
როგორ წარვმართოთ ონლაინ ინტერვიუ სენსიტიურ საკითხებზე
(იმ რესპონდენტთან ციფრული ინტერვიუს მაგალითზე, ვისაც ოჯახის წევრი კორონავირუსით გარდაეცვალა)
ჯო ჰილი
ჯო ჰილი არის ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის (BBC-„ბიბისი“) ახალი ამბების ღვაწლმოსილი ჟურნალისტი. მან შეიმუშავა და ატარებს ტრავმის გაშუქების ტრენინგს „ბიბისის“ აკადემიაში. ის ავტორია სახელმძღვანელოსი „ტრავმის გაშუქება. მგრძნობიარე ამბების გაშუქების გზამკვლევი ჟურნალისტისთვის“. ჯო არის ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტ ცენტრის ასოცირებული ტრენერი.
მგლოვიარე ადამიანებთან მუშაობა ყოველთვის ფაქიზ მიდგომას საჭიროებს, მაგრამ არსებობს სხვა, დამატებითი მოსაზრებები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ იმ ადამიანების დისტანციურად ინტერვიუირებისას, ვინც ახლობელი კორონავირუსის პანდემიის დროს დაკარგა.
- თქვენი რესპონდენტი შესაძლოა გლოვობდეს იზოლაციის ან ნახევრად იზოლაციის პირობებში – მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანაგრძნობის გამომხატველი ჩახუტების, ყვავილების, ღია ბარათების, მათთან ერთად მირთმეული ფინჯანი ჩაის გარეშე.
- მოსალოდნელია, რომ თქვენი რესპონდენტის საყვარელი ადამიანი ასევე მარტო იყო გარდაცვალების ჟამს, ასე რომ, თქვენს რესპონდენტს შეიძლება ბრალეულობის, სირცხვილის, ბრაზის, იმედგაცრუების, რწმენის დაკარგვის, ტკივილისა და/ან უსამართლობის განცდები აწუხებდეს.
- დაკრძალვაზე შეიძლება ცოტა ხალხი მოვიდეს, დასაგეგმად რთული იყოს და შემზღუდავი წესები მოქმედებდეს; ეს ამძაფრებს დანაშაულისა და ფრუსტრაციის განცდებს. გარდაცვალებასთან დაკავშირებული ჩვეული რიტუალები და დამკვიდრებული სტრუქტურა მოშლილია.
- თქვენი თანამოსაუბრე მოცულია იმ ვირუსის შესახებ ინფორმაციითა და სპეკულაციებით, რომელმაც საყვარელი ადამიანი წაართვა.
- სიკვდილის შემთხვევები შეიძლება განიხილებოდეს როგორც უბრალო სტატისტიკური მონაცემი – ეს მტკივნეული იქნება. ადამიანებმა დაკარგეს თავისი პარტნიორი, მეგობარი ან ნათესავი, და არა სტატისტიკური მონაცემი.
- ადამიანი შეიძლება მოიცვას შიშისა და შფოთვის განცდებმა, რომ თვითონ ან მათი ოჯახის რომელიმე წევრი ასევე შეიძლება გარდაიცვალოს; განცდამ, რომ არავინაა უსაფრთხოდ, ან დანაშაულის გრძნობამაც კი, რომ მას შეიძლება დაეინფიცირებინა საყვარელი ადამიანი.
მხედველობაში იქონიეთ განხილული საკითხები და ეცადეთ მოცემული რჩევების გათვალისწინებას ინტერვიუს დისტანციურად წარმართვისას. ამ დროს, ჩვეული ხერხით ვიდეოგადაღების ან ინტერვიუსგან განსხვავებით, თქვენ ფიზიკურად არ იმყოფებით რესპონდენტთან ერთად – რაც პროცესის შემსუბუქების საშუალებას მოგცემდათ; ამიტომ, დისტანციური ინტერვიუს შემთხვევაში მათ დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ ინტერვიუმდე, ინტერვიუს მიმდინარეობისას და დასრულების შემდგომ. გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები:
ინტერვიუს დაწყებამდე
- თქვენი მომავალი რესპონდენტი, შესაძლოა, საავადმყოფოს ზარებს დაფარული ნომრიდან იღებდა. ამიტომ, მოერიდეთ მასთან სამსახურის ფიქსირებული ტელეფონიდან დარეკვას – უმჯობესია, თქვენი მობილური გამოიყენოთ.
