დათრგუნული გუნება-განწყობა და დეპრესია
ცხოვრების მანძილზე ვაწყდებით მოვლენებს, რომელიც ჩვენს განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს, ცუდ ხასიათზე გვაყენებს. კონფლიქტი საყვარელ ადამიანთან თუ საქმიან პარტნიორთან, ოჯახის წევრის ავადმყოფობა, საყვარელი შინაური ცხოველის გარდაცვალება და სხვა მსგავსი მოვლენები. ისეც ხდება, რომ ცუდ ხასიათზე ყოფნის ან დათრგუნული განწყობის ხელშესახები მიზეზი თითქოს არც გვაქვს და ჩვენს ამ მდგომარეობაზე ზოგადი დაღლილობა თუ საყვარელი სეზონის დასრულებაც კი შეიძლება მოქმედებდეს.
კონკრეტულ შემთხვევებში სევდა და ცუდ ხასიათზე ყოფნა ნორმალური და ბუნებრივიც კია. როგორც ყველა სხვა ემოცია, დათრგუნული განწყობაც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის მიმდინარე მოვლენების და ჩვენი თავის შესახებ. უმეტეს შემთხვევებში, ეს განწყობა ხანმოკლეა და გამომწვევ მიზეზთან ერთად ქრება.
დეპრესიისთვის დამახასიათებელი ნიშნები
თუკი დათრგუნული გუნებ-განწყობის მდგომარეობა გრძელდება 2 კვირაზე მეტ ხანს და იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს ხელს უშლის ყოველდღური საქმიანობებისა და სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებაში, შესაძლოა, საქმე დეპრესიასთან გვქონდეს:
ამ დროს ადამიანი კარგავს ინტერესს საქმიანობების მიმართ, რომელიც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა;
აქვს მუდმივი დაღლილობის და ენერგიის ნაკლებობის შეგრძნებები, ან, პირიქით, შესამჩნევად მოუსვენრადაა;
აქვს ძილთან დაკავშირებული სირთულეები, უჭირს ჩაძინება, ან აწუხებს ძილიანობა დღის მანძილზე;
შესამჩნევად დაკარგული ან მომატებული აქვს მადა;
აქვს შემაწუხებელი აზრები საკუთარი არარაობის, წარუმატებლობის შესახებ;
უჭირს კონცენტრაცია;
შეიძლება ჰქონდეს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები.
დეპრესიული აშლილობისთვის დამახასიათებელია საკუთარი თავის, სამყაროსა და მომავლის მიმართ უარყოფითი რწმენები. ადამიანს მიაჩნია, რომ არავის უყვარს, რომ უღირსია, რომ მომავალი არაფერ სასიკეთოს არ უქადით. ეს აზრები ხშირად ხდება იზოლაციის და ბევრ სასიამოვნო აქტივობებზე უარის თქმის მიზეზი რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო აუარესებს განწყობას. იქმნება მანკიერი წრე − დათრგუნული გუნება განწყობა გავლენას ახდენს აქტიურობაზე, აქტიურობის დაქვეითება ნიშნავს ნაკლები სასიამოვნო ქცევის განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო აფუჭებს განწყობას.
ცხოვრება დეპრესიით
დეპრესია უბრალო უხასიათობისგან მხოლოდ ხანგრძლივობით და ინტენსივობით არ განსხვავდება, მათი ბუნება ფენომენოლოგიურად განსხვავებულია. ადამიანი შეიძლება დიდი ხნის მანძილზე იტანჯებოდეს დეპრესიით, მაგრამ ეს მდგომარეობა მისი ხასიათის თვისებად იყოს აღქმული, რადგან ის ასე თუ ისე ახერხებს ფუნქციონირებას და ჩართულია სამსახურეობრივ თუ სოციალურ სხვა ურთიერთობებში. დეპრესიის მსუბუქი ფორმები შესაძლოა ვლინდებოდეს ხშირი სევდიანობით, მოტივაციისა და ინიციატივის ნაკლებობით, ძილთან დაკავშირებული სირთულეებით, ენერგიის ნაკლებობით, დაბალი თვითშეფასებითა და უიმედობით. ამ დროს ადამიანი შესაძლოა თავს არიდებდეს გამოწვევების შემცველ სიტუაციებს, ვერ იღებდეს სიამოვნებას გავრცელებული სახალისო აქტივობებით.
მძიმე დეპრესიის დროს ადამიანები ხშირად დღეებს ატარებენ საწოლში, ვერ ახერხებენ ჰიგიენის ნორმების დაცვას და იმ მოვალეობების შესრულებას, რაც აქამდე ევალებოდათ. დეპრესია უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ ჯანმრთელობასა და იმუნიტეტზეც. უმეტეს შემთხვევებში მათ ახლობლების ან მზრუნველების მხარდაჭერა დასჭირდებათ იმისთვის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს მიმართონ და შესაბამისი დახმარება მიიღონ. ფსიქიატრის მიერ სწორად შერჩეული დანიშნულებისა და ფსიქოთერაპიის კომბინაცია ყველაზე კარგად შესწავლილი და კვლევებით დადასტურებული ეფექტური ჩარევაა მსგავსი მდგომარეობის დროს.
სპეციალისტებთან ერთად ადამიანი სწავლობს საკუთარ აზრებზე, ემოციებზე დაკვირვებას, იმ აზრების აღმოჩენას და შეცვლას, რომელიც მას ადაპტაციაში ხელს უშლის. ადამიანს შეიძლება დავალებად მიეცეს, შეადგინოს კვირის დღეების დეტალური განრიგი და დღეში მინიმუმ სამი ან ოთხი სასიამოვნო აქტივობა მაინც შეასრულოს, იმის მიუხედავად „იქნება თუ არა ამის ხასიათზე“; ეს აქტივობები არ არის აუცილებელი დიდ რესურსს მოითხოვდეს და შეიძლება უბრალოდ სასიამოვნო ხედით ტკბობას ან ფეხით სეირნობას გულისხმობდეს. თერაპიის პროცესში ადამიანი ნაბიჯ-ნაბიჯ უბრუნდება სხვადასხვა აქტივობებს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს.