‘არ არსებობს ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე’
დოქტორი ბროკ ქიშოლმი, ექიმი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველი დირექტორი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის მიხედვით, „ჯანმრთელობა ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური სრული კეთილდღეობის მდგომარეობაა, და არა მხოლოდ ავადმყოფობის არ არსებობა“. ხსენებული დეფინიციის პირთველი იდეა გვეუბნება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა მეტია, ვიდრე ფსიქიკური აშლილობებისგან თავისუფლება: ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩვენი კეთილდღეობის განუყოფელი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ადამიანს შესაძლებლობების რეალიზების, ყოველდღიურ სტრესთან გამკლავებისა და პროდუქტიული ცხოვრებით ტკბობის საშუალებას გვაძლევს.
ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ყოველდღიურ სტრესულ სიტუაციასთან გამკლავება, ნაყოფიერი მუშაობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წვლილის შეტანა. ფსიქიკური ჯანმრთელობა ასახავს ადამიანის ემოციურ და შემეცნებით პროცესებს, რაც გავლენას ახდენს მის ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე.
ფსიქიკური ჯანმრთელობა განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს
ფსიქიკური ჯანმრთელობა განსაზღვრავს როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს, გარშემომყოფებს და მიმდინარე მოვლენებს.
ფსიქიკური ჯანმრთელობა გავლენას ახდენს, ურთიერთობებზე, მუშაობაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზებაზე − როგორ ვაკეთებთ არჩევანს, როგორ ვაბალანსებთ საკუთარ და სხვის ინტერესებს, მუშაობას, დასვენებასა და გართობას.
ინდივიდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე არაერთი სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორი ახდენს უარყოფით გავლენას, როგორიცაა სოციო-ეკონომიკურ საკითხებთან და სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი, დისკრიმინაცია, ძალადობა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და მრავალი სხვა. გლობალურ სურათს თუ შევხედავთ, ნებისმიერ წუთში, ექვსიდან ერთი ადამიანი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემას აწყდება (McManus et al., 2009). ეს სირთულეები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის შრომისუნარიანობაზე, სოციალურ ურთიერთობებზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც კი.
რიტუალები ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად
სასიხარულო ამბავი ისაა, რომ ამ ფაქტორების უარყოფითი გავლენის შემცირებისთვის და ზემოქმედების პრევენციისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი; როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ვუთმობთ დროს, ენერგიას და სხვა რესურსებს (ექმთან ვიზიტი, ჰიგიენის ნორმების დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის ელემენტების გათვალისწინება ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორიცაა ფიზიკური აქტივობა და ვიტამინებით/მინერალებით მდიდარი საკვების მიღება), ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ შეგვიძლია დავნერგოთ პატარ-პატარა რიტუალები, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში დაგვეხმარება:
- აუცილებლად გამოყავით დრო დასვენებისთვის; საყვარელი და მნიშვნელოვანი საქმეც კი ზოგჯერ გვერდზე უნდა გადავდოთ;
- გამოყავით დღეში რამდენიმე წუთი აქ და ახლა ყოფნისთვის; ამ დროს შეგიძლიათ დაკავდეთ სუნთქვითი სავარჯიშოებით, ან, უბრალოდ, მთელი გულისყურით, ბოლომდე ისიამოვნოთ დილის ყავით;
- ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას სასიკეთო გავლენა აქვს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე: ვარჯიში, ჯანსაღი საკვები და ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფსიქიკისთვისაც;
- ყურადღება მიაქციეთ მოხმარებული ფსიქოაქტიური საშუალებების რაოდენობას; ჩაი და ყავაც კი, გადაჭარებებული რაოდენობებით, ზიანის მომტანია თქვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის;
- იყავით აქტიური. სოციალური კავშირებისა და საყვარელი საქმიანობის ქონა მნიშვნელოვანია თქვენი კეთილდღეობისთვის;
- ესაუბრეთ თქვენს ემოციებზე სანდო ადამიანებს, ჰკითხეთ ახლობლებს, როგორ გრძნობენ თავს და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ სპეციალისტს.
წყაროები:
https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/mental-health-strengthening-our-response
a fact sheet
No Health Without Mental Health: a guide for Overview and Scrutiny Committees
https://www.mentalhealth.org.uk/sites/default/files/Mental_Health_Strategic_Partnership_1OSC.pdf
McManus S,, Meltzer H,, Brugha, T,, Bebbington, P. and Jenkins, R., (2009) Adult psychiatric morbidity in England, 2007: Results of a household survey. The Health and Social Care Information Centre, Social Care Statistics