- აღიარეთ მათი მწუხარების ლეგიტიმურობა. გულწრფელი წუხილის გამოხატვა მომხდართან დაკავშირებით ღირსეული ადამიანის საქციელია.
- იყავით მზად. ნათლად და გულწრფელად ჩამოაყალიბეთ, რისი გაკეთება გსურთ, რა კითხვები შეიძლება დაუსვათ და მოუსმინეთ მათ მოსაზრებებს. მნიშვნელოვანია, მთელ ამ პროცესში ადამიანს ჰქონდეს განცდა, რომ თავად აკონტროლებს სიტუაციას.
- ყურადღებით გადაამოწმეთ ფაქტები. უზუსტობა დისტრესს გამოიწვევს.
- დაამყარეთ რაპორტი, დაეხმარეთ რესპონდენტს მარტო ყოფნის შეგრძნების გადალახვაში, მაგრამ მოერიდეთ თქვენი მოსაზრებების გაზიარებას ვირუსის თაობაზე. ინტერვიუ რესპონდენტის ამბავზეა, და არა თქვენზე.
- ტრავმას ადამიანებზე ბევრი სხვადასხვა სახის გავლენა შეიძლება ჰქონდეს. მოერიდეთ დასკვნების გაკეთებას, თუ როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს თქვენს რესპონდენტს.
ტექნიკასთან მუშაობა
- ადამიანები მეტ-ნაკლებად ერკვევიან ტექნიკაში. აუცილებლობის შემთხვევაში, მოთმინებით განიხილეთ რესპონდენტთან მთელი ტექნიკური პროცესი, სანამ ინტერვიუს ჩასაწერად დისტანციურად დაუკავშირდებით.
- ამ ეტაპზე, შეიძლება ღირდეს ბაზისური მინიშნებების მიცემა, მაგალითად, ასეთი რჩევა – ვიდეო ინტერვიუსთვის არ დასხდნენ ფანჯრის წინ. ზრდილობიანად გადაჭერით მსგავსი საკითხები. სჯობს თადარიგი წინასწარ დაიჭიროთ, ვიდრე უკვე ჩართული კამერის წინ სთხოვოთ რესპონდენტს ოთახში ადგილის შეცვლა.
- თუკი ტექნიკის სპეციალისტები გეხმარებიან დაკავშირებაში, შეატყობინეთ მათ, რომ ინტერვიუს მონაწილესთან ურთიერთობაში მგრძნობიარობა გამოიჩინონ. ეცადეთ ინტერვიუ მშვიდ ადგილას წარმართოთ.
- სასურველია გამოიყენოთ სისტემა, რომლის დახმარებითაც რესპონდენტი არა მხოლოდ კითხვების მოსმენას შეძლებს, არამედ თქვენს დანახვასაც. გამოიყენეთ სხეულის ემპათიური ენა: თვალებით კონტაქტი, თავის დაკვრა, ყურადღებით მოსმენა. მიეცით მათ დრო, ნუ ააჩქარებთ.
- შეამოწმეთ გამოსახულების ფონი – დარწმუნდით, რომ იქ არაფერია ისეთი, რაც მათ თავს უხერხულად აგრძნობინებს ან ყურადღების გაფანტვის მიზეზი გახდება.
ინტერვიუს დროს
- დარწმუნდით, რომ რესპონდენტი კომფორტულად გრძნობს თავს. გამოიყენეთ მოკლე, მარტივი, ღია კითხვები.
