეტის ქაღალდი. შეიძლება მთელი დღე (ან ღამე) გარეთ დარჩეთ.

მტრულად განწყობილი სამართალდამცავები

ნუ შეეკამათებით პოლიციელს. თუ გეტყვიან, გაეცალეთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, დაიმახსოვრეთ მათი სამკერდე ნომერი. პოლიციასთან დაპირისპირებამ ან დაკავებებისთვის ხელის შეშლამ შეიძლება თქვენი დაკავება გამოიწვიოს.

აიღეთ „უსაფრთხო გადაადგილების“ საშვი კომენდანტის საათის დროს გასასვლელად და ამობეჭდეთ ბევრ ეგზემპლარად სხვადასხვა ჯიბეში ან/და ჩანთაში შესანახად.

რედაქტორებმა პოლიციის შტაბთან უნდა გაარკვიონ, საჭიროა თუ არა მკაფიო მარკირება ჟურნალისტებისთვის, რათა ისინი გარანტირებულად არ აღმოჩნდნენ პოლიციელის სამიზნე. საჭიროა გქონდეთ პოლიციის უფროსის მობილური ტელეფონის ნომერი, რასაც დაკავების შემთხვევაში ეტყვით პოლიციელებს. 

ციფრული უსაფრთხოება

თან იქონიეთ სათადარიგო ტელეფონი იმ შემთხვევისთვის თუ თქვენს მობილურს ჩამოგართმევენ ან დაკარგავთ. ყოველი შემთხვევისთვის შექმენით საჭირო მონაცემების სარეზერვო ასლები. რეპორტაჟის გაკეთებამდე დარწმუნდით, რომ ორივე ტელეფონი სრულად დატენილია.

გამოიყენეთ დაშიფვრა, ორ-ეტაპიანი ვერიფიკაცია და ძნელად გასატეხი პაროლები.

წაშალეთ პირადი ინფორმაცია სოციალური მედიის პოსტებიდან.

წყაროებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენეთ აპლიკაცია Signal დაშიფრული შეტყობინებებით.

და ბოლოს, ენდეთ თქვენს ინტუიციას. თუ არ მოგინდებათ იქ ყოფნა, წადით.

პროექტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა მედიის წარმომადგენლებისთვის“ სახელით, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტის სახელობის ცენტრს (Dart Center for Journalism and Trauma) მოცემული მასალის თარგმნის ნებართვისთვის. 

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. ამ მასალის შინაარსი ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

ფსიქიკური ჯამრთელობის შესახებ

ფსიქიკური
ჯამრთელობა

სტრესი

ემოციები და
მათი მართვა

პოზიტიური
მშობლობა

ფსიქოაქტიური
ნივთიერებები

პრობლემური
გემბლინგი

სარელაქციო
ვარჯიშები

კოვიდ-19