- გახსოვდეთ, თქვენ ინტერვიუს იმისთვის არ ატარებთ, რომ ადამიანს პასუხისმგებლობა დააკისროთ, არამედ, მათი ამბის მოსასმენად. ფრთხილად მოეკიდეთ რთული „რატომ“ კითხვების დასმას.
- თავი აარიდეთ ემოციური რეაგირების გამომწვევ და შოკისმომგვრელ კითხვებს, როგორიცაა „როგორ გრძნობთ თავს?“ თქვენ არ ხართ მათ გვერდით, რომ გაუმკლავდეთ შესაძლო უარყოფით ემოციურ შედეგებს.
- მოერიდეთ ფრაზას „ვიცი, რასაც გრძნობთ“. თქვენ არ იცით. მსგავსი ნათქვამი შეიძლება გულგრილად გაისმოდეს შორიდან.
- ტრავმა შეიძლება იყოს გამომფიტავი და უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის აზრებზე, გახსენების უნარსა და კონცენტრაციაზე. ანგარიში გაუწიეთ ადამიანის ასეთ მდგომარეობას.
- მიუხედავად დისტანციური კომუნიკაციისა, მათ უნდა იცოდნენ, რომ თქვენ ყურადღებიანი, გულისხმიერი, მგრძნობიარე და ზრდილობიანი ადამიანი ხართ.
- ინტერვიუ იმგვარად დაგეგმეთ, რომ რესპონდენტთან დამშვიდობებამდე გქონდეთ დრო შემაშფოთებელი მოგონებებიდან უკან, აწმყოში დასაბრუნებლად.
- თუ რესპონდენტი ემოციების მართვას ვეღარ შეძლებს, მიეცით სივრცე და სიტუაციის კონტროლის საშუალება. დარწმუნდით, რომ ის მარტო არ არის, ან რომ შეუძლია, ვინმეს დაურეკოს.
ინტერვიუს დასრულება
- მართეთ მოლოდინები. რესპონდენტმა უნდა იცოდეს, როგორ ვაპირებთ მოცემული ინტერვიუს გამოყენებას, რა დოზით, ვინმე სხვაც თუ იქნება სიუჟეტში, ან ვიდეო და ფოტო მასალა კიდევ სად შეიძლება გამოქვეყნდეს.
- მადლობა გადაუხადეთ თქვენს რესპონდენტს და ნუ იჩქარებთ შეხვედრის დასრულებას, რათა თავი აარიდოთ უეცარი „გათიშვის“ შეგრძნებას. გამოიჩინეთ მზრუნველობა, არ გაგეფანტოთ ყურადღება, ნუ მოიქცევით უდიერად.
- დისტანციური ინტერვიუს შემდეგ რესპონდენტებმა შეიძლება თავი მოწყვლადად, დაბნეულად, იზოლირებულად იგრძნონ. დაუკავშირდით და დაამშვიდეთ. ასევე, დაუკავშირდით მათ თქვენი მასალის გამოქვეყნების შემდეგ და მიეცით საშუალება, დაგელაპარაკონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, კარანტინის პირობებში.
მიმდინარე პერიოდი ჟურნალისტებისთვისაც მძიმეა. თქვენც განიცდით ტრავმის ზემოქმედებას და თქვენც შეიძლება იზოლაციაში იყოთ. ინტერვიუს შემდეგ მალევე გაესაუბრეთ ვინმეს, ვისაც ენდობით და პატივს სცემთ. გაუფრთხილდით თქვენს რესპონდენტს, მიხედეთ საკუთარ თავს და იზრუნეთ ერთმანეთზე.
პროექტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა მედიის წარმომადგენლებისთვის“ სახელით, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტის სახელობის ცენტრს (Dart Center for Journalism and Trauma) მოცემული მასალის თარგმნის ნებართვისთვის.
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. ამ მასალის შინაარსი ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.